Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთში კვლავინდებურად ორხელისუფლებიანობაა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აფხაზეთში მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით ვითარდება. ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და უზენაესი სასამართლოს წევრების შემდეგ

მოქმედ პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას უკვე აფხაზური პარლამენტიც განუდგა: სოხუმიდან მოსული ცნობებით, პარლამენტი არ აპირებს მხარი დაუჭიროს არძინბას გადაწყვეტილებას, სამი თვის ვადაში აფხაზეთში პრეზიდენტობის განმეორებითი არჩევნების დანიშვნის შესახებ.

ბოლშევიკების პერიოდში რევოლუციონერები, პირველ რიგში, ფოსტა-ტელეგრაფს, ბანკის შენობასა და ხიდებს იკავებდნენ. როგორც ჩანს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ახალი თაობის რევოლუციონერთა ნომერ-პირველი „ობიექტი“ პარლამენტის შენობაა - ასე მოხდა დაახლოებით ერთი წლის წინ თბილისში, სადაც მაშინდელი ოპოზიცია სწორედ პარლამენტის შენობაში შეიჭრა; ასე მოხდა 30 ოქტომბერს სოხუმში -საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხებული რაულ ხაჯიმბას მომხრეები ასევე პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ, სადაც აფხაზური პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იყო დანიშნული. სააგენტო კავკაზპრესის ცნობით, რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე პრეზიდენტობის კანდიდატის რაულ ხაჯიმბას 200-მდე მომხრემ დაიკავა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტის შენობა, მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა. კიდევ 150-მდე ადამიანმა სამთავრობო შენობის კომპლექსის შესასვლელი ბლოკადაში მოაქცია. მათი განცხადებით, სერგეი ბაღაფშის მომხრეები - ეს კი დეპუტატთა უმრავლესობაა - პარლამენტში რიგგარეშე სესიაზე ვლადისლავ არძინბას გადაწყვეტილების გაუქმებას გეგმავენ - ამ გადაწყვეტილებით, აფხაზეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები სამი თვის ვადაში უნდა გაიმართოს.

რუსული ინტერნეტგამოცემების ცნობით, 30 ოქტომბერს დაგეგმილ რიგგარეშე სხდომაზე, ახალი არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილების გარდა, აფხაზური პარლამენტის წევრებს კიდევ ერთ კანონპროექტზე უნდა ემსჯელათ. კანონპროექტი „აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის შესახებ“ ვლადისლავ არძინბასა და მისი ოჯახის წევრებს ფართო უფლებებსა და მატერიალურ გარანტიებს აძლევს. მაგალითად, კანონპროექტით, აფხაზეთის პირველი პრეზიდენტი აფხაზეთის ახალი პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იღებს. ამავე დროს, სიცოცხლის ბოლომდე ხდება პარლამენტის საპატიო წევრი, რაც მას, პარლამენტის სხდომებზე სიტყვის ურიგოდ მიცემის გარდა, მისი ინიციატივების აუცილებელი განხილვის პრივილეგიასაც აძლევს. გარდა ამისა, ინტერნეტგამოცემა „პოლიტიკის“ ცნობით, პირველი პრეზიდენტის მატერიალური და სოციალური დაცვის გარანტიები, თურმე, აფხაზური საზოგადოების აღშფოთების კიდევ ერთ მიზეზად იქცა.

„ხელისუფლებავ, შეგეძლოს წაგება“ - ეს მოწოდება დღეს სოხუმში ყველაზე პოპულარულია. ისევ ისტორიას თუ გავიხსენებთ - წაგების აღიარება მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ.
XS
SM
MD
LG