Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში გაიხსნა ბიზნესკონფერენცია ”ინვესტირება საქართველოში”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ლონდონში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანიც საქართველოში დასავლური კაპიტალის მოზიდვაა. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია ფიქრობს,

რომ მსგავსი ტიპის ფორუმი, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად იმართება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ქვეყანას ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება. ამ კონფერენციაზე მთავრობა დიდ იმედებს ამყარებს. როგორ მიმდინარეობს ლონდონის ფორუმი?

”ინვესტირება საქართველოში” - ასეთია იმ საკმაოდ ამბიციური კონფერენციის თემა, რომელიც 11 ნოემბერს ლონდონში გაიხსნა. ამ ტიპის ფორუმი ქვეყნის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება და მის ორგანიზებაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იღებს მონაწილეობას. ფორუმის ადგილად ”ნისლიანი ალბიონი” შემთხვევით არ იქნა შერჩეული: ბრიტანეთის დედაქალაქი სერიოზულ ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს და, შესაბამისად, ეკონომიკურ კონფერენციაშიც სოლიდური დასავლური კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

კონფერენცია ევრობანკის პრეზიდენტმა ჟან ლემიერმა და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ გახსნეს. ჟვანია ამ ფორუმზე დიდ იმედებს ამყარებს და ფიქრობს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოსაზიდად აღნიშნული ღონისძიება ეფექტური იქნება:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] „რაც მთავარია, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ასეთი მასშტაბის საინვესტიციო კონფერენცია. ევრობანკი მუშაობდა რამდენიმე თვე და ასობით უმსხვილესი ევროპული ფირმა და კომპანია იქნება წარმოდგენილი. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინტერესი და იმედი მაქვს, რომ ბევრი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოში ინვესტიციები განახორციელოს.“


საქართველოს სამთავრობო დელაგაციაში, პრემიერ-მინისტრის გარდა, ეკონომიკური განვითარების, ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტია წარმოდგენილი. კონფერენციაში ასევე მონაწილეობენ ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც შეეცდებიან მსხვილი დასავლური კაპიტალის წარმომადგენლებთან საერთო ენის გამონახვას და იმედი აქვთ, რომ საქართველოში რამდენიმე ერთობლივ პროექტსაც განახორციელებენ. ქართული დელეგაცია ლონდონში იმ საკანონმდებლო ცვლილებებს გააცნობს საზოგადოებას, რომელიც ფისკალური პოლიტიკის ლიბერალიზაციას და ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სამთავრობო დელეგაციამ კონფერენციაზე ის საპრივატიზებო გეგმა და კონკრეტული ობიექტების შესახებ ინფორმაცია წარადგინა, რომელთა განკერძოებაც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ლონდონის ფორუმი ემსახურება საქართველოს, როგორც ინვესტიციებისათვის უსაფრთხო ქვეყნის, პოპულარიზებას. ამ ტიპის ღონისძიებები, გარდა იმისა, რომ ქვეყნის მიმართ ბიზნესწრეების ყურადღების მიპყრობის ეფექტური საშუალებაა, პირადი კონტაქტების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

თავად ბიზნესკონფერენცია ”ინვესტირება საქართველოში” ორდღიანია და იგი 12 ნოემბერს დასრულდება. ლონდონის შემდეგ საქართველოს მთავრობა, ამერიკული კაპიტალის დაინტერესების მიზნით, ანალოგიური ფორუმის გამართვას შტატებშიც გეგმავს.
XS
SM
MD
LG