Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეძლებენ თუ არა რუსი ჟურნალისტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გარდატეხის შეტანას


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმეთვიანი შესვენების შემდეგ საქართველო კვლავ „რუსულ სამშვიდობო“ დესანტს მასპინძლობს. თუ მაისის ბოლოს თბილისში ჩამოსულ რუსული ბიზნესის

წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ინვესტიციების ჩადების მომხიბვლელობაში არწმუნებდა, ამ კვირის ბოლოს თბილისში ჩამოსული რუსეთის მედიის წარმომადგენლების წინაშე მასპინძლები რუსეთისადმი საქართველოს მეგობრული დამოკიდებულების დემონსტრირებას ცდილობდნენ. შეძლებენ თუ არა რუსი ჟურნალისტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დათბობაში რამდენადმე მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ?



ტრადიციულად, საქართველოში სტუმარი უყვართ. ასევე ქართული ტრადიციებით, სტუმარს სტუმრობის მიზანს არ ეკითხებიან ხოლმე. თუმცა გასული კვირის ბოლოს საქართველოში სტუმრად რუსი ჟურნალისტების მოწვევას, როგორც ირკვევა, მკაფიო მიზანი ჰქონდა -დაერწმუნებინათ რუსეთის მედიის წარმომადგენლები, რომ საქართველო რუსეთის მტერი ქვეყანა არ არის, რომ საქართველოში კვლავ იწურება გემრიელი ქართული ღვინო და რომ საქართველოში რუსები კვლავ სასურველი სტუმრები არიან.
იმ რეპორტაჟების მეშვეობით, სხვადასხვა ტელეკომპანიის ეთერით ბოლო ორი დღის მანძილზე რომ გადაიცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას: რუსი ჟურნალისტები თავადაც დარწმუნდნენ, რომ საქართველოში - კერძოდ, კახეთში - კვლავ უგემრიელესი ღვინო იწურება. სტუმრებმა ჩურჩხელებიც ამოავლეს საკუთარი ხელით და რთველშიც მიიღეს მონაწილეობა. ემოციებიც შესაბამისი იყო - სწორედ ისეთი, ტრადიციულად ქართველებს რომ ძალიან გვახარებს: რომ ჩვენი სტუმარმასპინძლობის ტრადიცია შეუდარებელია, რომ არაჩვეულებრივი ხალხი ვართ, რომ ჩვენი სამზარეულო უგემრიელესია, სიმღერები კი - ღვთიური. შეიძლება თუ არა ამის საფუძველზე დავასკვნათ, რომ მისია შესრულებულია? - ამ კითხვაზე მედიის ექსპერტი მარინა მუსხელიშვილი გვიპასუხებს:
[მარინა მუსხელიშვილის ხმა] „ საერთოდ, ეს ხერხი კარგია, როცა გინდა ადამიანებთან ადამიანური ურთიერთობა დაამყარო, მაგრამ ჟურნალისტებზე ძალიან ხშირად არ არის დამოკიდებული ის, რა ხდება რუსულ მედიაში.“
რუსი ჟურნალისტების საქართველოში მოწვევის ფაქტი არ უკვირს ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, - მით უფრო, თუ ეს ვიზიტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება, - თუმცა დასახული მიზნის ამ აქციით მიღწევის შესაძლებლობა აეჭვებს:
[ ზვიად ქორიძის ხმა] „ თუ ვინმეს აქვს სურვილი, მოიწვიოს საქართველოში უცხოელი - ამ შემთხვევაში, რუსი ჟურნალისტები - და ყველას ერთად დაანახვოს ის, რისი დანახვაც სურთ თბილისში და ათქმევინონ ის, რაც სურთ თბილისში - ამაში შეიძლება არც არაფერი იყოს ტრაგიკული. თუმცა იმ ჯგუფში, რომელიც ჩამოვიდა თბილისში, არიან ჟურნალისტები, რომლებიც არ დაემორჩილებიან ამ ნებას - თქვან ის, რაც თბილისში სურთ. შეიძლება ამ კამპანიისას თქვან ის, რაც დაინახეს.“(სტილი დაცულია)
რეალურად რა დაინახეს საქართველოს სტუმრებმა, ეს მათი პუბლიკაციების შემდეგ გაირკვევა. საქართველოს კიდევ ერთი სტუმარი კი, მოსკოვში მოღვაწე რეჟისორი თამარ დულარიძე, ერთ ტენდენციაზე ამახვილებს ყურადღებას: მისი აზრით, დღეს რუსული საზოგადოება კვლავ „მითებით“ სულდგმულობს:
[თამარ დულარიძის ხმა] „როგორც ვერასდროს ვერ ამბობდნენ, უბრალოდ, “საქართველოს” და აუცილებლად უნდა ეთქვათ „მზიური საქართველო“, - ამ კლიშეს ხედავდნენ, - ზუსტად ასეთივე კლიშე გახდა მტრობის და შიშის სინდრომი, რომელიც შექმნეს რუსმა ჟურნალისტებმაც.“(სტილი დაცულია)
სხვათა შორის, ამ მხრივ, საინტერესო უნდა იყოს რამდენიმე დღის წინ რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვა. კითხვაზე, რომელი სახელმწიფოსგან უნდა ელოდეს რუსეთი საფრთხეს, ამერიკისა და ნატოს წევრი სახელმწიფოების გვერდით, გამოკითხულთა 1-მა პროცენტმა საქართველო დაასახელა.
XS
SM
MD
LG