Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსჯავრდებულ პირთა ერთი პრობლემის შესახებ


დავით პაიჭაძე, თბილისი 30 სექტემბერს პარლამენტი პატიმრობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანაზე მსჯელობდა. ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულ პატიმრებთან ერთად სასჯელაღსრულების

დაწესებულებაში მოხვდებიან ის ადამიანები, რომელთაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი, მაგრამ ის სხვა სასამართლო ინსტანციაშია გასაჩივრებული. მე შევეცადე გამერკვია ამ გადაწყვეტილების მოტივები და მართლზომიერება, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით.

გადაწყვეტილება, მსჯავრდებული პირები იმ პატიმრებთან ერთად მოთავსდნენ, ვისი ბედიც ჯერ კიდევ საბოლოოდ გადაუწყვეტელია, რომ იტყვიან, კარგი ცხოვრებით არ არის ნაკარნახევი. თბილისის საგამოძიებო იზოლატორში პატიმართა რიცხვი თითქმის ოთხჯერ აღემატება მათთვისვე განკუთვნილი ადგილების რაოდენობას. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ზუგდიდის საგამოძიებო იზოლატორებში ყოველდღიურად 100 პატიმარი მაინც შეჰყავთ. იზოლატორები გადაჭედილია. პარლამენტარებსა და იუსტიციის სამინისტროს პრობლემის გადაჭრის გზად ესახებათ იზოლატორთა გარკვეული კატეგორიის ბინადრების მოთავსება მსჯავრდებულების გვერდით.

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] “რაც არის, ჩემი აზრით, ფუნდამენტური დარღვევა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს არანაირი სერიოზული პრობლემა არ არის, რადგან ხალხი ვერ ეტევა ციხეებში. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს: თუ ხალხი ვერ ეტევა ციხეებში, ამდენი ხალხი არ უნდა დააპატიმრო. იმდენი უნდა დააპატიმრო, რამდენიც შეგიძლია.”

ასე ფიქრობს პარლამენტის წევრი ლევან ბერძენიშვილი. ელენე თევდორაძე კი ამბობს, რომ საგამოძიებო იზოლატორში წინასწარ პატიმრობას უამრავი ისეთი ადამიანი იხდის, რომლისთვისაც პროკურორსაც შეეძლო არ მოეთხოვა, ხოლო მოსამართლეს - არ მიესაჯა მაინცდამაინც ეს აღმკვეთი ღონისძიება. ამ ადამიანებს ბრალი ედებათ წვრილმან ქურდობასა ან ნარკოტიკების მოხმარებაში. ელენე თევდორაძე სამთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების ლამის წესად ქცევის მიზეზს ასე განმარტავს:

[თევდორაძის ხმა] “როცა მე ვესაუბრები პროკურორს და ძალიან იშვიათად - მოსამართლეს, იცით, რას მპასუხობენ? მე რომ ახლა სამთვიანი არ გამოვუტანო, იტყვიან, რომ ქრთამი ავიღე. მხოლოდ ამის შიშით მიდიან სამთვიან პატიმრობაზე. ამით პრაქტიკულად ვანგრევთ სასამართლო სისტემას.”

საგამოძიებო იზოლატორებში საშინელი მდგომარეობაა, მითხრა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიგა ბოკერიამ, რომელიც აღნიშნული ცვლილების ინიციატორია:

[ბოკერიას ხმა] “ეს ინიციატივა მოკლევადიანი გადაწყვეტის მცდელობაა: იყოს საშუალება, პირველი ინსტანციის მიერ მსჯავრდებული ადამიანები გადაყვანილი იქნენ სხვადასხვა ადგილებში პატიმრებთან, მაგრამ უზრუნველყოფილი იყოს მათი იზოლაცია და განსხვავებული რეჟიმი. აქ ისმის ლეგიტიმური კითხვა: არის კი ეს შესაძლებელი?”

აღმოჩნდა, რომ ახლა ეს შესაძლებელი არ არის: თუმცა იუსტიციის სამინისტრო კისრულობს უახლოეს მომავალში, ამ ხსენებული ცვლილების ამოქმედებისას, რამდენიმე კოლონიაში უზრუნველყოს საგამოძიებო იზოლატორის რეჟიმის ამოქმედება და ამ რეჟიმში მსხდომი პატიმრები გამიჯნოს კასაციის უფლების გარეშე, საბოლოოდ მსჯავრდებული, პატიმრებისაგან.
XS
SM
MD
LG