Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური თბილისი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მოქმედების სტრატეგიას ცვლის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტიდან მესამე დღეს, 21 აგვისტოს, ოფიციალურმა თბილისმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული აქციები განაახლა.

სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრმა დავით შერვაშიძემ იქ 118 ტონა ფქვილი ჩაიტანა დიდი და პატარა ლიახვის სოფლების ქართული და ოსური ოჯახებისთვის.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან შეიარაღებული ნაწილების გამოყვანის შემდეგ ოფიციალური თბილისი კვლავ ე.წ. ჰუმანიტარული შტურმის ტაქტიკას უბრუნდება. როგორც გახსოვთ, ივნისის დასაწყისში საქართველოს ხელისუფლების გააქტიურება ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში სწორედ რეგიონში პურის ფქვილისა და სასუქის შეტანა-დარიგებით დაიწყო. იმავე პერიოდში ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებისთვის დაიწყო პენსიების დარიგებაც.
დღეს, როცა ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებს, მართლაც, ძალიან სჭირდებათ დახმარება - შეიარაღებული მოქმედებების გამო იქ, რეალურად, მოსახლეობა შიმშილობის ზღვარზე დგას - ბუნებრივია, დიდი და პატარა ლიახვის ქართულ სოფლებში დარჩენილმა მოსახლეობამ სიხარულით მიიღო საქართველოს პრეზიდენტის საჩუქარი - ფქვილი. ჯერჯერობით უცნობია რეგიონის ოსური მოსახლეობის რეაქცია - დათანხმდნენ თუ არა ისინი მიხეილ სააკაშვილის საჩუქრის მიღებაზე. დავით შერვაშიძის განცხადებით, ფქვილი განკუთვნილია როგორც ქართული, ისე ოსური ოჯახებისთვის.
ამასობაში, უფრო რეალური ხდება კოკოითი-ჟვანიას შეხვედრის შესაძლებლობა. როგორც იცით, თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ლიდერი საქართველოს პრემიერთან შეხვედრის წინაპირობად კონფლიქტის ზონიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაყვანას აყენებდა. შეიარაღებული ძალები გაყვანილია. შესაბამისად, შეხვედრა, ალბათ, უახლოეს ხანებში შედგება. თუმცა რა საკითხები შევა დღის წესრიგში, ძნელი დასადგენია. ფაქტი ერთია: ამ ეტაპზე ცხინვალის ხელისუფლება არ მოინდომებს თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის სტატუსის საკითხზე დიალოგს; ახლა, როცა ცხინვალის ხელისუფლებას მოსკოვის დაუფარავი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, კოკოითი სტატუს-კვოს აღდგენას შეეცდება, ანუ იმ ვითარების აღდგენას, რომელიც კონფლიქტის ზონაში სიტუაციის გამძაფრებამდე იყო. ეს კი, თავის მხრივ, ხელს არ აძლევს ოფიციალურ თბილისს, რომელიც მაქსიმალურად ეცდება ვითარების სათავისოდ გამოყენებას - მინიმუმ, კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას და მაქსიმუმ - ცისფერჩაფხუტიანების ინტერნაციონალიზაციის საკითხის ადგილიდან დაძვრას.
თუმცა ჟვანია-კოკოითის შეხვედრა მხოლოდ მაშინ შედგება, თუ უახლოეს დღეებში კონფლიქტის ზონაში მდგომარეობა კვლავ არ დაიძაბა. არადა, ამის წინაპირობა, სამწუხაროდ, არსებობს, თუნდაც იმ ცნობების მიხედვით, რომელსაც 21 აგვისტოს ქართული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ. მათი ცნობით, ჩრდილოეთ ოსეთში გრძელდება დაქირავებულების თავმოყრის პროცესი.
XS
SM
MD
LG