Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში მიდინარე მოვლენები სულ უფრო მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი ცხინვალის რეგიონში მიდინარე მოვლენები სულ უფრო მკაფიოდ ადასტურებს იმას, რომ კონფლიქტის მოწესრიგებისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენს,

ერთი მხრივ, დასავლური სამყარო და,მეორე მხრივ, რუსეთი. თუმცა საქართველოში არც ეუთოს მისიის პოზიცია იწვევს დიდ აღტაცებას.

გასული კვირის პრესის მიმოხილვაში გაგაცნობთ ცხინვალის რეგიონის კონფლიქტთან დაკავშირებულ წერილებს.

18 აგვისტოს გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “საქართველო რუსეთს საინფორმაციო ომს უგებს. ევროპის ორი უდიდესი სახელმწიფო უკვე გამოეხმაურა პრეზიდენტ სააკაშვილის მოწოდებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთელი ტერიტორიის დემილიტარიზაციის შესახებ.”

გაზეთი წერს: “საფრანგეთი და უკრაინა მიიჩნევენ, რომ კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობისა და მათი მოქმედების ზონის გაზრდა პრობლემის გადაწყვეტას ხელს შეუწყობს.”

“არავინ დავობს, რომ ამ კონფლიქტში, ქართველებისა და ოსების გარდა, მესამე მხარეც არსებობს. ოღონდ ის მესამე, არც “ღამურების” სპეცდანაყოფია და არც დაქირავებული კაზაკების რაზმი.
მართალია, მოსკოვი ნელ-ნელა ეგუება აზრს, რომ აღმოსავლეთი ევროპა მისი გავლენის სფერო აღარ არის, მაგრამ რუსულ გენერალიტეტს ევროპაზე მეტად ამიერკავკასიაში ამერიკის ზრდა აღელვებს.”

გაზეთის თქმით, “საიდუმლოებას არ წარმოადგენს, რომ შეერთებული შტატები სერიოზულად არის დაინტერესებული კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მიღწევით. ხოლო საქართველოს სვლა დემოკრატიის დამკვიდრების, ეკონომიკური აღმავლობის, ევროგაერთიანებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ სეპარატისტული კონფლიქტის არსებობის პირობებში შეუძლებელია.”

როგორც “ხვალინდელი დღე” აღნიშნავს: “აქ ამერიკისა და საქართველოს ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ამიტომ შეერთებული შტატები მზად არის, მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლის ფუნქცია კიდევ ერთხელ იტვირთოს. ის კონფლიქტის ზონაში ეუთოს სამშვიდობო მისიის გაფართოებისა და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის მომხრეა. ვაშინგტონი მტკიცედ უჭერს მხარს სააკაშვილსა და მის პრინციპს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თაობაზე. მან უკვე მოუწოდა მოსკოვსა და თბილისს, ერთად დაარეგულირონ ეს პრობლემა; იმავდროულად, თბილისს პროვოკაციების აღკვეთის საქმეში დახმარება აღუთქვა.”

19 აგვისტოს პრესა, მათ შორის, გაზეთი “24 საათი” გვამცნობს, რომ “საქართველომ რუსეთისგან მოითხოვა ამომწურავი განმარტებები და შესაბამისი ზომების მიღება ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთიდან შემოსული კაზაკების საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის საკითხებზე.”

გაზეთი იტყობინება: “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ჩხეიძე შეხვდა საქართველოში რუსეთის ფედერაციის დესპანს ვიკტორ რინზას, რომლის მოწვევის მიზეზი გახდა კაზაკი და ჩრდილო-კავკასიელი მებრძოლების მიერ რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაკეთებული განცხადებები.
კერძოდ, “ნეზავისიმაია გაზეტაში” კაზაკთა ატამანი ნიკოლაი კოზიცინი დაუფარავად საუბრობს მათ უშუალო მონაწილეობაზე ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში. ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია მისი ყველა მოქალაქის იმ უკანონო ქმედებებზე, რაც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.”

როგორც 19 აგვისტის გაზეთი “ხვალინდელი დღე” აღნიშნავს, “რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადებები, მართალია, არაპირდაპირ, მაგრამ ადასტურებს, რომ სინამდვილეში დაპირისპირების მშვიდობიანად მოგვარების რესურსებს ამოწურულად უკვე რუსეთიც მიიჩნევს. და, აქტიური საომარი მოქმედებების მოლოდინში, კრემლში საჩქაროდ წამოიწყეს იმის მტკიცება, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარეს არ წარმოადგენენ.”

პრეზიდენტმა პუტინმა კი, კერძოდ, განაცხადა: “წლების წინ საქართველომ აფხაზეთისა და ოსეთის ავტონომიები გააუქმა და სწორედ ამ სულელური გადაწყვეტილების გამო დაიწყო კონფლიქტი.”

გაზეთის თქმით, “აღმოჩნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა იმ ქვეყნის უკანასკნელი ათი წლის ისტორიაც არ იცის წესიერად, სადაც მისი სამხედროები სამშვიდობო ძალების პასუხისმგებლობით არიან მივლენილნი. საინტერესოა, შეძლებს თუ არა პუტინი საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე თავის მართლებას ამგვარი კომპეტენტურობისა და მშვიდობისმოყვარეობის გამო.”

20 აგვისტოს გაზეთი “რეზონანსი” წერს, რომ “ფერისცვალების დღე მოულოდნელი ამბით გათენდა. ოქრუაშვილი 40-კაციანი რაზმით იმ სტრატეგიულ ობიექტებს იკავებს, საიდანაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ქართული სოფლები იბომბებოდა.”

გაზეთის თქმით, “გუშინ დილით ორი რამ დადასტურდა: პირველი ის, რომ ქართულ მხარეს სერიოზული ძალა გააჩნია და მეორე - “მესამე ძალა” არც ფანტომები ყოფილან და არც ბეტმენები.

“მითი მესამე ძალის შესახებ აღარ არსებობს”, - აცხადებს ოპერაციის შემდეგ ოქრუაშვილი.

ამის შემდეგ არჩევანი უკვე საქართველოზეა. როგორ განვითარდება მოვლენები? ქართული მხარე ბოლომდე დაიკავებს პოზიციებს თუ წესრიგის დამყარებას ისევ მშვიდობიანი გზით აირჩევს?”

“რეზონანსის” ცნობით, “საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი როი რივი იმედოვნებს, რომ ეუთოს წევრი ქვეყნების ელჩების საქართველოში ხუთ-ცხრა სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ მუდმივი საბჭო დათანხმდება ეუთოს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობის გაზრდას ცხინვალის რეგიონის კონფლიქტის ზონაში.”

გაზეთი წერს: “როი რივის ცხინვალის რეგიონში ვითარების განმუხტვისთვის პირველი რიგის ამოცანად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება, პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჟვანია-კოკოითის შეხვედრა ესახება.”

“თუმცა უფრო დამამშვიდებლად სააკაშვილის პირობა ჟღერს.
“მალე შევძლებთ უსაფრთხოდ შესვლას ჩვენს ტერიტორიაზე და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა”, - აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი ფერისცვალების დღესასწაულზე.”

20 აგვისტოს გაზეთი “ხვალინდელი დღე” კრიტიკულად აფასებს საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელის დამოკიდებულებას კონფლიქტის მიმართ.

გაზეთი წერს: “როი რივის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ტერიტორიებზე კონფლიქტის ზონაში მყოფი სამმხრივი სამშვიდობო ძალები განლაგდებიან. ეუთოს მისიას კონფლიქტის ზონაში ამჟამად ხუთი სამხედრო დამკვირვებელი ჰყავს. ბუნებრივია, 5-6 კაცით კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის გაკონტროლება შეუძლებელია.”

“საინტერესოა, საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი, რომელიც კონფლიქტის ზონაში სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას სკეპტიკურად უყურებს, ექვსი ან, თუნდაც, 50 სამხედრო დამკვირვებლით მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვას როგორ მოახერხებს.”

“ეს იგივეა, საქათმეში მელა მშვიდობის დასაცავად შეუშვა” - ამ სათაურით აქვეყნებს 20-22 აგვისტოს გაზეთი “ახალი ვერსია” წერილს, რომელიც რუსეთის “ცისფერჩაფხუტიანთა” მისიის შეფასებას ეძღვნება.
გაზეთის თქმით, “რუსეთის სამშვიდობო მისია ყველაზე არამშვიდობიანი ძალაა.”

“ახალი ვერსია” წერს: “როგორც ჩანს, საჭირო გახდება რუსი სამშვიდობოების გასვლის მოთხოვნის შესახებ ისეთი დადგენილების მიღება, რომელსაც იურიდიული დოკუმენტის სახე და მნიშვნელობა ექნება და რომელიც უფრო მეტ შანსს იძლევა, რუსეთი იძულებული გახდეს საქართველო დატოვოს. ამას კი ხელისუფლება ჯერჯერობით ვერ ბედავს.

ამის მიზეზს ექსპერტები რუსეთის არაპროგნოზირებად პოზიციაში ხედავენ. არსებითად ვერ გათვლი, თუ როგორ მოიქნევს საბოლოოდ კუდს რუსეთი.”
XS
SM
MD
LG