Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფონდს ახალი კოდექსი არ მოსწონს, ბენდუქიძეს კი - ფონდი


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასული კვირის მთავარი ეკონომიკური თემა ახალი საგადასახადო კოდექსი და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები გახლდათ.

მთავრობამ ახალ კოდექსზე მუშაობა, ფაქტობრივად, დაასრულა და ამ დოკუმენტის განხილვის პროცესი უკვე საკანონმდებლო ხელისუფლებაში გაგრძელდება.

ახალი საგადასახადო პოლიტიკა ფისკალური ტვირთის სერიოზულ შემსუბუქებაზეა გათვლილი და, პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალურია აღმოსავლეთ ევროპაში. პრემიერი ვარაუდობს, რომ კოდექსი შემოდგომაზე უკვე მიღებული იქნება. კოდექსის მიღება, რასაც ასე ელის ქართული ბიზნესი, შეიძლება საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამოკიდებულებამ შეაფერხოს. გასულ კვირას, მაშინ, როდესაც მინისტრთა კაბინეტი პრემიერ-მინისტრთან ახალ საგადასახადო პოლიტიკას განიხილავდა, ამ საფინანსო ინსტიტუტის წერილი გახმიანდა. მთავრობისთვის მოწერილ წერილში ფონდი ხელისუფლებას საგადასახადო განაკვეთების მყისიერი შემცირებისაგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან, მისი ვარაუდით, რადიკალურმა ლიბერალიზაციამ შეიძლება არცთუ პოზიტიურად იმოქმედოს საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზების დონეზე. სავალუტო ფონდი ამგვარი კანონის მიღებას ეტაპობრივად გვირჩევს. არადა, ხელისუფლების განზრახვა საგადასახადო ტვირთის შემცირების თაობაზე იმავე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის იმთავითვე იყო ცნობილი, ასევე ცნობილია ამ ორგანიზაციის დამოკიდებულება ზოგადად საგადასახადო ლიბერალიზაციისადმი, თუმცა არც მემორანდუმსა და არც საჯარო განცხადებებში ფონდის ემისრები მაინცდამაინც რადიკალურ პროტესტს არ გამოთქვამდნენ. შესაბამისად, მათი ბოლო წერილი ბევრისათვის საკმაოდ გამაღიზიანებლად ჟღერდა.
თუ პრემიერ-მინისტრის განცხადების მიხედვით ვიმსჯელებთ, ხელისუფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ფონდთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს და წინასწარ დეკლარირებული საგადასახადო განაკვეთების შემცირების ერთგული რჩება. ჟვანია გასულ კვირას ამ პოლიტიკის მნიშვნელობაზეც საუბრობდა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „მართალი გითხრათ, ცხინვალის რეგიონის პრობლემებზე არანაკლებ მწვავე საკითხად მიმაჩნია, შემდგომი დაყოვნების გარეშე წარვუდგინოთ პარლამენტს ახალი კოდექსი და საქართველოს ჰქონდეს შემოდგომამდე, სექტემბრის ბოლომდე, ახალი საგადასახადო კანონმდებლობა.“

თავად ახალი კოდექსი ითვალისწინებს მთელი რიგი გადასახადების საერთოდ გაუქმებას, ხოლო არსებული ტვირთი მნიშვნელოვნად გამარტივდება და შემცირდება. კერძოდ, საუბარია საშემოსავლო გადასახადის 18-დან 12 პროცენტამდე შემცირებაზე. 33-დან 20 პროცენტამდე დავა სოციალური გადასახადი; 20-ის ნაცვლად, 18 პროცენტი ხდება დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ); უცვლელი რჩება მოგებისა და ქონების გადასახადი. დიფერენცირებული იქნება აქციზი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობასა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლები. სხვა გადასახადები, ფაქტობრივად, უქმდება.

თუ სავალუტო ფონდის წერილის მიმართ ქვეყნის პირველი პირების დამოკიდებულების თაობაზე შეიძლება მხოლოდ ვარაუდები გამოვთქვათ, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოზიცია ამ წერილისა და, ზოგადად, სავალუტო ფონდის მიმართ გასულ კვირას საკმაოდ მკვეთრი განცხადებებით გამოიხატა. კახა ბენდუქიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდს ერთ სულელურ ორგანიზაციად მიიჩნევს, რომელსაც სასიკეთო საქართველოსათვის არაფერი მოუტანია. ეკონომიკის მინისტრი არც აქამდე იყო შემჩნეული ფონდის მიმართ სიმპათიაში, მაგრამ მისმა ბოლო სკანდალურმა გამონათქვამებმა ბევრს გული მოუოხა, ბევრი კი სამართლიანად შეაშფოთა, რადგან რაც უნდა უკმაყოფილონი ვიყოთ ამ ინსტიტუტის საქართველოში საქმიანობით, ფაქტია, რომ მათ პროგრამებს უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა ენიჭება და სხვა ორგანიზაციების და ინვესტორების ქვეყნისადმი დამოკიდებულების ინდიკატორადაც ითვლება. ამასთან, აქამდე ”ანტიფონდისტური” გამოხტომებით, ძირითადად, მემარცხენე ორიენტაციის პოლიტიკური ძალები, ფსევდოპატრიოტები და ე.წ. წითელი დირექტორები იყვნენ ცნობილნი და ამ კოჰორტაში მკვეთრად გამოხატული მემარჯვენე განწყობის მილიონერი მინისტრის მოხვედრა შეიძლება ფონდთან ძლივს აღდგენილი ნორმალური ურთიერთობის შეცვლის მაპროვოცირებელიც იყოს.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”სავალუტო ფონდი არის აბსოლუტურად იდიოტური ორგანიზაცია, სოციალისტებისაგან შემდგარი. მაგაში ეჭვი არც არასდროს შემპარვია. სავალუტო ფონდის მოქმედებები საქართველოში, ჯამში, არის უარყოფითი. უარყოფითი არის არა იმის გამო, რომ ცუდ რაღაცეებს გვეუბნებიან; უარყოფითი, ძირითადად, არის იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვეჩვევით და ვერ ვსწავლობთ დამოუკიდებლად არსებობას და აზროვნებას. ჩვენ ვკარგავთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ძირითად ნიშნებს. ”

ბენდუქიძე ფიქრობს, რომ სავალუტო ფონდის მიზანია, ჩვენი იმ მდგომარეობაში დატოვება, როგორშიც ვართ და, საერთო ჯამში, ეს სულელური პოლიტიკაა. ბენდუქიძის ფონდისადმი მკვახე დემარშს ოფიციალური წრეები არ გამოხმაურებიან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე კი მიიჩნევს, რომ ეკონომიკის მინისტრის ცნობილი განცხადება, ზოგადად, ქვეყანაში არსებული განწყობის გამომხატველია - როდესაც ყველაფრის მიმართ პოლარიზებული დამოკიდებულებაა და რაციონალიზმი ამ განწყობებში ნაკლებად ჩანს.


[ვაჟა სალამაძის ხმა] „ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში დამოკიდებულება სავალუტო ფონდის მიმართ ყოველთვის არის ან აბსოლუტურად პრო, ან აბსოლუტურად საპირისპირო და არ მოხერხდა დაბალანსებული პოლიტიკის გატარება ფონდთან მიმართებაში. ბუნებრივია, ფონდს თავისი პოლიტიკა აქვს ქვეყნის მიმართ და ეს პოლიტიკა შეიძლება არ ემთხვეოდეს ქვეყნის ეკონომიკური გუნდის პოლიტიკას, მაგრამ მე ვფიქრობ, ყოველთვის არსებობს რეზერვი თანამშრომლობისა და ყოველთვის შეიძლება მოინახოს გზები მათთან საურთიერთოდ.“

ამგვარ პოლარიზაციას სიკეთე ნაკლებად მოაქვს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მიუხედავად ფონდის უარყოფითი დამოკიდებულებისა ახალი საგადასახადო კოდექსის - ანუ საგადასახადო განაკვეთების შემცირების - მიმართ, დიალოგი ამ ორგანიზაციასთან შესაძლებელია და მათი დარწმუნების ყველაზე ეფექტური ფორმა არა სკანდალური განცხადებები, არამედ დეკლარირებული პოლიტიკის სწორად განხორციელება - ბიზნესგარემოს გაჯანსაღებასთან ერთად, საგადასახადო ადმინისტრირების გამკაცრება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა იქნება.
XS
SM
MD
LG