Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კომისია შეშფოთებულია აღმოსავლეთ ევროპაში შიდსის გავრცელების მასშტაბებით


ევროპის კომისია მიიჩნევს, რომ ევროპის კავშირის აღმოსავლეთ ფლანგზე - როგორც ახალმიღებულ წევრ ქვეყნებში, ისე რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში - სახიფათო ვითარებაა შიდსის გავრცელების თვალსაზრისით და სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.

ავადმყოფობის დასაძლევად ევროპის კავშირი პოლიტიკურ მხარდაჭერას და მეტ ფინანსებს ჰპირდება გასაჭირში მყოფ ქვეყნებს.

როგორც კომისიის წარმომადგენელმა ბეატე გმინდერმა განაცხადა გასულ კვირაში ბრიუსელში, ევროპის კავშირი შიდსის თემას კავშირის პოლიტიკის უმნიშნველოვანეს საკითხთა შორის მიუჩენს ადგილს. ვითარება განსაკუთრებით მძიმეა ბალტიიპირა ქვეყნებში.

[გმინდერის ხმა] "ჩვენ ვიცით, რომ, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ, ესტონეთსა და ლიტვაში, მაჩვენებლები საგანგაშოა და მზარდია. ჩვენ ვგრძნობთ, რომ არა მხოლოდ ევროპის კავშირში, როგორც ასეთში, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც მეტი ძალისხმევაა საჭირო."

აქვე უნდა შვენიშნო, რომ ანგარიშში, რომელიც ევროპის კომისიამ მოამზადა, ლაპარაკია ესტონეთსა და ლატვიაზე და არა ლიტვაზე.

ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში შიდსის ვირუსით დაავადებულია მილიონ სამასიათასი, შესაძლოა, მილიონ ცხრაასიათასი ადამიანი. ესტონეთში ეს მაჩვენებელი მოსახლეობის ერთ პროცენტს შეადგენს, ლატვიაში 0.4 პროცენტს.

აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მოხერხდა ამ მაჩვენებლის შედარებით დაბალ დონეზე გაყინვა. დასავლეთ ევროპაში იგი 0,3 პროცენტს უდრის.

რუსეთი, უკრაინა და ბელორუსია ახლადდაავადებულთა რიცხვის მიხედვით პირველ ადგილზე არიან მსოფლიოში. უკრაინასა და რუსეთში ყოველი ასი მოზრდილიდან ერთი ინფიცირებულია. დაავადებულთა შორის ყველაზე ხშირი ასაკია 15-დან 25 წლამდე. მათი უმრავლესობა ნარკომანები არიან.

თუმცა, კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ ვირუსი დანარჩენ მოსახლეობაშიც ვრცელდება და სულ უფრო ძნელი ხდება მისი კონტროლი და პროფილაქტიკა.

გმინდერის თქმით, შეიმჩნევა საშიში ტენდენცია: შიდსის ვირუსით გამოწვეულ საფრხეს უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე წინათ.

[გმინდერის ხმა] „შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ მრავალი წლის განმავლობაში საზოგადოება შეეჩვია დაავადებას და ყურადღება მოადუნა. მაშინ, როცა ინფექციის გავრცელების მაჩვენებლები იზრდება.”

ანგარიში აჩვენებს, რომ 90-იან წლებში დასავლეთ ევროპაში ინფექციის დონის სტაბილიზაცია მოხდა პოლიტიკური ძალისხმევისა და გათვითცნობიერებულობის წყალობით.

იმის მიზეზი, რომ დღეს საზოგადოებაში ნაკლებ ყურადღებას უთმობენ შიდსს, ოფიციალურ პირთა აზრით, ნაწილობრივ ის არის, რომ აღმოჩენილია შიდსის დაავადების სიმპტომების სამკურნალო საშულებები. თუმცა განკურნება ჯერჯერობით შეუძლებელია. არ არსებობს არც შიდსის ვაქცინა.

დღეისთვის ევროპის კავშირი ყველაზე მსხვილი დამფინანსებელია გაეროსთან არსებული ე.წ. კომუნიკაბელური დაავადებების ფონდისა. 2003-2006 წლებში ევროკავშირმა მილიარდ 200 მილიონი ევრო გამოყო შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

მიუხედავად ამისა, ევროკომისიის წარმომადგენელს, ბეატე გმინდერს მიაჩნია, რომ მხოლოდ ფული ვერ უშველის საქმეს.
[გმინდერის ხმა] „ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამ ეტაპზე საქმე არ ეხება მხოლოდ ფულს. მხოლოდ ფულის ჩადება კი არ უშველის საქმეს, არამედ მნიშვნელოვანია კითხვა, როგორ ვიყენებთ ამ ფულს და სხვადასხვა მთავრობა როგორ ექცევა გამოყოფილ თანხას, გვაქვს თუ არა დაავადების პრევენცია გლობალურ დონეზე.”

ევროპის კომისიის დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებისადმი, რომ პოლიტიკური ინიციატივა გამოიჩინონ და ძალისხმევათა კოორდინაცია მოახდინონ. ამ კოორდინაციისკენ სვლას ევროპის კავშირის წევრი ქვეყნები დაიწყებენ მაღალი დონის კონფერენციაზე, რომელსაც ლიტვა უმასპინძლებს 16-17 სექტემბერს.
XS
SM
MD
LG