Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შთაბეჭდილებებით შეიძლება დაბრუნდეს ქართველი სტუდენტი თურქეთიდან


ეკა წამალაშვილი, დავით პაიჭაძე, თბილისი რა შთაბეჭდილებებით შეიძლება დაბრუნდეს ქართველი სტუდენტი თურქეთიდან,

რომლის ენა და ისტორია მან მომავალ პროფესიად გაიხადა? ეკა წამალაშვილი შეგახვედრებთ ახალგაზრდა ქართველ აღმოსავლეთმცოდნეებს, რომლებიც სწავლას არც ზაფხულში დაეხსნენ და ცოდნა თურქეთში გაიღრმავეს. ჩვენი პროგრამის მეორე ნაწილში კი ვესაუბრებით პრომოუტერ ვანიკო თარხნიშვილს. მას იცნობენ როგორც მაღალი ხარისხის შოუების ორგანიზატორს. ამჯერად კი ვანიკოს სახელი, შეიძლება, თბილისობას დაუკავშირდეს. თუ როგორ - ამას ხუთიოდ წუთში შეიტყობთ.

ეკა წამალაშვილი:

საქართველოში მოსწავლეებსა და სტუდენტებს საზაფხულო არდადეგები გაუხანგრძლივდათ. პირველ სექტემბერს აქ სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები არ ახმაურებულა. ცოტაც და, ასე აღარ იქნება. მოსწავლეები და სტუდენტები სასწავლო დაწესებულებებს დაუბრუნდებიან და, მოსწონთ თუ არ მოსწონთ, სწავლას იმ მეთოდოლოგიით გააგრძელებენ, რაც საქართველოს განათლების სისტემაშია დამკვიდრებული. დღეს ჩვენ გაგაცნობთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს, რომლებმაც ზაფხულის არდადეგების ნაწილი თურქეთში გაატარეს და იქ “გაზის უნივერსიტეტში” თურქულის ენის ცოდნა გაიღრმავეს. ნინი ცინცაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე თურქეთის ისტორიის სპეციალობას ეუფლება, ოლიკო გოზალიშვილი კი - აღმოსავლეთის ქვეყნების საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობას. ქალაქ ანკარაში, “გაზის უნივერსიტეტში”, ისინი “თურქეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს” პროგრამით მოხვდნენ მას შემდეგ, რაც თურქულ ენაში გასაუბრება გაიარეს. ამ ზაფხულს ამავე პროგრამით თურქულ ენას ანკარაში სულ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის 5 სტუდენტი სწავლობდა. მათგან ნინი და ოლიკო აღნიშნავენ, რომ “გაზის უნივერსიტეტის” სასწავლო პროგრამა თურქულ ენაში იყო გაცილებით ეფექტიანი, იმ პროგრამასთან შედარებით, რომელსაც ისინი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადიან:

[ნინი ცინცაძის ხმა] “აქ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე საათი გვაქვს თურქულ ენაში, იქ მარტო თურქულს ვსწავლობდით გაძლიერებულად. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ სახელმძღვანელოები იყო ძალიან საინტერესო, ახლად გამოცემული. პედაგოგები იყვნენ ახალგაზრდები, ცდილობდნენ მეგობრული ურთიერთობა ჰქონოდათ ჩვენთან. როცა ვემშვიდობებოდით, სურათები გადავიღეთ და ძალიან გული დაგვწყდა იმის გამო, რომ შეიძლება ერთმანეთი ცხოვრებაში აღარ გვენახა. “

[ოლიკო გოზალიშვილის ხმა] “გრამატიკულად შეიძლება იმდენად არ დავიხვეწეთ, მაგრამ ლაპარაკი გაგვიადვილდა, იმიტომ რომ იძულებულები ვიყავით სულ თურქულად გველაპარაკა. ენის სწავლების იქაური პროგრამა მასწავლებელსაც და სტუდენტსაც მეტ თავისუფლებას ანიჭებს. მინდა, რომ აქაც მუშაობდეს ასეთი პროგრამა.”

“გაზის უნივერსიტეტი”თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და არსებობის 70 წლიან ისტორიას ითვლის. ის 24 ფაკულტეტს, 22 კოლეჯს და 5 ინსტიტუტს მოიცავს. მასში 54370 სტუდენტი სწავლობს. “გაზის უნივერსიტეტში” ლექციები თურქულ ენაში მიდიოდა ხალისიანად. ამ ლექციებზე იყო სხვადასხვა საინტერესო თემებზე დისკუსიები და თამაშები, რასაც ემატებოდა ექსკურსიები, პიკნიკები. პედაგოგები და სტუდენტები თავისუფალ დროსაც ერთად ატარებდნენ. თბილისიდან ანკარაში ჩასულ სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა მოენახულებინათ სტამბულიც. ამ ქალაქმა მათზე, მართლაც, დიდი შთბეჭდილება დატოვა. ამას გარდა, ქართველი სტუდენტები, საზაფხულო პროგრამით ანკარაში სხვა ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტებთან ერთად, შეახვედრეს თურქეთის პრემიერ-მინისტრს ერდოანს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ანკარაში თურქულ ენას ბელორუსიიდან, მოლდოვადან, ლიტვიდან, ესტონეთიდან, თურქმენეთიდან, ბოსნიიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩასულ სტუდენტებთან ერთად სწავლობდნენ და ამბობენ, რომ მათმა უცხოელმა თანატოლებმა საქართველოზე, ბევრი თუ არა, “ვარდების რევოლუციის” შესახებ მაინც იცოდნენ. თბილისელი ახალგაზრდები თურქეთში აკვირდებოდნენ იქაურ თანატოლებს, ცდილობდნენ გაერკვიათ რა თვისებებით განსხვავდებოდნენ ისინი ქართველი ახალგაზრდებისგან და ერთი ასეთი დასკვნა გამოიტანეს:

[ნინი ცინცაძის ხმა] “მე დავაკვირდი და ვიტყვი, რომ ქართველებისგან ძალიან განსხვავდებიან. კაფეში რომ შეხვალ, გამოვა კარგად ჩაცმული ახალგაზრდა თურქი. ის სწავლობს კიდეც და მუშაობს კიდეც, იმიტომ რომ არ უნდა მშობლების კმაყოფაზე იყოს. სულაც არ ეთაკილება ოფიციანტად მუშაობა.”

[ოლიკო გოზალიშვილის ხმა] “ჩვენთან ასეთი სამსახური ეთაკილებათ, იმათთან არ არის ასე. “

თურქეთი და თურქები ნინის და ოლიკოს ისე მოეწონათ, საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ პროფესიის არჩევაში არ შემცდარან. თურქულის სწავლას სახელმწიფო უნივერსიტეტში ისინი კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით გააგრძელებენ და თურქულ სიმღერებსაც ხშირად მოუსმენენ, რადგან თურქეთში ყოფნისას იქაურ მელოდიებს ყური მიაჩვიეს და მიხვდნენ, რომ მშვენიერი მოსასმენი ყოფილა.

[ნინი ცინცაძის ხმა] “როცა ჩავედი, თურქულ მუსიკას ვერ ვუსმენდი. მერე ისე შემიყვარდა, ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ ვგიჟდები თურქულ სიმღერებზე. იმან კასეტა მიყიდა თურქული სიმღერების, რაც ძალიან გამიხარდა. ძალიან კარგი სიმღერები აქვთ.”

დავით პაიჭაძე:

შეგახსენებთ, თქვენ უსმენთ ახალგაზრდულ პროგრამას. ახლა ვესაუბრებით პრომოუტერ ვანიკო თარხნიშვილს. თქვენ გაიგებთ, რომ ვანიკოს ინიციატივა ერთ, აქამდე ხელოვნურ დღესასწაულს სრულიად ახალ ფორმასა და შინაარსს შესძენს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG