Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ქართულ-აზერბაიჯანული მონაკვეთი შეადუღეს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი შაბათს, 16 ოქტომბერს, საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე ხალხმრავლობა იყო - ორი ქვეყნის პრეზიდენტმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის

ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივენ მანმა, კომპანია ბი-პი- აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დევიდ ვუდვორდმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის ქართულ-აზერბაიჯანული მონაკვეთის შედუღების ცერემონიაში მიიღეს მონაწილეობა. საუკუნის პროექტად წოდებული ეს მილსადენი, რომლის სიგრძეც 1768 კილომეტრია, საქართველოსა და აზერბაიჯანის გარდა, თურქეთის ტერიტორიაზეც გაივლის და გაისად ამუშავდება. როგორ ჩაიარა ქართულ-აზერბაიჯანული მონაკვეთების შედუღებამ?



[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ ეს არის ოცნებების ასრულების მნიშვნელოვანი ეტაპი.“

ძნელია, არ დაეთანხმო საქართველოს პრეზიდენტს - მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტად აღიარებული კასპიის ენერგომატარებლების ახალი მილსადენის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, რეალური მნიშვნელობა ოცდამეერთე საუკუნის პირველივე წლებში გაირკვა, როცა ნავთობის ფასმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია. თუ ეს ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების საუკეთესო საშუალებაა, - საკმარისია გავიხსენოთ რუსეთი, რომლის ხაზინა ნავთობის ფასის ზრდასთან ერთად სულ უფრო იზრდება, - იმ ქვეყნებს, რომლებიც ნავთობის იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, ეს დიდ პრობლემებს უქმნის. შესაბამისად, 2005 წლის მეორე კვარტალში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ამოქმედებამ, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები შეიტანოს ნავთობის ფასის დადგენაში.
რაც შეეხება იმ ქვეყნებს, ვის ტერიტორიაზეც ნავთობსადენი გაივლის, - საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ოცნებების ასრულების მნიშვნელოვანი ეტაპის დადგომის მიუხედავად, მას არა აქვს ილუზია, რომ საქართველოს ყველა პრობლემა მოიხსნება:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ რა თქმა უნდა, მე არა მაქვს ილუზია, რომ ნავთობსადენი ყველა ჩვენს პრობლემას გადაწყვეტს. ეს ასე არ არის და თუკი ვინმე საქართველოს წინა ხელისუფლებაში ხალხს ჰპირდებოდა, იქნება ნავთობსადენი და საქართველოს ყველა სოციალური პრობლემა გადაწყდებაო, ეს, უბრალოდ, არ იქნებოდა გულწრფელობა.“
ნავთობსადენმა რომ პრობლემები არათუ არ მოაგვარა, არამედ ახალი პრობლემებიც გააჩინა, ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ჯვრის“ ხელმძღვანელი რამაზ კორშია. იგი ახალციხის მაგალითის მოშველიებით ამტკიცებს, რომ სოციალური პრობლემების მოგვარების დაპირება დაპირებად რჩება:
[ რამაზ კორშიას ხმა] „ ფაქტობრივად, ბი-პი-სთან შებრძოლებას აზრი აღარ ჰქონდა. აი, დანგრეული ქუჩები იყო ადრეც. ახლა ამ ქუჩებზე დანგრეული მანქანები დადიან. მტვერი, ბუღი დგას. ეს ყველაფერი უნდა აიღონ თავის თავზე, რომ მოაწესრიგონ - ქალაქისთვისაც და თავისთვისაც. ამასაც არ აკეთებენ.“
არადა, იგივე ბი-პი გარემოს დაცვითი და სოციალური პროგრამებისთვის საკმაოდ სოლიდურ თანხებს გამოყოფს. ამას საქართველოს პრეზიდენტიც ადასტურებს:
[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ ჩვენ მოვახერხეთ დამატებით - როგორც ეს თქვა ბრიტიშ პეტროლიუმის პრეზიდენტმა - 60 მილიონამდე დოლარის წამოღება ჩვენი ერთობლივი კეთილი ნების შედეგად. ეს საშუალებას მოგვცემს მომავალი წლის ზაფხულისთვის სულ სხვანაირად მოვამზადოთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კურორტის, ბორჯომის, ინფრასტრუქტურა.“
საუბარია 10 ოქტომბერს ბორჯომში ხელმოწერილ ორ ოქმზე, რომლის თანახმადაც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიამ დამატებითი თანხები გამოყო მილსადენის დაცვის უზრუნველსაყოფად და სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად.
XS
SM
MD
LG