Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”პარიზის კლუბმა” საქართველოს დეფოლტი თავიდან ააცილა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას ”პარიზის კლუბმა“ საქართველოს საგარეო ვალების რესტრუქტურიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.





ვალების რესტრუქტურიზაციაზე მოლაპარაკება ჩვენს კრედიტორ სახელმწიფოებთან მიმდინარეობდა. საბოლოოდ, რესტრუქტურიზაცია შეეხო 2003-2006 წლებში გადასახდელ თანხებს, რომელთა საერთო ოდენობა, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაახლოებით, 196 683 452 აშშ დოლარს შეადგენს. თანხასთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემია დაფიქსირებული ”პარიზის კლუბის” ოფიციალურ ვებგვერდზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს, დაახლოებით, 160 მლნ. აშშ დოლარის გადახდა გადაუვადდა.

ის, რომ კრედიტორები ვალების რესტრუქტურიზაციაზე დაგვთანხმდებობდნენ, უკვე წინასწარ იყო ცნობილი და ხელისუფლება მევალეებთან მოლაპარაკების შედეგად რაიმე სიურპრიზს ნამდვილად არ ელოდა. ვალების რესტრუქტურიზაციაში დარწმუნებული იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩვენ ყველანი ველოდით, რომ ეს ასე იქნებიდა, თუმცა ეს ასე თავისით არ მოსულა და ამას სერიოზული ნაბიჯები და რეფორმები სჭირდებოდა. მე მოხარული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, რაც საშუალებას მოგვცემს ვალების ან პროცენტების დასაფარად საჭირო თანხების აკუმულირება მოვახდინოთ და უფრო სწრაფი ტემპით განვახორციელოთ რეფორმები.”

მართალია, უსიამოვნო სიურპრიზის მოლოდინი ”პარიზის კლუბში“ ნაკლებად გვქონდა, ვალების რესტრუქტურიზაციის საბოლოო დოკუმენტის მიღებამდე რუსეთის მხრიდან გართულებების შიში მაინც არსებობდა, მით უმეტეს, სამაჩაბლოში მიმდინარე მოვლენების გამო დაძაბული ურთიერთობის ფონზე. რუსეთი თავისი ბერკეტების გამოყენებას არასდროს ერიდებოდა და ვალის თემაც არაერთხელ გაუთამაშებია თავისთვის სასურველ კონტექსტში. ასე იყო 2001 წელს, როდესაც საქართველომ პირველად მოახდინა ”პარიზის კლუბში” 242 მლნ. აშშ დოლარის ვალის რესტრუქტურიზაცია და ამის გამო რუსეთს ე.წ. ნულოვან ვარიანტზე დასთანხმდა, ანუ დასთანხმდა იმაზე, რომ უარი ეთქვა ყოფილი საბჭოთა კავშირის უცხოურ აქტივებზე; იგივე ისტორია განმეორდა წელსაც, როდესაც საქართველოს მთავრობამ, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეჩერებული პროგრამის აღდგენის საფასურად, ასევე უარი თქვა ”ვნეშეკონომბანკში” საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების აქტივებზე. როგორც ”ნულოვანი ვარიანტის”, ასევე ”ვნეშეკონომბანკის” შემთხვევაში მთავრობას კომპრომისი გამოუვალ აუცილებლობად მიაჩნდა. მართლაც, რომ არა სავალუტო ფონდის პროგრამული დაფინანსების განახლება და, შესაბამისად, ”პარიზის კლუბში” მისი მხარდაჭერა, საქართველო რეალური დეფოლტის წინაშე იდგა. ჩვენ ისედაც 2003 წლიდან ვერ ვიხდიდით ვალის ძირითად ნაწილს; ამ პერიოდში ქვეყანას 52 მლნ. დოლარამდე თანხა დაუგროვდა გადასახდელად, რაც მწირი ბიუჯეტის პირობებში, ფაქტობრივად, არარეალური გახლავთ. ექსპერტი ნიკო ორველაშვილი ფიქრობს, რომ გასულ კვირას კრედიტორებთან მიღწეულ შეთანხმებას ალტერნატივა, უბრალოდ, არ გააჩნდა:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] ”არჩევანი არ არსებობდა, უბრალოდ. ყველაფერი უნდა გაეკეთებინა მთავრობას, რომ მიეღწია ამ კონკრეტულ მონაკვეთში გადავადებისათვის და რაც გაკეთდა, ვფიქრობ, უალტერნატივო იყო.”

ისევე როგორც 2001 წელს, ამჯერადაც ”პარიზის კლუბში” რესტრუქტურიზაცია ე.წ. გაუმჯობესებული ჰიუსტონის პირობებით განხორციელდა.

ფინანსთა მინისტრი ფიქრობს, რომ რესტრუქტურიზაციის ეს ვარიანტი ამ ეტაპზე ოპტიმალურია:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”ნაწილი აქამდე დაგროვებული დავალიანებისა გადაიხდება იმ გრაფიკით, როგორც უნდა ყოფილიყო გადახდილი პროცენტები და, შესაბამისად, პროცენტები იქნება გადავადებული. პრაქტიკულად ჩვენ მივიღეთ ის პირობები, რომელიც გვჭირდებოდა: შენარჩუნებულია პროცენტის ის პირობები, ან უკეთესი პირობებია, რომელიც ჩვენ მანამდეც გვქონდა. ეს არის ზოგიერთ შემთხვევაში - 4, ხოლო უმეტეს შემთხვევაში - 3 წლიური პროცენტი და ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამონაკლისია, რომელიც ”პარიზის კლუბში” ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოსთვის არსებობს.” (სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრის ცნობით, საქართველოს კრედიტორი ქვეყნები მზად არიან, აუცილებლობის შემთხვევაში, 2007 წლიდან საქართველოს საგარეო ვალების ძირითადი ნაწილის გადავადებაზე კიდევ იმსჯელონ.


ვალების გადავადების ე.წ. ”ჰიუსტონის პირობები“ გულისხმობს 2004-2006 წწ. გადასახდელი თანხების 20 წლით რესტრუქტურიზებას. მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი იქნება.

საბოლოოდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერის წყალობით, ვალების რესტრუქტურიზაცია მოვახერხეთ, რაც საშუალებას აძლევს მთავრობას საგარეო ვალდებულებების გასასტუმრებლად განკუთვნილი თანხები შიდა პროგრამებს მოახმაროს.

გასული კვირის ბოლოს თბილისში ”პარიზის კლუბში” საქართველოს პარტნიორი ორგანიზაციის – საერთაშორისო სავალუტო ფონდის - რეგულარულმა მისიამ დაიწყო ორკვირიანი ვიზიტი. ამ საფინანსო ინსტიტუტთან აღდგენილი პროგრამის შემდეგ მისია წელს თბილისს პირველად ეწვია და მისი მიზანი პროგრამის მიმდინარეობის მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების დატოვება იქნება. მისიის ხელმძღვანელი პაოლო ნოიჰაუზი თავის სამუშაო შეხვედრებს, ტრადიციულად, ეროვნული ბანკიდან და ფინანსთა სამინისტროდან იწყებს. ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ირაკლი მანაგაძე აცხადებს, რომ წინა რეკომენდაციები პრაქტიკულად შესრულებულია და ამ მხრივ პრობლემები ნაკლებად იქნება მოსალოდნელი.

[ირაკლი მანაგაძის ხმა] ”რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ის რეკომენდაციები, რომელიც იქნა გაწერილი და ის ვალდებულებები, რომლებიც აღებული ჰქონდა ქვეყანას, რათა აღდგენილიყო სავალუტო ფონდის პროგრამა, ეს რეკომენდაციები, ძირითადად, შესრულებულია ამ პერიოდისათვის.”(სტილი დაცულია)

მისიას, ტრადიციულად, ფულად-საკრედიტო სფეროში პრეტენზიები არა აქვს, ხოლო ფონდთან ურთიერთობაში აქამდე ყველაზე პრობლემურ სფეროს, ”ფისკალურ პოლიტიკას”, ბოლო თვეების განმავლობაში აშკარა პროგრესი დაეტყო – გამკაცრდა საგადასახადო ადმინისტრირება და მთავრობა საბიუჯეტო დავალიანებებს აღარ აგროვებს. შესაბამისად, ამ მიმართულებითაც ხელისუფლება გულდამშვიდებულია. სამაგიეროდ, მძიმე მოლაპარაკებაა მოსალოდნელი ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით, რომლის მიმართ არათუ საერთაშორისო საფინანსო ისნტიტუტებს, თავად აღმასრულებელი ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებსა და ქართველ ექსპერტებსაც სერიოზული პრეტენზიები აქვთ. ფონდი, ტრადიციულად, სკეპტიკურად არის განწყობილი საგადასახადო განაკვეთების რადიკალური შემცირების მიმართ და, შესაბამისად, მთავრობას სერიოზული არგუმენტების მოშველიება მოუწევს ჯერ არარსებული საგადასახადო კოდექსის დასაცავად.
XS
SM
MD
LG