Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შამილ ბასაევი ბესლანში მძევლების აყვანისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს


ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთი სამხედრო ხელმძღვანელი შამილ ბასაევი ბესლანში მძევლების აყვანისთვის პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.

გარდა ამისა, ინტერნეტით გამოქვეყნებულ განცხადებაში ბასაევი ამბობს, რომ უკანასკნელ ხანებში მომხდარი სხვა ტერაქტებიც მისი მოწყობილია.

განცხადებაში, რომელიც შამილ ბასაევის სახელით გავრცელდა ინტერნეტში, ნათქვამია, რომ ბესლანის ტერაქტი და უკანასკნელი პერიოდის სხვა, "წარმატებული სამხედრო ოპერაციები" შეასრულა "რიადუს-სალიხინის" ჯგუფმა.

იგულისხმება ორი თვითმფრინავის აფეთქება და აფეთქება მოსკოვის მეტროში. ამ ტერაქტებს 100 ადამიანი ემსხვერპლა.

განცხადების თანახმად, ბასაევი სინანულს გამოთქვამს, რომ ბესლანში მოვლენებს სისხლიანი დასასრული ჰქონდა, მაგრამ ამისთვის პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დააკისრა.

მისი თქმით, მისი ჯგუფის წევრები მზად იყვნენ, გაეთავისუფლებინათ მძევლები, თუკი ხელისუფლება დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს. ეს იყო ჩეჩნეთში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტა და რუსეთის ჯარების გაყვანა, ან პუტინის გადადგომა.

ამ განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამორიცხა ჩეჩენ სეპარატისტებთან რაიმე სახის მოლაპარაკებები.

ჩეჩენ სეპარატისტთა ლიდერმა, ჩეჩნეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში კვლავ უარყო მძევლების აყვანასთან რაიმე კავშირი:

[მასხადოვის ხმა] "თუკი რუსეთის ხელმძღვანელებს მართლა ასე ძლიერ სურთ, რომ მე ვხელმძღვანელობდე ამგვარ ტერაქტებს, მათ არ გაუმართლათ, ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. მე ასეთი რამის კეთების უნარი არ გამაჩნია."

ჯერჯერობით არ ხერხდება იმის უტყუარად დადგენა, მართლა ბასაევს ეკუთვნის თუ არა ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადება. თუკი განცხადება ავთენტურია, მაშინ ბესლანის ტრაგედიის მთელი რიგი დეტალები ხდება ცნობილი. განცხადების თანახმად, ბესლანში ოპერაცია ჩაატარა 33-მა მეამბოხემ. მათ შორის იყვნენ ჩეჩნები, ინგუშები, ოსები და რუსები, აგრეთვე ორი არაბი. განცხადების ავტორი უარყოფს რაიმე კავშირს საერთაშორისო ტერორისტულ დაჯგუფება "ალ ყაიდასთან."

ტერორიზმის ექსპერტის, ირინა ისაკოვას აზრით, რომელიც რუსეთისა და დიდი ბრიტანეთის პარლამენტებს უწევს კონსულტაციას, თუკი მაინც დამტკიცდება მომხდართან უცხოელების რაიმე კავშირი, ეს რუსეთის ხელისულფებას საშუალებას მისცემს, ჩეჩენი სეპარატისტები იოლად გამოაცხადონ საერთაშორისო ტერორისტული ქსელის ნაწილად.

საინტერესოა, რომ განცხადების თანახმად, უკანასკნელ ხანებში მოწყობილი ტერაქტების განხორციელება შედარებით იაფი დაჯდომიათ თავდამსხმელებს. მაგალითად, ბესლანის აქციას, 8000 ევრო დასჭირდა, თვითმფრინავების აფეთქებას - 4000 დოლარი.

ამ ინფორმაციას ამაგრებს ტერორიზმისა და უსაფთხოების ექსპერტის, ნიკ პრატის კომენტარი. ჩვენს რადიოს მან უთხრა, რომ დღეს ტერორიზმის საერთაშორისო დაფინანსება პრაქტიკულად შეწყვეტილია წარმატებული ანტიტერორისტული ღონისძიებების წყალობით.

ამასობაში ცნობილი ხდება ბესლანის ტერაქტის სხვა დეტალებიც. გაზეთ "გარდიანს" მოჰყავს ჩეჩნეთის საკითხებში პუტინის მრჩევლის, ასლანბეკ ასლახანოვის სიტყვები იმის თაობაზე, რომ მოსკოვი აპირებდა, მეამბოხეთათვის შეეთავაზებინა ინგუშეთში დაკავებული მათი თანამებრძოლების განთავისუფლება. სანაცვლოდ 700-მდე ადამიანი უნდა ჩანაცვლებოდა მძევალ ბავშვებს. ასლახანოვის თქმით, მან ვერ მოასწრო სკოლაში მისვლა, სროლა უკვე დაწყებული იყო. შეგახსენებთ, რომ ასლახანოვი მონაწილეობდა რუსეთის წამყვან პოლიტიკურ წრეებსა და ჩეჩენ სეპარატისტებს შორის უკანასკნელ საზავო მოლაპარაკებებში 2000-2002 წლებში. მაგრამ რუსეთის მთავრობას ოფიციალურად არ დაუჭერია მხარი ამ სამშვიდობო გეგმისთვის.
XS
SM
MD
LG