Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაიზრდება თუ არა სასკოლო სახელმძღვანელოთა ფასები?


დავით პაიჭაძე, თბილისი მართალია, 5 აგვისტოს გაცხადდა, რომ სწავლის დაწყებამდე ქვეყანაში თვე-ნახევარი რჩება, მაგრამ ამთავითვე წამოიჭრა სასკოლო სახელმძღვანელოთა ფასების საკითხი.

როგორც ცნობილია, სასკოლო დისციპლინებში სახელმძღვანელოთა რიცხვი იზრდება, რადგან განათლების სამინისტრომ სკოლებს უფლება მისცა, გამოიყენონ ყველა სახელმძღვანელო, რომელიც 1998 წლის შემდეგ საკონკურსოდ იყო წარდგენილი - გამარჯვებულიც და დამარცხებულიც. კონკურენციის გაზრდამ ფასი თითქოს უნდა შეამციროს, მაგრამ აქ სხვა ფაქტორი იწყებს მოქმედებას: ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. ასწევს თუ არა ახალი საგადასახადო კოდექსი სასკოლო წიგნების ფასს?

[კახა ლომაიას ხმა] “მე ფასების ზრდას არ ველოდები. სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ჩვენ გამოვაცხადეთ ახალი მიდგომა. ეს არის გამომცემლების, ჩვენი, ფინანსთა სამინისტროსა და პარლამენტის ერთიანი მიდგომა. ითქვა, რომ ფასი არ უნდა გაიზარდოს. ერთადერთი, რამაც შეიძლება ფასი გაზარდოს, არის ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტის დებულებები. ის, სამწუხაროდ, არ ითვალისწინებს შეღავათებს წიგნის საგამომცემლო საქმიანობისთვის. ჩვენ სერიოზული კონსულტაციები გვაქვს გამომცემლებთან. ვაპირებთ, მთავრობაში წამოვჭრათ ეს საკითხი - ვგულისხმობ ეკონომიკის, ფინანსთა და კულტურის მინისტრებს. ინიციატივა გულისხმობს წიგნის დაბეგვრას ნულოვანი დღგ-თი. ამით არათუ შევინარჩუნებთ ფასებს, არამედ, ეგებ, წიგნად პროდუქციაზე მათ შემცირებასაც მივაღწიოთ.”

ეს განგვიცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კახა ლომაიამ. მისი მტკიცებით, წიგნის ფასი არ უნდა გაიზარდოს არც არსებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მოქმედი საგადასახადო კოდექსი საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან შეთანხმებით დამტკიცებული სასწავლო სახელმძღვანელოებისა და საბავშვო ლიტერატურის მიწოდებას ათავისუფლებს დამატებული ღირებულების გადასახადისაგან.

გამომცემელ ბაკურ სულაკაურის ვარაუდით, 2004-2005 წლების სასწავლო სეზონისთვის სახელმძღვანელოთა ფასები არ შეიცვლება. ის დანამდვილებით ამბობს, რომ არ შეიცვლება მისი გამოცემული სახელმძღვანელოების ფასი. მეტიც, სახელმძღვანელო, რომელსაც სახელმწიფო შეიძენს გამომცემლისაგან, უფრო იაფი ეღირება, რადგან მყიდველსა და გამყიდველს შუამავალი არ ეყოლებათ. ამავე დროს, ამბობს ბაკურ სულაკაური, თუ ზემოთ ხსენებული შეღავათი გაუქმდა, საგამომცემლო სფერო იქნება, ალბათ, ერთადერთი, რომელსაც ახალი საგადასახადო კოდექსი დააზარალებს. ასეთ შემთხვევაში წიგნის ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზრდება.

[სულაკაურის ხმა] “ძალიან გასაგებ ენაზე რომ ვთქვა, ერთი კომპლექტის ფასი, სადღაც, 8-10 ლარით გაიზრდება, ანუ მშობელს მოუწევს თითოეული ბავშვის სახელმძღვანელოებზე 8-10 ლარით მეტი დახარჯოს.”

სულაკაურის თქმით, გამომცემლები შეხვდნენ ხელისუფლების წევრებს და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ისინი, რომ დამატებული ღირებულების ნულოვანი განაკვეთის შენარჩუნება ან ამ გადასახადის სიმბოლური ოდენობით დაწესება ჩვეულებრივი პრაქტიკაა სხვა - მათ შორის, დიდად განვითარებულ - ქვეყნებშიც. ყველგან იციან, რომ განათლების ძირითადი საშუალების - წიგნისა - და, ვთქვათ, კარტოფილის ერთნაირად დაბეგვრა არ შეიძლება, დასძენს ბაკურ სულაკაური.
XS
SM
MD
LG