Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ქართული სპორტის საუკუნე–დაუვიწყარი სახელები''


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი თამაშებთან დაკავშირებით გამოცხადებული სამთვიანი

შესვენების შემდეგ კვლავ ვაგრძელებთ გადაცემათა ციკლს: "ქართული სპორტის საუკუნე–დაუვიწყარი სახელები." ამჯერად სახელოვან მოჭიდავეს რომან რურუას წარმოგიდგენთ.

სპორტული ცხოვრება ხანმოკლეა. თუ ღმერთმა ინება და შენც ივარგე, შესაძლოა, დროის ამ მცირე, თუმცა კი მნიშვნელოვან, მონაკვეთში ცხოვრების მთავარი საქმეების გაკეთება მოასწრო. მაგალითად, რომან რურუამ მოასწრო და ამისთვის სულ ათი წელი დასჭირდა: საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში ექვსი ოქროს მედალი მოიპოვა, ოთხჯერ იყო მსოფლიოს ჩემპიონი, 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მიიღო, ოთხი წლის შემდეგ მეხიკოში კი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. არადა, მისი პირველი გატაცება ფეხბურთი იყო. მუხურჩელი ბიჭები აბაშისწყლის პირას თამაშით გულს რომ იჯერებდნენ, მერე ჭიდაობაში ცდიდნენ ერთმანეთს. რომანს ფეხბურთი უფრო ემარჯვებოდა და მოედანს ისე არ ტოვებდა, ერთი გოლი მაინც არ გაეტანა. მერე თბილისში წამოვიდა და ორი წელი ბავშვთა საფეხბურთო სკოლაში სწავლობდა, "ნორჩი დინამოელის" წამყვანი მოთამაშე გახდა. ერთხელაც მეზობელ ბიჭს პეტრეს დარბაზში გაჰყოლია და იქ უნახავს ნამდვილ ოსტატთა ჭიდაობა. ის დღე, როგორც რომანი ამბობს, გადამწყვეტი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში:

[რომან რურუას ხმა] "ბავშვები აივანზე ვიდექით და იქიდან ვუყურებდით ვარჯიშს. საქმეს რომ მორჩნენ, ერთმა მოხუცმა კაცმა ამოგვხედა და ხელი დაგვიქნია – აბა, ვისაც ჭიდაობა უნდა, აქ ჩამოვიდესო. ის კაცი თურმე ცნობილი მწვრთნელი ნერსეს აკოფოვი იყო. მეორე დღეს დაგვიბარა და პატარა გამოცდა მოგვიწყო – ხელებზე აწევა, ბაგირზე ცოცვა, ღერძზე აზიდვა...მითხრა, შენ დარჩი, შენი საქმე ჭიდაობააო."

ერთ კვირაში სპორტის სასახლეში ჭაბუკთა საქალაქო პირველობა გაიმართა და რომანმა ყველას აჯობა, სამ თვეში საქართველოს ჭაბუკთა პირველობა მოიგო. 17 წლისა უკვე დიდებში გამოდიოდა, 1961 წელს კი საბჭოთა ნაკრებში მიიწვიეს. იმ წელს საკავშირო ჩემპიონატი ქუთაისში ჩატარდა. რომანმა რამდენიმე ცნობილი მოჭიდავე დაამარცხა, მათ შორის – გენადი საპუნოვი. მასთან ჭიდაობისას რომანს ერთი ისეთი ორიგინალური ილეთი გამოსვლია, სახელგანთქმული მწვრთნელი არკადი ლენცი ფეხზე წამომდგარა და ტაში დაუკრავს. თავად რომანს სულ სხვა ეპიზოდი ახსოვს:

[რომან რურუას ხმა] "ფინალში გადასასვლელად როსტოველ სტაშკევიჩს ვხვდებოდი. აკოფოვმა გამაფრთხილა, კისერზე ხელი არ დაადო, ეგრევე ვერტუშკას გაგიკეთებსო. დავიწყეთ ჭიდაობა და ერთ წუთში ხალიჩაზე ბეჭებით აღმოვჩნდი. მწვრთნელი გამიბრაზდა – ეს რა ჰქენი, კისერხე ხელი რატომ დაადეო. არადა, არ დამიდვია. გვიან მივხვდი, საქმე რაშიც იყო. სტაშკევიჩმა მაჯა დამიჭირა და ჩემი მარჯვენა თვითონ დაიდო კისერზე. იმ შემთხვევამ ბევრი რამ მასწავლა. "

რომან რურუამ სწრაფად გაიკვლია გზა "მაღალი საზიგადოებისკენ" - საჭოთა ნაკრების ლიდერი გახდა და მოგვიანებით გუნდის კაპიტნადაც აირჩიეს. "რომანი საქმის და წესრიგის კაცია, – წერს რურუას დროინდელი ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანატოლი კოლესოვი, – არავის უნახავს ვარჯიშზე დაგვიანებული ან უქმად მყოფი რურუა. გამოირჩეოდა პირდაპირობით და ლიდერის თვისებებით. მეტოქეები ტყვიასავით უფრთხოდნენ – მასთან გამკლავება ურთულესი საქმე იყო."

როცა ალალი ჭიდაობით არაფერი გამოსდიოდათ, ბრძოლაში ზოგჯერ მსაჯები ერთვებოდნენ. ასე მოხდა ტოკიოში – მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან, უნგრელ იმრე პოიაკთან, აშკარად მოგებული შეხვედრა ფრედ დაამთავრებინეს. ამ უსამართლობას დიდი ხმაური მოჰყვა, მაგრამ ფილას ჩინოვნიკებმა მსაჯების გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს და ოქროს მედალი პოიაკს გაატანეს, მართლა ჩემპიონს კი ვერცხლის მედალი ერგო. რურუას ჯერი 1966 წელს დადგა, როცა ტოლედოში მსოფლიო ჩემპიონის პირველი ტიტული მოიპოვა. თანაც ისე, რომ ექვს მეტოქეს, ჯამში, 82 ქულა აართვა, თავად კი ქულაც არ დაუკარგავს. მომდევნო ჩემპიონატი ბუქარესტში გაიმართა და იქ გამარჯვება გაცილებით ძნელი გამოდგა:

[რომან რურუას ხმა] "როცა ფინალურ ჯგუფში ოთხნი გავედით, მე იაპონელ ფუძიმოტოს შევხვდი. სუფთად თუ არ მოვიგე, შეიძლება მედალი არც მერგოს. პირველ პერიოდში არაფერი გამომივიდა, – იაპონელი ფრთხილობდა, მარცხენა ხელს არ მაძლევდა. მეორეში იგივე ტაქტიკით გავაგრძელე, როგორც იქნა, მარცხენა ხელი წავართვი, მოგვერდით წავიღე, მაგრამ ხიდზე შედგომა მოასწრო...მაგრად მიჭირავს, ვხედავ ცხვირი ჩემს მუცელზე აქვს მოდებული. ტანით მარჯვნივ შევტრიალდი და ორ წამში ხიდიც ჩატყდა."

ამის შემდეგ რომანმა კიდევ ორ მსოფლიო ჩემპიონატში გაიმარჯვა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ვიქტორ იგუმენოვი იხსენებს: "მე და რომანი ნაკრებში თითქმის ერთ დროს მოვედით და მაშინვე დავმეგობრდით. შეკრებებსა და შეჯიბრებებზე ერთ ოთახში ვცხოვრობდით. ასეთ გულღია და ალალ ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ. მან კლასიკური ჭიდაობის ცალკეული ილეთები ხელოვნების დონემდე აიყვანა. რომანი რომ იყო, ეგეთები სადღა არიან. რომანი დიდი იყო."

ეს კიდევ ერთხელ მეხიკოს ოლიმპიადაზე დადასტურდა. მეხიკოს თამაშების ბოლო სახეობა კლასიკური ჭიდაობა იყო, ბოლო ოქროს მედალი კი რომან რურუას ერგო. მოჭიდავეთა ტურნირის შეჯამებისას მექსიკური გაზეთი "ელ სოლო" წერდა: "ოთხი წლის წინ ტოკიოში საბედისწერო გაუგებრობა მოხდა – ყველაზე ძლიერსა და ღირსეულს ოქროს მედალი წაართვეს. რურუა ამ მკაცრ განაჩენს უსიტყვოდ დაემორჩილა, მაგრამ თურმე კარგად დაიმახსოვრა. მეხიკოში რურუა ძველ ანგარიშებს ასწორებდა და მასთან ბრძოლა, უბრალოდ, შეუძლებელი იყო."
XS
SM
MD
LG