Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეათე სტუდია


555-ე გამოშვება.

ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ, 555-ე გამოშვებას. დღეს შევეცდებით გავარკვიოთ, რაზე შეიძლება მიანიშნებდეს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი “ყვითელი” პრესისა და მარტივსიუჟეტიანი ტელესერიალების მიმართ? გესაუბრებით მისაღები გამოცდების ახალ მოდელზე; როგორ სატელეფონო აპარატებს ანიჭებენ უპირატესობას ქართველები - ამ თემას ეხება ჩვენი დღევანდელი გამოშვების ერთ-ერთი მასალა; შემოგთავაზებთ მასალას ქართველ ძალოსანთა მწვრთნელზე, ვანო გრიქუროვზე; გადაცემას დაასრულებს ინტერვიუ ისრაელში გამომავალი ქართულენოვანი გაზეთის, "ალია საქართველოდან" მთავარ რედაქტორთან, აბრამ საპირთან.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


გამარტივების ტენდენცია: მიზეზი და გამოსავალი.

ბიძინა რამიშვილი:
ბოლო წლებში საქართველოში განსაკუთრებით კარგად იყიდება იაფფასიანი ჟურნალები, რომლებიც მკითხველს ცნობილი ადამიანების ცხოვრების დეტალებზე მოუთხრობენ; უაღრესად პოპულარულია ტელესერიალებიც, რომლებსაც, ხარისხისა და შინაარსის მიუხედავად, მაყურებელი არასოდეს აკლია. რაზე შეიძლება მიანიშნებდეს საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი “ყვითელი” პრესისა და მარტივსიუჟეტიანი ტელესერიალების მიმართ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ია ანთაძე შეეცდება.

ია ანთაძე:
თუკი ტელესერიალების მოყვარულებს გაესაუბრებით, ისინი უსათუოდ გეტყვიან, რომ ყოველდღე სიამოვნებით ატარებენ რამდენიმე საათს მდიდარი გარემოსა და ლამაზად ჩაცმული ადამიანების ქცერაში; თან ერთობიან, თან ისვენებენ, თან საკუთარ პრობლემებსაც მცირე ხნით თვალს უხუჭავენ. ეს რამდენიმე საათი, თითქოს, ის დროა, რომელსაც გაჭირვებული ადამიანი თავის ყოველდღიურ ყოფას გამოარიდებს.

ოდნავ განსხვავებული ფუნქცია აქვს “ყვითელ” პრესას. თუ ტელესერიალზე არავინ ამბობს, რომ მისი მარტივი სიუჟეტი რაიმე ღირებულების მატარებელია, სამაგიეროდ, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება ბევრს საინტერესოდ მიაჩნია. პრიმიტიული ფორმით მიწოდებული დეტალები, რომლებიც საკმაოდ ზედაპირულ წარმოდგენას ქმნის ამა თუ იმ ადამიანზე, მკითხველისთვის მაინც მეტად მიმზიდველია.

ტელესერიალები და “ყვითელი” პრესა ყველა ქვეყანაში არსებობს და არსებობს სწორედ იმის გამო, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამგვარი “გასართობის” მიმართ ინტერესს იჩენს. მაგრამ საქართველოში, შესაძლოა, საზოგადოებრივი ცხოვრების კიდევ ერთ თავისებურებაზე ღირდეს საუბარი.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმის შემჩნევას, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს განსაკუთრებული მიდრეკილება და ტენდენცია ყველაფრის გამარტივებისკენ. მაგალითად, “ყვითელი” პრესის გვერდით ვერ ნახავთ ასევე ძლიერ სერიოზულ პრესას; ტელესერიალების გვერდით არ არსებობს ანალიტიკური გადაცემები, რომლებიც საზოგადოებას აუხსნიდა, განუმარტავდა, რა ტენდენციებია პოლიტიკაში, ეკონომიკაში, კულტურაში, სპორტში. შემეცნებითი გადაცემები არსებობს, მაგრამ მაყურებლის სიმრავლით არ გამოირჩევა, ამიტომ საკმაოდ არასასურველ დროს გადის ეთერში - შუადღის და საღამოს გასაყარზე.

გამარტივების ტენდენციაზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ თეატრები ცარიელია, მდარე კონცერტებს კი მაყურებელი არასოდეს აკლია. მათალია, მართლმადიდებლურ ეკლესიას დიდი მრევლი ჰყავს, მაგრამ იოღოვას მოწმეთა სიმრავლეც ფაქტია და ეს ფაქტი ისევ გამარტივებისკენ სწრაფვით შეიძლება აიხსნას. ხელისუფლებაც - განსაკუთრებით, ახალი, რევოლუციური - სიმარტივის მომხრე და მოსურნეა. “რა საჭიროა კონცეფციები და სტრატეგიული ხედვები; მთავარია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რა საჭიროა პროფესიონალიზმი, მთავარია ეფექტური მართვა,” - ეს არის ფრაზები, რომლებსაც მაღალჩინოსნებისგან მოისმენთ, მათ შორის, ტელეეთერით.

ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოება შედგება სხვადასხვა ინტელექტის, მსოფლხედვის, ინტერესების მქონე ადამიანებისგან. მაგრამ თუკი გამარტივებისკენ სწრაფვა საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ხდება, თუკი “კვირის პალიტრასა” და “სარკეს” ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს, ხოლო ტელესერიალებს - ყველაზე მეტი მაყურებელი; თუკი ადამიანები ღმერთთან მისვლის, ქვეყნის მართვის და გართობის ყველაზე მარტივ გზებს ირჩევენ, ერთ-ერთი მიზეზი და გამოსავალიც, ალბათ, ამ ქვეყნის განათლების სისტემაში ძევს.

ქართული სახელმწიფოსთვის განათლების სისტემა ლამის ყველაზე მტკივნეული სფეროა. სკოლაში სასწავლო პროცესი დეგრადირებულია, დამამთავრებელ კლასებში მოსწავლეები სანთლით არიან საძებნელი; უმაღლეს სასწავლებლებში მოწყობა უკიდურესად გაადვილებულია; ლექტორებისა და სტუდენტების ურთიერთობა შემეცნების პროცესს იშვიათად გულისხმობს. კორუფცია ამ სისტემის ყველა საფეხურზე ფესვგადგმული მოვლენაა და განათლების მრავალწლიანი პროცესის შედეგი ხშირ შემთხვევაში არაფრისმომცემია.

საქართველომ უარი თქვა განათლების საბჭოთა სისტემაზე და ვერ ჩაანაცვლა ის უფრო პროგრესული, ეფექტური და თანამედროვე სისტემით. მთელი თაობა აღმოჩნდა საგანმანათლებლო ვაკუუმში, რაც, თავის მხრივ, მყარი საფუძველია რევოლუციებისთვის და პრიმიტიული ხედვების ჩამოყალიბებისთვის, წიგნიერების იგნორირებისთვის. შესაბამისად, იმისათვის, რომ საზოგადოება გაჯანსაღდეს, ანალიზის და განსჯის ტენდენცია გაჩნდეს, პროფესიონალიზმი დაფასდეს და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ხელშეუვალ ღირებულებად ჩამოყალიბდეს - ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და, შესაძლოა, უმოკლესი გზაც განათლების სისტემის რეალური, სწორი რეფორმირებაა.

ია ანთაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.


მისაღები გამოცდების ახალი მოდელი

ბიძინა რამიშვილი:
როგორც ია ანთაძემ მოგახსენათ, განათლების სისტემის უვარგისობა პირდაპირ აისახება საზოგადოების ცნობიერებაზე. ახლა ვნახოთ, რა კეთდება საიმისოდ, რომ ეს სისტემა გაუმჯობესდეს.
პარასკევს, 3 სექტემბერს საქართველოს განათლების მინისტრმა კახა ლომაიამ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდების ახალი მოდელი წარადგინა. სიახლის მიზანია, რაც შეიძლება, ობიექტურად შეფასდეს აბიტურიენტის ცოდნა და უმაღლესი სასწავლებლებისათვის საუკეთესო სტუდენტები შეირჩეს. ჩვენმა კოლეგამ, დავით პაიჭაძემ სთხოვა მსოფლიო ბანკის პროექტის, “ილია ჭავჭავაძის” ხელმძღვანელს, გიგი თევზაძეს, აღეწერა მექანიზმები, ამ მიზნის მიღწევას რომ უზრუნველყოფს. გიგი თევზაძეც განათლების მინისტრს ახლდა ბათუმში.

უწინარესად უნდა ითქვას, როგორი არ იქნება მისაღები გამოცდები 2005 წლიდან. მსმენელს, ალბათ, ახსოვს, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს სამოქალაქო საზოგადოების წევრები განიხილავდნენ ერთიანი სახელმწიფო გამოცდის შესაძლებლობას. ერთიანი გამოცდა ნიშნავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სახელმწიფო გამოცდისა და უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების დამთხვევას. ამ განზრახვაზე განათლების სამინისტრომ ხელი აიღო. უწყებაში ერთიანი სახელმწიფო გამოცდის პროექტი უპერსპექტივოდ, მეტიც დაუშვებლად მიაჩნიათ, რადგან ერთი მხრივ, კორუფციას წარმოშობს, მეორე მხრივ კი, ფინანსურ კრიზისს; უნივერსიტეტები უარს ვერ ეუბნებიან სკოლის კურსდამთავრებულებს და იძულებულნი არიან, მეტი სტუდენტი მიიღონ, ვიდრე შეუძლიათ. ამდენად მოსწავლეები ჩააბარებენ როგორც სკოლის, ისე საუნივერსიტეტო გამოცდებსაც.

მაშ ასე, რას ჩააბარებენ უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად:

[გიგი თევზაძის ხმა] “იქნება სამი აუცილებელი და ერთი არჩევითი გამოცდა. აუცილებელია უცხო ენა, ქართული ენა და ლიტერატურა და უნარების ტესტი. ეს ტესტი ზომავს ძალიან ბევრ საინტერესო უნარს, რომელიც შემდეგ სტუდენტს და მეცნიერს უნდა გამოადგეს. არჩევითი იქნება მათემატიკა, ანუ სტუდენტი კი არ ირჩევს, რა ჩააბაროს, არამედ ფაკულტეტი ირჩევს, მიიღოს თუ არა სტუდენტი, რომელსაც მათემატიკაში აქვს სპეციალური გამოცდა ჩაბარებული. მოსალოდნელია, რომ საბუნებისმეტყველო და ტექნიკური ფაკულტეტები იტყვიან, ჩვენ გვინდა, რომ ჩვენთან შემომსვლელმა ჩააბაროს მათემატიკაო”.

თუმცა, გიგი თევზაძე არც იმას გამორიცხავს, რომ არაერთმა საბუნებისმეტყველო ფაკულტეტმა უარი თქვას მათემატიკის გამოცდის დაწესებაზე. აქვე აღვნიშნავთ, რომ 2006 წლიდან საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებს არჩევანი გაეზრდებათ და უფლება ექნებათ ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში დააწესონ დააწესონ მეოთხე, შერეული და ერთიანი გამოცდა.

რა უზრუნველყოფს ობიექტურ შეფასებას მისაღებ გამოცდებზე? გიგი თევზაძე აღწერს გამოცდებისა და შეფასების პროცედურას. ეს უკანასკნელი შეფასების ეროვნულ ცენტრში ხორციელდება.

[გიგი თევზაძის ხმა] “პირველი - ეს არის ანონიმურობა. წარმოიდგინეთ, 2005 წელს ჩვენ გვეყოლება 30 ათასი აბიტურიენტი. ყველა ნაწერს მიენიჭება თავისი კოდი, თვითონ გამოცდის პროცესი არის ძალიან გამჭვირვალე. აუდიტორიებში იდგება კამერები და გარეთ ყველას ექნება საშუალება, დააკვირდეს მთელ სივრცეს, სადაც გამოცდა მიმდინარეობს. მთელი საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრი იქნება. ამით გამოვრიცხავთ გადაწერას. ახლა - გასწორება: ყველა ნაწერი იკრიბება და მიდის თბილისში. ნაწერები კოდირებულია, რაც გამორიცხავს მათ პოვნას. და კიდევ ერთი ბარიერი ჩაწყობის გზაზე: ნაწერს აფასებს ორი გამსწორებელი, თან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. ერთმა არ იცის, რა ნიშანი დაწერა მეორემ. თუ მათი ნიშნები არ დაემთხვევა, ნაწერს გაასწორებს ვიღაც მესამე გამსწორებელი. ფაქტიურად, თუ ვინმეს ჩაწყობა უნდა, საამისოდ მთელი კომისია უნდა მოისყიდოს”.

გიგი თევზაძე ამბობს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარი გუნდი ინტენსიურ სწავლებას გადის 2005 წლის ზაფხულამდე, რათა მისი წევრები ამ დროისთვის მაღალი დონის, პროფესიონალ გამსწორებლებად ჩამოყალიბდნენ.

და ბოლოს, კიდევ ერთი სიახლე: იცვლება სასწავლო პროცესის დაფინანსების პრინციპიც: გიგი თევზაძე ამბობს, რომ სახელმწიფო მისაღები გამოცდების განსაკუთრებული წარმატებით ჩამბარებელ სტუდენტებს მისცემს სასწავლო გრანტს ბაკალავრიატში სწავლის მთელი 4 წლის განმავლობაში. სახელწმიფოს მხრიდან ეს იქნება საუნივერსიტეტო სწავლების დაფინანსების ერთადერთი ფორმა. ოღონდ, მისაღები კონტინგენტის რა პროცენტს შეიძლება მიეცეს ეს თანხა, სახელმწიფოს ჯერ არ დაუდგენია.

ჩვენი „მობილური“ ცხოვრება

ბიძინა რამიშვილი:
სანამ საქართველოს ხელისუფლება დიდი თუ მცირე ბიზნესის განვითარების გზებზე ფიქრობს, საქართველოში თავისთავად და საკმაოდ წარმატებით ვითარდება ფიჭური კავშირგაბმულობის სფერო. ეს კი, თავისთავად ცხადია, ხელს უწყობს საქართველოში მობილური ტელეფონებით ვაჭრობის ბიზნესის გავრცელებას. საქარტველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევით, დღეს საქართველოში ყოველი მეშვიდე ადამიანი ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურეობით სარგებლობს. თამარ ჩიქოვანი იმის დადგენას შეეცადა, როგორ სატელეფონო აპარატებს ანიჭებენ უპირატესობას „მობილური“ ქართველები.

ბიძინა რამიშვილი:
თავდაპირველად, მოკლედ სტატისტიკის შესახებ - ფიჭური სატელეფონო ქსელების აბონენტთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. თუ 2002 წლის ბოლოს იგი 412 800 აბონენტს შეადგენდა, 2003 წლის ბოლოსთვის ამ მაჩვენებელმა 560 300-ს მიაღწია. 2004 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, ფიჭური კავშირის მომსახურეობით სარგებლობს ქვეყნის ყოველი მეშვიდე მცხოვრები.

ფიჭური კავშირი რომ ტელეფონის აპარატის გარეშე ვერ განხორციელდება - ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ თუ საქართველოში ფიჭური კავშირის განვითარების გარიჟრაჟზე ტელეფონების აპარატების არჩევანი საკმაოდ მწირი იყო - დღეს ამ მხრივ არჩევანი საკმაოდ ფართოა. მაინც, როგორ ტელეფონს ანიჭებენ უპირატესობას ქართველები - ნინო, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე ერთერთ მაღაზიაში მობილური ტელეფონების სექციაში მუშაობს, დარწმუნებით ამბობს, რომ მოთხოვნის მხრივ პირველ ადგილზე კვლავ ნოკიას წარმოების ტელეფონებია.

[ნინოს ხმა] „ვისაც რისი ასშუალება აქვს, იმას ყიდულობს. ზოგს უნდა ფოტოკემარით, ზოგს ფერადი ეკრავით და ზოგს - ჩვეულებრივით.“

რაც შეეხება მყიდველებს - ნინოს თქმით, ახალი თაობის აპარატებს, როგორც წესი, 30 წელს გადაცილებული ადამიანები ყიდულობენ, ვისაც ამის მატერიალური შესაძლებლობაც აქვთ და ყველა ფუნქციასაც იყენებენ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ძველი მოდელის და, შესაბამისად, შედარებით იაფ აპარატებზე მოთხოვნილება არ არის:

[ნინოს ხმა]“ რა ტელეფონიც არის გამოსული, ყველას ჰყავს თავისი კლიენტი.“

ალბათ, საინტერესო უნდა იყოს, მობილური ტელეონების გამყიდველი თავად რომელი ტელეფონით სარგებლობს.

[ ნინოს ხმა] „ მე საერთოდ არა მაქვს მობილური ტელეფონი. მართალი გითხრათ, ინტერესი არა მაქვს.“

აქამდე მობილური ტელეფონის ქონის აუცილებლობას ვერ ხედავდა 29 წლის ელენეც - ის დიასახლისი იყო. დღეს კი მუშაობა დაიწყო და მიხვდა, რომ მობილური მისთვის აუცილებენელია:

[ლენას ხმა] „ ვგრძნობ ნელნელა, რომ დამჭირდება და უკვე აუცილებელია იქიდან გამომდინარე, რომ მთელი დღე გარეთ ვარ და ბავშვების გაკონტროლებისთვის დამჭირდება....დიდად გადატვირთული მენიუიანი ტელეფონი არ მჭირდება. ნომრებს იმახსოვრებდეს და ტელეფონის ფუნქციას ასრულებდეს.“

25 წლის გიორგი აპარატს პერიოდულად ცვლის - იმის გათვალისწინებით, რომ ახალი მოდელები სულ უფრო მეტ ფუნქციას ითავსებენ.

[გიორგის ხმა] „ რაც უფრო იცვლება დ უმჯობესდება აპარატი, მით უფრო გინდა, იყოს პატარა, უფრო კომპორტული.“

მთლიანობაში, დღეს კარგი მობილური აპარატი თბილისში საშუალოდ 800 ლარი მაინც ღირს. ფაქტია ისიც, რომ „ყველაზე-ყველაზე“ ბევრფუნქციურ აპარატებს უფრო ახალგაზრდები ეტანებიან, ვისთვისაც დღეს მობილური ტელეფონი დაახლოებით იგივეს ნიშნავს, რაც 60-იანი წლების ახალგაზრდისთვის - ნამდვილი ამერიკული ჯინსი ლევისი. დღეს მობილური აპარატის უკანასკნელი მოდელი - ეს პრესტიჟია, ეს ნიშანია, რომ შენ განსაკუთრებული კასტის წარმომადგენელი ხარ. თორემ, ტელეფონს - გინდაც მობილურს და გინდაც ჩვეულებრივს - ერთი ფუნქცია აქვს - კავშირი დაამყაროს ადამიანს შორის.

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლებისთვის, თბილისი.


ოლიმპიური ჩემპიონების სამჭედლო, სახელად ვანო გრიქუროვი

ბიძინა რამიშვილი:
როცა ათენში, საქართველოს ოლიმპიელებთან შეხვედრაზე, საბერძნეთის დედაქალაქში საგანგებოდ ჩასულმა მიხეილ სააკაშვილმა ოლიმპიადის ჩემპიონებსა და პრიზიორებს ხოტბა შეასხა, პრეზიდენტმა, ცხადია, არც სპორტსმენთა მწვრთნელები დაივიწყა. თბილი სიტყვები სააკაშვილს არავის მისამართით არ დაუშურებია, მაგრამ განსაკუთრებით მაინც ვანო გრიქუროვი გამოყო. "ათენში ოთხი პრიზიორი გვყავს, ოლიმპიური რგოლი კი ხუთია. ასე რომ, მეხუთე რგოლში ვანო გრიქუროვის სურათი უნდა ჩავსვათო" - დაახლოებით ასე იხუმრა პრეზიდენტმა. თუმცა, ალბათ სწორედ ასეთ შემთხვევებზე ითქმის, სიმართლის მარცვალს ყველა ხუმრობა შეიცავსო. რით დაიმსახურა ძალოსანთა მწვრთნელმა ასეთი ქება? ათენიდან ამ რამდენიმე დღის წინათ დაბრუნებული დავით კაკაბაძე ოლიმპიადის დედაქალაქში ყოფნისას რამდენიმეჯერ ესაუბრა ბატონ ვანოს და სცადა გაერკვია, რაშია "მწვრთნელის ალღოდ" თუ "მწვრთნელის ინტუიციად" წოდებული საიდუმლო.

დავით კაკაბაძე:
თავის ნახევარსაუკუნოვან "ოლიმპიურ ისტორიაში" საქართველოს ძალოსნობაში სამი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყავს: რაფაელ ჩიმიშკიანი, კახი კახიაშვილი და გიორგი ასანიძე. მათგან ორი უკანასკნელი ვანო გრიქუროვის აღზრდილია. თვითონ ბატონი ვანო უკვე თითქმის ათი წელია, პოლონეთში მოღვაწეობს - იქაურ ახალგაზრდულ ნაკრებს უდგას სათავეში. მაგრამ გიორგი ასანიძის მწვრთნელობაზე გრიქუროვს სამშობლოდან მოშორებით ცხოვრებამაც ვერ ათქმევინა უარი - და, როგორც უკვე არაერთხელ გამოჩნდა, ხოლო ათენში საბოლოოდ დადასტურდა, ოსტატმაც და შეგირდმაც კარგად იცოდნენ, რატომ არის ასე აუცილებელი მათი ურთიერთთანამშრომლობა.

ათენში ყოფნისას საშუალება მომეცა, გავსაუბრებოდი არა მარტო თვითონ ბატონ ვანოს, არამედ მის ორივე მოწაფეს - სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს კახი კახიაშვილს და ათენის თამაშების გმირს, ლეგენდარული პიროს დიმასის მძლეველს გიორგი ასანიძეს. ერთიცა და მეორეც სრულიად შეულამაზებლად ამბობს, რომ გრიქუროვის გარეშე მათი სპორტული კარიერა ასე წარმატებული ვერ იქნებოდა. კახიაშვილის შემთხვევაში ალბათ იმის თქმაც კი შეიძლება, რომ ის საერთოდაც არ გახდებოდა ძალოსანი, რომ არა 1981 წლის ზაფხულში, ცხინვალში მომხდარი ბედნიერი შემთხვევა.

ვანო გრიქუროვი: "თავიდან რომ დავინახე პირველად კახი, ფეხბურთს თამაშობდა. და ყურადღება ჩემი მიიქცია იმით კი არა, რომ ტალანტი დავინახე... საერთოდ, ავადმყოფი ბავშვი მეგონა, იმიტომ, რომ ძლივს დალასლასებდა და პატარა, გამხდარი ბავშვი არც კი ჰგავდა ცოცხალ, მოძრავ ჭაბუკს."

მერე კი მოხდა საოცრება: გამხდარმა ბიჭუნამ ბურთი მიიღო თუ არა, მეტამორფოზა განიცადა: შეიკრა, თითქოს ხორცითაც შეივსო, მოატყუა ერთი მეტოქე, შემდეგ მეორე, მესამე, ძლიერად დაარტყა და გოლი გაიტანა. როგორც კი ბურთი შეაგდო, ისევ მოდუნდა და ნელი ნაბიჯით გაემართა მოედნის საკუთარი ნახევრისკენ.

ვანო გრიქუროვი: "ეს რომ დავინახე, დავინახე რაღაც სასწაული ნერვული სისტემა, რომელიც ძალიან უნდა გამომდგარიყო სპორტში და პირადად ძალოსნობაში: მობილიზაცია საჭირო დროს და მერე ისევ მოდუნება, აღდგენითი პროცესები რომ კარგად განვითარდეს. ეს მომეწონა. მოვიხმე და მივიპატიჟე დარბაზში. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა."

ეს ურთიერთობა დღესაც გრძელდება, თუმცა კახი კახიაშვილი უკვე ათი წელიწადია, საბერძნეთის სპორტულ ღირსებას იცავს ოლიმპიადებსა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე, ხოლო ვანო გრიქუროვი თითქმის ამდენივე წელია, ახალგაზრდა პოლონელ ძალოსნებს ეხმარება დაოსტატებაში.

ბატონ ვანოს ვთხოვე, გაეხსენებინა ის დრო, როცა საქართველოში დარჩენა ბარსელონის ოლიმპიადის ჩემპიონისთვის სპორტული კარიერის დასასრულის ტოლფასი იქნებოდა. მით უმეტეს, რომ ვიცოდი: კახიაშვილის გადაწყვეტილებაზე ვანო გრიქუროვის პოზიციამ დიდი გავლენა მოახდინა.

ვანო გრიქუროვი: "დღევანდელი სიტუაცია რომ ყოფილიყო მაშინ, რაც დღეს არის საქართველოში, მე კატეგორიულ უარზე დავდგებოდი, რომ კახი კახიაშვილი წასულიყო. მაშინ სხვა ვითარება იყო. ასეთი მითი მაქვს წაკითხული სოლომონ ბრძენზე: ორი ქალი მიუყვანეს და ორივე ედავებოდა ერთმანეთს ბავშვს - არა, ჩემი შვილია, და არა, ჩემი შვილიაო. სოლომონ ბრძენმა უყურა ამ ორივე ქალს და უთხრა: გაჰკვეთეთ ბავშვი და ერთი ნახევარი მიეცით ერთს და მეორე ნახევარი - მეორეს. და ნამდვილმა დედამ მაშინათვე თქვა: არა, ჩემი შვილი არ არისო, იმის შვილიაო. იმიტომ, რომ შვილი გადაერჩინა და არ დაღუპულიყო. აი, იმ მეორე, ნამდვილი დედის როლში ვიყავი, როცა დაავთანხმდი, რომ კახიაშვილი საბერძნეთში წასულიყო სამუდამოდ. მე მაშინ ვარჩიე, რომ ოღონდ დარჩენილიყო სპორტში და დიდი სპორტსმენის კარიერა გაეგრძელებინა, ვიდრე ჩემ გვერდით დარჩენილიყო და სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენილიყო უახლოესი წლების მანძილზე. ეს იყო ჩემთვის დიდი ტრაგედია. ჩემი თანხმობა რომ არა, კახიაშვილი იმ ნაბიჯს არ გადადგამდა. მე ვაღიარებ, რომ ხელი შევუწყვე კახიაშვილს წასვლაში, მაგრამ იმ მომენტში სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი."

ვანო გრიქუროვის კიდევ ერთმა საამაყო მოწაფემ, გიორგი ასანიძემ, თითქოს თავისი მასწავლებლის სიტყვებს ადასტურებსო, ისიც კი თქვა, ერთი კახიაშვილის წასვლამ მთელი საქართველოს ძალოსნობა გადაარჩინაო. გიორგი იმ დახმარებას გულისხმობდა, რომელსაც კახი მთელი ამ ათი წლის მანძილზე უწევდა საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას, ცალკეულ სპორტსმენებს, მათგან კი უწინარესად თვით გიორგი ასანიძეს.

ბატონ ვანოს ვთხოვე, დაეხასიათებინა თავისი ორი სახელოვანი მოწაფე - ქართლელი კახიაშვილი და იმერელი ასანიძე. აი, რა მოვისმინე პასუხად:

ვანო გრიქუროვი: "კახი კახიაშვილს დღეს ვხედავ, როგორც ცხენზე ამხედრებულ მეომარს, რომელიც ძალიან დინჯია; რომელსაც ქარქაშში აქვს ჩაგებული ხმალი და ნელა-ნელა მიაჭენებს ცხენს. რომ მიუახლოვდება იმ ზღვარს, სადაც შეჯიბრი იწყება, იშიშვლებს ხმალს, გაქანდება, გაიმარჯვებს და იმსაათშივე ჩააგებს ქარქაშში და ისევ ნელა-ნელა მიაჭენებს შემდეგ დიდ შეჯიბრებამდე. ეს არის ფლეგმატიკი ადამიანი, რომელიც, როცა საჭიროა, ქოლერიკი ხდება. გიორგი ასანიძე კარდინალურად სხვა ადამიანია. გიორგი ასანიძე იგივე ამხედრებული მეომარია, რომელიც მუდმივად გაჭენებულ ცხენზე ზის და მუდმივად გაშიშვლებული ხმალი უჭირავს და ატრიალებს და აპრიალებს ამ მზეზე და მუდმივად შეჯიბრშია."

რას ფიქრობს თავის მწვრთნელზე ეს ხმალამოწვდილი და მუდმივად შეჯიბრში მყოფი ადამიანი?

გიორგი ასანიძე: "ადამიანი, რომელიც არის ჩემი მამაც, ძმაც, მეგობარიც... ყველაფერი ის, რაც შეიძლება დადებითი, კეთილი სურვილი იყოს ადამიანის მიმართ. ძალიან მიყვარს ბატონი ვანო... მე ის მიხარია, რომ მას უხარია."

გახარებული კი ვანო გრიქუროვი ათენში ორჯერ ვნახე: ერთხელ გიორგი ასანიძის ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ, მეორედ კი...

ვანო გრიქუროვი: "თანახმა ვარ, ნებისმიერ კითხვებს ვუპასუხო დღეს. კარგ ხასიათზე ვარ ძალიან!"

ასე უხაროდა ბატონ ვანოს თავისი კიდევ ერთი შეგირდის, ძალოსნობის ცხინვალის სკოლის კიდევ ერთი წარმომადგენლის, არსენ კასაბიევის გამოსვლა. 94 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ამ 16 წლის ათლეტმა, მართალია, მხოლოდ მე-14 ადგილი დაიკავა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ იგი ასპარეზობის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე იყო, და თუ ვანო გრიქუროვსაც დავუჯერებთ, არსენს ოლიმპიური გამარჯვებები წინ აქვს.

თვით ვანო გრიქუროვის ბედი კი, როგორც ჩანს, თვით საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა:

მიხეილ სააკაშვილი: "მე მოვიწვიე საქართველოში უკან ვანო გრიქუროვი, რომელიც მრავალი წელია, გადახვეწილი არის პოლონეთში და იგი დათანხმდა, რომ დაბრუნდეს და ჩაუდგეს სათავეში ჩვენს სკოლას და თბილისში გაწვრთნას ხალხი და მთელი საქართველო შეაგროვოს. ჩვენ ყველა უნდა დავიბრუნოთ! არც ერთი ახალი ქართველი საქართველოდან აღარ უნდა გავიდეს, მამლუქობის დრო დამთავრდა! ქართველების ადგილი არის საქართველოში, ქართველებმა უნდა გაიმარჯვონ საქართველოს სახელით!"

ბიძინა რამიშვილი:
აი, ასეთი სიტყვებით მიმართა ამ სამიოდე დღის წინათ მიხეილ სააკაშვილმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მრავალათასიან ბრბოს, რომელიც ათენიდან დაბრუნებულ ოლიმპიელებს ესალმებოდა. ვანო გრიქუროვზე მასალა კი დავით კაკაბაძემ მოამზადა.


ინტერვიუ აბრამ საპირთან

ბიძინა რამიშვილი:
ქართველი ებრაელებისა და საქართველოს ურთიერთობაზე იმდენი თქმულა, რომ თითქოს წარმოუდგენელია ამ თემისთვის რაღაც ახლის შემატება. მივეჩვიეთ, რომ ამ თემაზე ძალზე ხშირად გაისმის ხოლმე სტერეოტიპებად ქცეული, სადღეგრძელოს ჟანრის განცხადებები. ამ ტრადიციას არღვევს ჩვენი გამოშვების დღევანდელი სტუმარი, ისრაელში მცხოვრებ ქართველ ებრაელთა ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, აბრამ საპირი - ისრაელის "რუსთაველის საზოგადოების" თავმჯდომარე და რედაქტორი გაზეთისა "ალია საქართველოდან".
ახლახან ბატონი აბრამი ჩეხეთის რესპუბლიკაში სტუმრობდა. კარლოვი ვარიში გაიმართა ამ ქალაქის შესახებ დაწერილი მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია.
ინტერვიუ, რომლის ჩანაწერსაც შემოგთავაზებთ დღეს, ისრაელში ყოფნისას ავიღე. ჩვენი საუბარი შეეხებოდა ქართველ ებრაელთა ფენომენს, ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელების დამოკიდებულებას საქართველოსადმი, მათ ადგილს ისრაელის საზოგადოებაში.

იხ. უადიოვერსია

ბიძინა რამიშვილი:
ეს გახლდათ ინტერვიუ ისრაელის ქართველ ებრაელთა თემის ერთ-ერთ წარმომადგენელთან, რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარესთან და გაზეთის "ალია საქართველოდან" რედაქტორთან, აბრამ საპირთან.


ბიძინა რამიშვილი:
თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადეს დავით კაკაბაძემ და ბიძინა რამიშვილმა. გადაცემას უძღვებოდა ბიძინა რამიშვილი. თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე.
მომავალ პარასკევამდე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG