Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული “ახალგაზრული პროგრამა”, რომელსაც


ეკა წამალაშვილი და დავით პაიჭაძე, თბილისი ყოველკვირეული “ახალგაზრული პროგრამა”, რომელსაც

დღეს მთლიანად ხელისუფლების ერთ, მართლაც, საყურადღებო ინიციატივას ვუთმობთ. ეს არის ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ინიციატივა, მათში სამშობლოს ჯარისკაცების აღზრდის ინიციატივა.

მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ყველას - განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებს - რეზერვისტობა მოუწოდა, ქვეყანაში რეზერვისტების არმიის ფორმირების პროცესი სპონტანურად დაიწყო. გადაწყდა ახალგაზრდული პატრიოტული ცენტრის შექმნაც, რომელიც ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტულ მომზადებას გაუწევს კოორდინაციას. ამ ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილი. ამ სამინისტროსთან ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მიერთებამდე ის ამ დეპარტამენტის თავმჯდომარე გახლდათ. ლადო არის ერთ-ერთი ორგანიზატორი საზაფხული სტუდენტური ღონისძიებისა, რომელიც წელს ყვავილნარში, გრიგოლეთში ჩატარდა. იქ სტუდენტურ ბანაკში 200-ზე მეტი სტუდენტი იყო თავმოყრილი. სტუდენტური გასვლა მოხდა პროგრამით, რომელსაც “ოქროს აკვანი” ჰქვია და წელს ამ პროგრამაში პირველად შევიდა სტუდენტთა სამხედრო -პატრიოტული აღზრდის ელემენტები. ამ სიახლის თაობაზე ლადო ვარძელაშვილს ვესაუბრეთ. მას ჩვენ გრიგოლეთში სტუდენტური პროგრამის მიმდინარეობისას დავუკავშირდით. ლადო ვარძელაშვილთან ინტერვიუს მალე შემოგთავაზებთ, შემდეგ კი დავით პაიჭაძე შეეცდება გაარკვიოს ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტებად აღზრდის ინიციატივის სახით რა სიახლესთან გვაქვს საქმე.

ეს იყო ინტერვიუ კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან ლადო ვარძელაშვილთან. მან ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო საქართველოში ახალგაზრდების სამხედრო-პატრიოტული აღზრდის იდეის განხორციელება. “ახალგაზრდული პროგრამის” მეორე ნაწილში დავით პაიჭაძე ამ წამოწყების თავისებურებებზე ისაუბრებს.


სამხედრო-პატრიოტული აღზრდა, როგორც ტერმინი, სხვადასხვა ასოციაციას იწვევს: ახალი თაობისათვის, ვინც არ იცის, რა იყო საბჭოთა კავშირი, ეს ცნება, შესაძლოა, შეიცავს უცნობ და საინტერესო შინაარსს. შედარებით უფროსმა თაობამ კი კარგად იცის, რა ქცევით და იდეოლოგიურ ყალიბში ისხმება ასეთი აღზრდა.

ვთქვათ პირდაპირ: დღევანდელ საქართველოში წარმოუდგენელია საბჭოთა პერიოდის სამხედრო-პატრიოტული აღზრდის პრინციპების სრული აღორძინება. მართალია, ამ საქმის პიონერები დოსააფს ახსენებენ - არმიის, ავიაციისა და ფლოტის ხელშემწყობ ნებაყოფლობით საზოგადოებას, მაგრამ დასძენენ, რომ საქართველოში ახალგაზრდებს არ აიძულებენ ჩაეწერონ სამხედრო-პატრიოტული აღზრდის სისტემაში. იქნება თუ არა იძულება - ერთი საკითხია, მეორე კი ის გახლავთ, რომ სამხედრო-პატრიოტული აღზრდის ფორმათა ძიებისას ორიენტირად დღევანდელი ხელისუფლება საბჭოურ წარმონაქმნს სახავს.

საქართველოს ხელისუფლების თვალსაჩინო წევრები იმ თაობას ეკუთვნიან, რომელმაც ცნობიერი ცხოვრება საბჭოთა კავშირში კომუნისტური ღირებულებებისა და ინსტიტუციების სრული წახდენისა და გაუფასურების დროს დაიწყო. ამდენად, ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რომ საქართველოს მოქალაქეებში პატრიოტული მუხტის გაღვივებას ჯერაც კარგად არდავიწყებული ძველი ხერხებით ცდილობენ. ასეთი მცდელობის შედეგი გარდაუვალად იქნება პაროდია, რისი ელემენტებიც უკვე გამოჩნდა სამხედრო-პატრიოტული აღზრდის პირველი ნაბიჯების გაშუქებისას მასმედიაში - ტყის პირას, მინდორში, მილიტარი სტილით შემოსილი გოგო-ბიჭები ცდილობდნენ სამწყობრო ნაბიჯით ეარათ პრეზიდენტის წინაშე.

საინტერესოა თავად შესიტყვების, “სამხედრო-პატრიოტული აღზრდის”, ანალიზი. შორს წაგვიყვანს საუბარი იმაზე, რას გულისხმობს პატრიოტიზმი. შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ძალიან ზოგადად ეს არის ლოიალობა სახელმწიფოს მიმართ. კომპოზიტის პირველი წევრი, სიტყვა “სამხედრო”, აკნინებს პატრიოტიზმის შინაარსს. პატრიოტიზმის ფორმირება ადამიანში შეუძლებელია სახელმწიფოს არსებობისა და განმტკიცების გარეშე. პატრიოტი მოქალაქე ლოიალურია სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ. სახელმწიფოს პრეტენზიაში, გავლენა იქონიოს მოქალაქის ჩამოყალიბებაზე, ანუ “აღზარდოს” იგი, ბუნებრივია სამხედრო ელემენტის შემოტანა. ოღონდ არმია თავად უნდა წარმოადგენდეს სახელმწიფოს ერთ-ერთ გამართულ ინსტიტუტს. თავდაცვის, დაზარალებულთა მიშველების ჩვევათა სწავლება ყოველგვარი იდეოლოგიური საფანლის გარეშე უნდა წარიმართოს და არ დაეფუძნოს მტრის მოლოდინს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ საბჭოთა სამხედრო-პატრიოტიზმის ნაირსახეობას, რომელიც აგრესიითა და პარანოიით იქნება შეზავებული. ცდა, წარსულის გმირებზე ლაპარაკით “ასწიო” პატრიოტიზმი, იმის ნიშანია, რომ სახელმწიფოს არგუმენტები აკლია. გმირული ქცევა არ არსებობს კონტექსტის გარეშე. მავანი მებრძოლი, შესაძლოა, გმირულად დაიღუპა აფხაზეთში, მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ მანამდე ის მშვიდობიანი მოქალაქის სახლში შევიდა, გაძარცვა და ქალი გააუპატიურა. თუ ახალგაზრდას გმირზე, მით უმეტეს, ომში დაღუპულ გმირზე მოუთხრობ და ომის მოტივსა და მიზეზებს არ უმხელ, დიდი შანსია, ისტორია მითოლოგიად გექცეს. ხელისუფლების განცხადებით კი, საქართველო ცდილობს, ჩამოყალიბდეს დემოკრატიულ, ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყნად, რაც მოქალაქეთა ცნობიერებაში მითოლოგემათა დაძლევასაც გულისხმობს.

არ არის გამორიცხული, სამხედრო-პატრიოტული სიოს წამობერვას სხვა მიზანიც ჰქონდეს: ხელისუფლება, რომელიც ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის სახით არის წარმოდგენილი, ეძებდეს როგორც არმიის, ისე საკუთარ რეზერვს. ახალგაზრდობა “ვარდების რევოლუციის” ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა იყო. პარტია ვერ დაუშვებს, რომ ახალი თაობა მისგან გაუცხოვდეს. აკი შევარდნაძემ დაუშვა ეს შეცდომა. ასე რომ, ახალგაზრდების მიწვევა მათი სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიზნით, შესაძლოა, მოიცავდეს სასელექციო მუშაობას ხელისუფლების პარტიის ჯანსაღი მომავლის უზრუნველსაყოფადაც.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG