Accessibility links

ახალი ამბები

იტალიის სახელმწიფო ბრალმდებელმა ილდა ბოკასინიმ

იტალიის სახელმწიფო ბრალმდებელმა ილდა ბოკასინიმ პარასკევს სასამართლოს ქვეყნის

იტალიის სახელმწიფო ბრალმდებელმა ილდა ბოკასინიმ პარასკევს სასამართლოს ქვეყნის
პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთვის რვა წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა სთხოვა. პროკურორი ქალბატონი ირწმუნება, რომ ბერლუსკონიმ ქრთამი გადაუხადა მოსამართლეებს იმისათვის, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, ვიდრე ბერლუსკონი პოლიტიკაში შეაბიჯებდა, ხელი შეეშალა კონკურენტი ბიზნესმენისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კვების ობიექტების ქსელის შეძენაში. ბერლუსკონის კორუმპირებულობის დასამტკიცებლად სასამართლო პროცესი უკვე მეოთხე წელია გრძელდება და ის ან მიმდინარე წლის ბოლოს, ან 2005 წლის დასაწყისში უნდა დასრულდეს.

ყველა ახალი ამბავი

ჩაიკამ რუსეთის გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა

იური ჩაიკამ დატოვა რუსეთის გენერალური პროკურორის პოსტი, იტყობინება კრემლის პრესსამსახური, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ თანამდებობაზე ფედერაციის საბჭოში წარადგინა საგამოძიებო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის, იგორ კრასნოვის კანდიდატურა.

ჩაიკა თანამდებობიდან გაათავისუფლეს „სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო“. სად იმსახურებს ის, ჯერჯერობით არაა ცნობილი.

პრეზიდენტის კანდიდატურას ფედერაციის საბჭო განიხილავს 22 იანვარს.

ჩაიკა 68 წლისაა. ის გენერალური პროკურორი იყო 2006 წლიდან.

იური ჩაიკას ვაჟებს, მსხვილ ბიზნესმენებს, ეძღვნებოდა ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოძიება.

თალაკვაძე: თუ ოპოზიცია ახალ მოდელს არ დათანხმდება, არჩევნები ჩატარდება არსებული სისტემით

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციისთვის შეთავაზებულ კომპრომისად აფასებს „ქართული ოცნების“ წინადადებას, რომლის თანახმად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა 77-დან 100-მდე გაიზრდება, ხოლო მაჟორიტარი დეპუტატების შემცირდება 73-დან 50-მდე.

თალაკვაძემ დღეს, 20 იანვარს მედიას უთხრა, რომ ოპოზიციასთან დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის ემზადებიან: „ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ჩვენ ველოდებით უკვე კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით".

„თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ვერ მოხდება შეთანხმება ახალ მოდელთან დაკავშირებით, მაშინ თქვენ ყველამ იცით, რაც მოხდება - მოხდება ის, რომ არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემის ფარგლებში", - განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების გაგრძელების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წინა შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის 20 დეკემბერს გაიმართა, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, თუმცა, მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს წინადადება მიუღებელია და საპროტესტო აქციები გაგრძელდება. მანამდე ხელისუფლება არ დაეთანხმა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

სომხეთ-საქართველოს საზღვართან ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

სომხეთ-საქართველოს საზღვარის სიახლოვეს, ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკასთან ადგილობრივმა ფერმერებმა გზა გადაკეტეს. ისინი უწყლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე წელია წყალი მხოლოდ 5 ფერმერს მიეწოდება, სოფლის 300 ოჯახი კი უწყლოდაა დარჩენილი. იმ 5 ფერმერიდან, ვისაც წყალი მიეწოდება, ერთი ნინოწმინდის საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანია.

სოფლის მოსახლეობის ნაწილმა 16 იანვარს წყალსადენის გადაკეტვაც სცადა, რის გამოც ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კიურეღიანის ოჯახის წევრები და აქციის რამდენიმე მონაწილე.

დაპირისპირების შედეგად დააკავეს სოფლის ორი მკვიდრი და მათ წინააღმდეგ საქმეა აღძრული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

უწყლობის გამო, სოფელ გორელოვკის სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ნაწილობრივ შეწყდა. როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, უწყლობის გამო სკოლაში სველი წერტილების დასუფთავების პრობლემა შეიქმნა, რის გამოც მოსწავლეები მესამე გაკვეთილის შემდეგ შინ გაუშვეს.

აქციის მონაწილეები და სოფლის მცხოვრებლები სამცხე-ჯავახეთის მხარის გუნერნატორთან, ბესიკ ამირანაშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატთან, ენზელ მკოიანთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის გახსნას არ აპირებენ.

ზარიფი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არ დაესწრება აშშ-თან დაძაბულობის გამო

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი დავოსში სიტყვით გამოსვლისას, 2017 წლის 18 იანვარს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი არ დაესწრება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც შვეიცარიაში, დავოსში იწყება 21 იანვარს. ამის თაობაზე ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, აბას მუსავიმ განაცხადა პრესკონფერენციაზე 20 იანვარს.

ყოველწლიური შეხვედრა მიმდინარეობს ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობის დაძაბვის ფონზე. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დავოსში ჩასვლა დაგეგმილია.

მუსავის თქმით, ზარიფი დავოსში პირადად იყო მიწვეული და ოთხდღიან შეხვედრას უნდა დასწრებოდა.

„მათ შეცვალეს თავდაპირველი პროგრამა, რომელიც მისთვის ჰქონდათ, და რომელიც შეთანხმებული იყო და სხვა რაღაც მოიფიქრეს“, თქვა მუსავიმ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ვიზიტი აღარ შედგება, განაცხადა მან.

ურთიერთობა ირანსა და აშშ-ს შორის დაიძაბა მას მერე, რაც ტრამპმა აშშ-ს დაატოვებინა 2015 წლის ბირთული შეთანხმება და ირანს ახალი სანქციები დაუწესა.

ორი ქვეყანა ომის პირას აღმოჩნდა მას მერე, რაც აშშ-მა საჰაერო თავდასხმის გზით მოკლა ირანის მაღალი რანგის სამხედრო მეთაური, ყასემ სოლეიმანი. ირანმა 8 იანვარს რაკეტები დაუშინა ერაყის სამხედრო ბაზას, სადაც აშშ-ის სამხედროები არიან განთავსებული.

რამდენიმე საათში ირანის შეიარაღებულმა ძალებმა უნებლიეთ ჩამოაგდეს უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელში მყოფი ყველა, 176, ადამიანი დაიღუპა. თავიდან ირანი აცხადებდა, რომ კატასტროფა შემთხვევით მოხდა.

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესის ხელმძღვანელი: სადაზვერვო უწყებები უკრაინის შესახებ დოკუმენტებს აყოვნებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, სადაზვერვო კომიტეტის თავმჯდომარე ადამ შიფი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა, ადამ შიფმა (დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა კალიფორნიაში) ბრალად დასდო აშშ-ის სადაზვერვო უწყებებს, რომ აჩერებენ კონგრესის მიერ მოთხოვნილ, უკრაინის შესახებ დოკუმენტებს, რომლებიც უკავშირდება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს. წამყვანმა ბრალმდებელმა, იმავე პროცესის მენეჯერმა, პალატის შვიდ კანონმდებელთან ერთად ამერიკის მედიას განუცხადა 19 იანვარს, რომ ეროვნული უშიშროების სააგენტო (NCA) და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) „ჩანს, დაემორჩილნენ [ტრამპის] ადმინისტრაციის ზეწოლას“. შიფმა უთხრა ABC-ის პროგრამა This Week-ს, რომ ეროვნული უშიშროების სამსახური აჩერებს დოკუმენტებს უკრაინის შესახებ, რომლების ნახვაც შეიძლება სენატორებს სურდეთ პროცესის დროს.

შიფმა, რომელიც თავმჯდომარეობს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტს, რომელმაც აწარმოა ფაქტების მოპოვების სამუშაო იმპიჩმენტის პროცესის დაწყებისას, განაცხადა, რომ „არის ნიშნები, რომ CIA-ი იმავე ტრაგიკულ კურსს ადგას“.

ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო და გადაიდო 16 იანვარს და 21 იანვარს გაგრძელდება.

ირმა ინაშვილი ლორა თორნტონის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს

„პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს, NDI-სა და IRI-ს დაუპირისპირდა. დეპუტატი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობას ტერორს ადარებს და მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას საქართველოში ირმა ინაშვილმა 20 იანვარს ბრიფინგი მიუძღვნა, სადაც თქვა, რომ „ე.წ. კვლევები პირდაპირ უქმნის საშიშროებას ჩვენს სახელმწიფოს და უკვე იქცა სახელმწიფო უსაფრთხოების პრობლემად“.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ითხოვს, დაიწყოს გამოძიება NDI-ს დირექტორის, ლორა თორნტონის წინააღმდეგ და, როგორც აღნიშნავს, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ამ მოთხოვნას აყენებს.

„NDI-ს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი, ქალბატონი ლორა თორნტონი, მე ასე ვფიქრობ, რომ ფინანსურად არის დაინტერესებული ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მხრიდან. ადგილი აქვს კორუფციას კლასიკური გაგებით და ის ფულს იღებს ამ ე.წ. კვლევებში და მონაცემების გავრცელებაში. ვინაიდან მე მაქვს ასეთი ეჭვი, მე მოვითხოვ, რომ ჩემი სახელმწიფოს სტრუქტურებმა დაიწყონ გამოძიება“.

დეპუტატის თქმით, ის და მისი პარტია მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებიან და აქციების გამართვასაც აპირებენ, 26 იანვრიდან კი დაიწყებენ „NDI-სა და IRI-ს მამხილებელ კამპანიას“.

ინაშვილი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ ან საერთოდ აიკრძალოს ქვეყანაში ამ ორგანიზაციების საქმიანობა.

„ეს უბედურება საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს...საერთოდაც, საბოლოო ჯამში, ვითხოვთ, რომ აიკრძალოს ამ ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოში. ან შეცვალონ მენეჯმენტი და თუ კვლევას ატარებენ, ეს კვლევა სტანდარტს ექვემდებარებოდეს, ან წაბრძანდნენ საქართველოდან“, - განაცხადა მან.

NDI-ს ბოლო კვლევა 16 იანვარს გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 5% უჭერს მხარს. კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პარტიას ამომრჩეველთა 3% მისცემს ხმას. სწორედ ამ კვლევას გამოეხმაურა ინაშვილი და განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვა პარტიებს მაჩვენებელს უზრდის, მათ კი აკლებს.

ოპოზიცია საპროტესტო აქციებს, მათ შორის, პარლამენტის პიკეტირებას გააგრძელებს

პარლამენტის პიკეტირების აქცია 2019 წლის ნოემბერი

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ საპროტესტო აქციები გაგრძელდება, სანამ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სამართლიანი არჩევნების ჩატარებას არ დათანხმდება.

„ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ დღეს, 20 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაგრძელდება სახელმწიფო დაწესებულების პიკეტირება და 4 თებერვლიდან, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნის პარალელურად განახლდება პარლამენტის პიკეტირების აქცია.

„ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე "ქართული ოცნება" არ შეასრულებს თავის დანაპირებს. ამ პროტესტის ფონზე არჩევნებამდე მივლენ ჩამოშლილები. მათ აქვთ ორი ალტერნატივა - ან დათმობაზე წავიდნენ, ან არჩევნებამდე ჩამოშლილები მივიდნენ", - განაცხადა გოცირიძემ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციის გეგმა მწვავე პროტესტის გაგრძელებაა. "ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ მშვიდობიან პროტესტს, იმიტომ, რომ მორყეულია ივანიშვილისა და მთელი მისი კლოუნების რეჟიმი. მაგრამ, თუ, ვთქვათ, ვადამდელ არჩევნებს ჩაატარებენ, ამ სისტემაშიც დამარცხდებიან, ოღონდ ამ შემთხვევაში, ეს იქნება არანორმალური სცენარი და ჩვენ, ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ერთმანეთისგან განვსხვავდებით ფასეულობებით და ყველაფრით, შევჯერდებით მაჟორიტარულ ოლქებში და შემდეგ ჩავატარებთ პროპორციულ არჩევნებს, სადაც ერთმანეთის კონკურენცია გვექნება", - განუცხადა მედიას გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება საარჩევნო საკითხებზე ოპოზიციის და ხელისუფლების მოლაპარაკების გაგრძელებას, მომდევნო შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

წინა შეხვედრაზე, რომელიც 2019 წლის დეკემბრის ბოლოს გაიმართა, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება, თუმცა, მაჟორიტარული მანდატების 73-დან 50-მდე შემცირება, რასაც ოპოზიცია არ ეთანხმება. მანამდე ხელისუფლება არ დაეთანხმა ოპოზიციის მიერ შემუშავებულ საარჩევნო სისტემას, რომელიც ე.წ. გერმანულ მოდელს ეფუძნება.

ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა.

საქართველოში სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ გაიმართება

საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და გერმანიაში სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ჩატარდება. სწავლება ნატოს საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზანს ემსახურება. მის ფარგლებში ევროპის კონტინენტზე განთავსდება უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.

ამერიკელი სამხედროების განთავსება ბაზებზე მიმდინარე კვირაში დაიწყება. წვრთნები ითვალისწინებს ევროპაში 20 000 ამერიკელი ჯარისკაცის გაგზავნას.

მათ შორის იქნებიან - სამხედრო-საჰაერო ძალები, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის ნაწილები და სარეზერვო დანაყოფები.

გეგმის თანახმად, სამხედრო კონტინგენტის დიდი ნაწილი პოლონეთში განთავსდება. მთლიანობაში, სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 18 ქვეყნის 37 000 სამხედრო მოსამსახურე. სამხედროების განთავსებისთვის გათვალისწინებულია 6 000 სატრანსპორტო საშუალებისა და 2 500 აღჭურვილობის კონტეინერის გამოყენება.

წინასწარი ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში, საქართველოში მრავალეროვნულ საპარაშუტო ხტომას დააკვირდებიან. სამხედრო სწავლება „ევროპის დამცველი 2020“ ივნისში უნდა დასრულდეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე დგინდება წვრთნების საქართველოში ჩატარების თარიღი და სხვა დეტალები.

"გილეადი" C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ვადის გასვლაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს

ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადი“, რომელიც საქართველოს ამარაგებს C ჰეპატიტის საწინააღმდეგო პრეპარატებით, უჩვეულოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მედიკამენტების ნაწილს ვადა გაუვიდა.

კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა, ნათქვამია, რომ ვადა ამოეწურა საქართველოსთვის გადაცემული მედიკამენტების 5%-ს. „გილეადი“ განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევა იშვიათი არ არის, რადგან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამები, როგორც წესი, საჭიროზე მეტი მედიკამენტით მარაგდება: „საქართველოს შემთხვევაში აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი პრეპარატის ვადის ამოწურვის მიზეზი ახალ, უფრო ტოლერანტულ რეჟიმზე გადასვლა გახდა. ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ვადის გასვლამ რაიმე გავლენა იქონია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მიზნების განხორციელებაზე“.

„გილეადის“ განცხადებითვე, საქართველო C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით საერთაშორისო ძალისხმევის მოწინავე ქვეყანაა და კომპანია ამაყობს, რომ პროგრამას მხარს უჭერს მისი დაწყებიდანვე.

„გილეადი“ აღნიშნავს, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში წარმატებით უმკურნალეს 58 000 ადამიანს. ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოს მედიკამენტებს 2015 წლიდან აწვდის, აცხადებს, რომ აქტიურად გააგრძელებს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მხარდაჭერას და მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს უახლესი თაობის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.

2020 წლის იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მიერ C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების მედიკამენტს ვადა გაუვიდა.

„ანას ბაღში“ დაპირისპირებისას ერთი ადამიანი დაშავდა

„ანას ბაღში“ დაცვის სამსახურის „გისონის“ წარმომადგენლებთან წინააღმდეგობისას დაშავებული მამუკა დარისპანაშვილი კლინიკა „ამტელში“ მოათავსეს.

სამშენებლო კომპანია შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგმა“ დღეს ადგილზე სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

ამ დროს კერძო დაცვის კომპანია „გისონის“ წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის დაპირისპირება დაიწყო, მას შემდეგ, რაც „გისონის“ წარმომადგენლებმა „ანას ბაღში“ გაშლილი კარავი აიღეს.

როგორც დაშავებული მამუკა დარისპანაშვილის მეუღლე ნინო ნაჭყებია უყვება რადიო თავისუფლებას, მისი მეუღლე დაცვის თანამშრომლებმა გარკვეულ მანძილზე მიწაზე ათრიეს.

„ვერც მოვასწარი დანახვა, ბავშვი მყავდა სახლში დატოვებული, რომ ჩავედი ეზოში სანახავად. მამუკას სახიდან სისხლი მოსდიოდა და მთლიანად ტალახიანი იყო. სასწრაფომ წაიყვანა კლინიკა „ამტელში“, - უყვება ნინო ნაჭყებია რადიო თავისუფლებას.

19 იანვარს, ვარკეთილში, „ანას ბაღში“ კარავი გაიაშალა, რომელშიც მშენებლობის შეჩერებისა და კორპუსის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, საჭიროა 10 000 ხელმოწერის შეგროვება, რათა თბილისის საკრებულომ საკითხი სავალდებულო წესით განიხილოს.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას სამი წელია აპროტესტებენ. შენობას შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ აშენებს.

თეირანმა შეცვალა თავისი გეგმა, გადაეცა უკრაინისთვის 8 იანვარს ჩამოგდებული თვითმფრინავის „შავი ყუთები“

19 იანვარს კიევში ჩაასვენეს 8 იანვრის საავიაციო კატასტროფის დროს დაღუპული 11 უკრაინელის კუბოები, რის ფონზეც ირანის რაკეტის მიერ თვითმფრინავის უნებლიეთ ჩამოგდების გარემოების ირანის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა უკან წაიღო ირანის სურვილი, უკრაინისთვის გადაეცა საბორტო ჩამწერები გასაანალიზებლად.

ჰასან რეზაეიფარის სიტყვები მოჰყავს სააგენტო „ირნას“, რომ „უკრაინის ბოინგის საბორტო ჩამწერები ირანის ხელშია და არ ვგეგმავთ სადმე მათ გაგზავნას“. 19 იანვარს კანადამ მიმართა თხოვნით ირანს, დაუყოვნებლივ გაგზავნოს „შავი ყუთები“ უკრაინაში ან საფრანგეთში. ამის შესახებ განაცხადა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანსუა-ფილიპ შამპანმა ირანელ კოლეგასთან საუბრის შემდე.

რეზაეიფარის თქმით, ირანი კვლავაც მუშაობს „შავ ყუთებზე და შეიძლება გააგზავნოს ისინი უკრაინაში ან საფრანგეთში, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება არ მიგვიღია“, აღნიშნა მან. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ოლექსი ჰონჩარუკი კიევში ესწრებოდნენ ცერემონიას, როცა თეირანიდან 11 უკრაინელის, თვითმფრინავის მგზავრების და ეკიპაჟის წევრების კუბოები ჩაასვენეს.

8 იანვარს, თეირანის აეროპორტთან ირანის საჰაერო თავდაცვის რაკეტა მოხვდა სამგზავრო თვითმფრინავს, რომელშიც 176 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი თეირანიდან კიევში მიფრინავდა. მასში მყოფნი ირანის, კანადის, ავღანეთის, უკრაინის, გერმანიისა და ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ.

ტოჩინოშინმა უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა

ლევან გორგაძე

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ, ჰაცუ ბაშოს მეცხრე ტურში აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა ტამავაში დაამარცხა, მეოთხე ქულა აიღო და მოგება-წაგებების უარყოფითი ბალანსი მინიმუმამდე დაიყვანა.

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ქართველი სეკიტორი 2019 წლის პირველ სუპერტურნირს მეექვსე მაეგაშირას რანგში ატარებს და მისი პროგრამა მინიმუმი საბოლოო დადებითი ბალანსის - კაჩი-კოშის მოპოვებაა. ამისთვის გორგაძეს თხუთმეტტურიან შეჯიბრებაში მინიმუმ რვა ქულის მოგროვება სჭირდება.

მეათე ტურის შეხვედრები 21 იანვარს გაიმართება და ქართველი სეკიტორის მეტოქე სეკივაკე ასანოიამა იქნება, რომელთანაც აქამდე ჩატარებული ოთხი ბრძოლიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.

განათლებისა და კულტურის სამინისტროების გაყოფის გადაწყვეტილებაზე მთავრობა მსჯელობს

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარეობს მსჯელობა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის მიმართულების გამოყოფის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მოგვიანებით აცნობებენ საზოგადოებას.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუკრი ქანთარიამ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, რომ განათლების და კულტურის სამინისტროების კვლავ გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღწეულია და პროცესი თებერვალში დაიწყება.

„განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია. მოწინააღმდეგე არ შემხვედრია, ასეთი საერთოდ არ მეგულება. შეთანხმება არის, რომ ეს იყო შეცდომა და უნდა დაუბრუნდეს თავის საწყის ადგილს კულტურის სამინისტრო“, - უთხრა ნუკრი ქანთარიამ „ინტერპრესნიუსს“.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში, 2018 წლის ზაფხულში 14 სამინისტრო შეიკუმშა 10 სამინისტროსა და 1 მინისტრის აპარატის დონეზე.

ამ გაერთიანებამდე სტრუქტურული ცვლილებები ერთი წლით ადრე, 2017 წელს, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროსაც განხორციელდა და მაშინ, დამოუკიდებელ სამინისტროდ არსებობა შეწყვიტა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ და ის კულტურის სამინისტროს შეუერთეს.

დე ფაქტო სასამართლომ ე.წ. საზღვართან დაკავებულ მოქალაქეს ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

2008 წლის ომის დროს დანგრეული სახლი სოფელ ზარდიაანთკარში

ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებ გენადი ბესტაევს. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ავრცელებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ მას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს. 29 ნოემბერს, ბესტაევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და „ნარკოტიკული საშუალებების კონტრაბანდის“ ბრალდებით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. გენადი ბესტაევის ნათესავები ამ ბრალდებას გამოგონილს უწოდებდნენ.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას გენადი ბესტაევის დასახმარებლად საკმარისი ძალისხმევა არ გამოუჩენია: „პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები აღნიშნული საკითხის უგულებელყოფით, საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებულ ადამიანს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად: „ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს“.

გენადი ბესტაევის საცხოვრებელი სახლი სოფელ ზარდიაანთკარში, საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს და მის ეზოში მავთულხლართებია გავლებული. გასული ორი წლის განმავლობაში, გენადი ბესტაევი ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის ოთხჯერ დააკავეს და ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ნოემბერში დაკავების შემდეგ, მას ბრალად დასდეს ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულიც - ნარკოტიკის კონტრაბანდა.

გენადი ბესტაევის მსგავსად, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსით, საზღვრის განზრახ დარღვევის მუხლით გაასამართლა ახალგორის რაიონში 9 ნოემბერს დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც და ერთი წლით და ცხრა თვით პატიმრობა შეუფარდა. ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან 2019 წლის 28 დეკემბერს, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის „შეწყალების“ შედეგად გაათავისუფლეს.

ბათუმის რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობას პროტესტი თბილისშიც გამოუცხადეს

აქციის მონაწილეებმა თბილისში, იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე გადმოფინეს პლაკატი, წარწერით: "არა ბეტონ-ყმობას"

თბილისში, გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა მოითხოვეს, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გააუქმოს ბათუმის სანაპიროზე, „რივიერას“ ტერიტორიაზე ცათამბჯენის მშენებლობის ნებართვა.

„ახალგაზრდა მწვანეების“ მიერ ორგანიზებული აქცია ჩატარდა თბილისის იუსტიციის სახლთან, სადაც ეკონომიკის სამინისტრო ფუნქციონირებს ამ უწყების შენობის გაყიდვის შემდეგ.

აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ბათუმელ აქტივისტებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა აპროტესტებენ „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმის“ განზრახვას, სანაპიროს ამ ნაწილში ააშენოს რამდენიმე ცათამბჯენი. თბილისში აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ პირველი მრავალსართულიანი შენობის მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა.

თბილისში გამართული აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე გადმოფინეს პლაკატი, წარწერით „არა ბეტონ-ყმობას“. გარემოს დამცველი აქტივისტების განცხადებით, ცათამბჯენების მშენებლობა გამოიწვევს ბათუმის სრულად ჩაბეტონებას და მოსპობს ზღვასთან ქალაქის დამაკავშირებელ ერთადერთ დარჩენილ გასასვლელს. აქტივისტების შეფასებით, ეს პროექტი ემსახურება არა ბათუმის და ბათუმელების, არამედ ბიზნესისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესებს. აქციის მონაწილეებმა მოითხოვეს, რომ ბათუმის „რივიერაზე“ პარკი გაშენდეს და ის საზოგადოებრივ სივრცედ დარჩეს.

ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტში დაბრუნებაზე უარს ამბობს

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი დეპუტატობაზე უარს ამბობს. ინფორმაცია მან განცხადების სახით გაავრცელა.

ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, უსამართლოდ მიაჩნია ხელახლა გახდეს დეპუტატი პარტიული სიით კუთვნილი რიგითობით, მაშინ როცა ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა, მოგვიანებით კი პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„ერთი მოწვევის პარლამენტში ერთი და იგივე პირი შეიძლება ორჯერ აირჩეს, რადგან შერეული საარჩევნო სისტემით ფორმირებული ერთპალატიანი პარლამენტი ამის შესაძლებლობას იძლევა. შუალედური არჩევნები ყველა ყოფილ დეპუტატს წარმოუშობს უფლებას განმეორებით იყაროს კენჭი და კვლავ გახდეს იმავე მოწვევის პარლამენტის წევრი, მაგრამ მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა პარლამენტის წევრობაზე უარი თქვას და მეორე წელს თუნდაც იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა მოუწევს, დაეთანხმოს პარლამენტის წევრად კვლავ გახდომას - სამართლიანად არ მიმაჩნია!.. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონი ამის უფლებას მაძლევს და თანაც დიდია ცდუნება იმისა, რომ საპარლამენტო ტრიბუნიდან ვუპასუხო პოლიტიკანების ცრუ ბრალდებებს, მეორედ ვაცხადებ უარს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრობაზე“, - აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

ზაქარია ქუცნაშვილი პარტიული სიით პარლამენტში დეპუტატ ოთარ ჩრდილელის ადგილმონაცვლე უნდა ყოფილიყო.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა საპარლამენტო მანდატი 2019 წლის 12 დეკემბერს დატოვა და მიზეზად მოსამართლეთა 14-კაციანი სიის დამტკიცება დაასახელა.

პარლამენტმა 12 დეკემბერს კენჭისყრის შედეგად 19 კანდიდატურიდან 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა. მათგან 12 ახალი კანდიდატურაა, 2 კი, ნუგზარ სხირტლაძე და მაია ვაჩაძე, უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები არიან.

ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას კენჭი პარლამენტმა 2019 წლის წლის 3 სექტემბერს უყარა. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით პარლამენტს მან თავად მიმართა.

ქუცნაშვილმა დეპუტატის უფლებამოსილება მას შემდეგ დატოვა, რაც საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა, რასაც საზოგადოების პროტესტი და აქციები მოჰყვა. ღონისძიების და ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი იყო.

ანტისაოკუპაციო მოძრაობა ჩორჩანის ტყეში ახალი, ე.წ. სასაზღვრო ნიშნულების შესახებ იუწყება

ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გავრცელებული ფოტომასალა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანის ტყის მასივის ჩრდილო-დასავლეთით ახალი ნიშნულები გააკეთეს. ინფორმაციას, ფოტოებს და რუკას ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ ავრცელებს.

მოძრაობის ცნობით, წითლად მონიშნული ხეები და ყვითელი ბანერი რამდენიმე ციფრით, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზიდან დაახლოებით 240 მეტრშია. მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ თუ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ამ ხაზს საჩხერის რაიონის მიმართულებით გაუყვებიან, ოკუპირებული აღმოჩნდება ათობით ჰექტარი ტყის მასივი.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი გოგა აფციაური განმარტავს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ახალი ნიშნულები სოფელ ჩორჩანიდან საკმაოდ დაშორებულია, ამ ტერიტორიის მახლობლად ქართული სოფელი არ მდებარეობს, საოკუპაციო ხაზს მიღმა კი მოქცეულია ოსური სოფელი გვირგვინა.

2019 წელს, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა ჩორჩანის ტყეში აღმოაჩინეს ხეებზე ყვითელი ფერის ნიშნულები. მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ ეს ფაქტი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე გააპროტესტა.

2019 წლის ზაფხულში, ჩორჩანის ტყესთან ქართული პოლიციის საგუშაგო გაიხსნა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა და უარის შემდეგ, ტყეში ახალი გზის გაყვანა დაიწყო და მოსაზღვრე სოფელ წნელისის მახლობლად, საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დადგა ორი ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო.

პრინცი ჰარი ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი 2018 წლის მაისში დაქორწინდნენ

პრინცმა ჰარიმ განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობების შესრულებაზე უარი მისთვის სამწუხაროა, თუმცა სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ლონდონში, საქველმოქმედო ორგანიზაციის, Sentebale-ს შეხვედრაზე გამოსვლისას ჰარიმ თქვა, რომ უდიდეს პატივს სცემს ბებიას, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელსაბედ მეორეს და იმედი ჰქონდა, რომ დედოფლის და თანამეგობრობის სამსახურს გააგრძელებდნენ სახელმწიფოს დაფინანსების გარეშე, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგან მარკლმა 8 იანვარს განაცხადეს, რომ აპირებენ უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრთა ტიტულებზე და სურთ დამოუკიდებლები იყვნენ საბიუჯეტო დაფინანსებისგან. 18 იანვარს, დიდი ბრიტანეთის სამეფო კარმა გამოაცხადა, რომ 2020 წლის გაზაფხულიდან პრინც ჰარის და მეგანს აღარ ექნებათ სამეფო ტიტულები და დედოფალს ოფიციალურად ვეღარ წარმოადგენენ.

ბერლინის სამიტის მონაწილეებმა ლიბიის საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს

ბერლინის სამიტის მონაწილეები

ლიბიაში კონფლიქტის მოსაგვარებლად ბერლინში გამართული სამიტის მონაწილეები შეთახმდნენ, რომ დაიცავენ ლიბიისთვის შეიარაღების მიწოდების აკრძალვას.

შეხვედრის მასპინძელმა, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ამ შეთანხმებას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი. 19 იანვარს გამართულ მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ 16 ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მათ შორის გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, რუსეთის და თურქეთის ლიდერები, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და გაეროს ხელმძღვანელები.

ანგელა მერკელის ინფორმაციით, სამიტის მონაწილეები დაეთანხმნენ იმასაც, რომ უნდა შეწყდეს ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის მხარეთა მხარდაჭერა. უმაღლესი დონის შეხვედრის მონაწილეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლითაც აღიარეს, რომ ლიბიაში არსებული კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ მოგვარდება.

სამიტის შეჯამებისას ანგელა მერკელმა თქვა, რომ ლიბიაში შეიარაღებული კონფლიქტის მოსაგვარებლად მიღწეულია არსებითი პროგრესი, თუმცა, ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი ხაგრძლივ სამშვიდობო პროცესში.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის ინფორმაციით, უახლოეს ხანში გაიმართება მოლაპარაკება ლიბიაში ხანგრძლივი ზავის გამოსაცხადებლად. ამ მიზნით შეიქმნება კომისია დაპირისპირებულ მხარეთა ხუთ-ხუთი წარმომადგენლის მონაწილეობით. ეს მხარეები არიან გაეროს მიერ აღიარებული, ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობა ფაიზ სარაჯის ხელმძღვანელობით, რომელიც დედაქალაქ ტრიპოლიდან მართავს ქვეყნის ნაწილს და ქალაქ ტორბუკში დაფუძნებული პარლამენტი და შეიარაღებული მეამბოხეები გენერალ ხალიფა ჰაფტარის მეთაურობით. გენერალ ჰაფტარს ამა თუ იმ ფორმით მხარს უჭერენ რუსეთი, ეგვიპტე და არაბეთის გაერთიანებული საამირო, ხოლო სარაჯის მთავრობას თურქეთი.

ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიწყო.

ჯონსონი პუტინს აფრთხილებს, არ გაიმეოროს ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთზე

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვლადიმირ პუტინს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრისას უთხრა, რომ რუსეთმა არ უნდა გაიმეოროს ქიმიური თავდასხმა ბრიტანეთზე, მსგავსად იმისა, როგორც ეს მოხდა 2018 წელს, როცა სოლსბერიში ნერვული აგენტით მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი.

ჯონსონის ოფისის თანახმად, ბრიტანეთის პრემიერი პუტინს შეხვდა ბერლინში, ლიბიის საკითხზე მიმდინარე სამიტზე და უთხრა, რომ მოსკოვსა და ლონდონს შორის ურთიერთობა ნორმალურს არ დაუბრუნდება, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს თავის "დესტაბილიზაციის გამომწვევ" ნაბიჯებს.

"პრემიერ-მინისტრის თქმით, ორმხრივი ურთიერთობის ნორმალიზაცია არ იქნება მანამ, სანამ რუსეთი არ შეწყვეტს დესტაბილიზაციის გამომწვევ მოქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის გაერთიანებულ სამეფოს და ჩვენს მოკავშირეებს და ძირს უთხრის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჩვენს კოლექტიურ უშიშროებას" - აცხადებს ჯონსონის ოფისი.

განცხადების თანახმად, ჯონსონმა პუტინს უთხრა, რომ "გაერთიანებული სამეფოს პოზიცია არ შეცვლილა სოლსბერისთან მიმართებით, რომ ეს იყო ქიმიური იარაღის თავზეხელაღებული გამოყენება და ბრიტანეთის ტერიტორიაზე უდანაშაულო ადამიანების მკვლელობის თავხედური მცდელობა".

კრემლი უარყოფს ბრიტანეთის ბრალდებას, რომ ნერვული აგენტი "ნოვიჩოკი" გამოიყენეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებმა, რათა სკრიპალზე შური ეძიათ ბრიტანეთის და დასავლეთის სხვა ქვეყნების ჯაშუშურ სამსახურებთან თანამშრომლობის გამო. სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია, დღეების განმავლობაში იყვნენ კომაში, მაგრამ გადარჩნენ და მას შემდეგ მიმალვაში არიან.

მედვედევი ამბობს, რომ რჩება პარტია "ერთიანი რუსეთის" ხელმძღვანელად

რუსეთის ექს-პრემიერმა, დმიტრი მედვედევმა 19 იანვარს განაცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას მმართველი პარტიის, "ერთიანი რუსეთის" ხელმძღვანელად. ეს პარტია მჭიდროდ თანამშრომლობს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ორი ათწლეულია დომინანტურ ძალას წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში.

მედვედევი, თავის მთავრობასთან ერთად, გადადგა მას შემდეგ, რაც პუტინი თავის ყოველწლიურ სიტყვაში 15 იანვარს გამოვიდა მოწოდებით ჩატარდეს რეფერენდუმი მნიშვნელოვან საკონსტიტუციო შესწორებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პარლამენტის უფლებამოსილებას გაზრდის.

რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები მოგვიანებით წერდნენ, რომ პუტინი გეგმავს შექმნას მისი ფორმალური ლიდერობით მოქმედი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი, რომელსაც მედვედევს შესთავაზებს.

"თუკი რაიმე კონკრეტულ ახალ სამსახურზე ვსაუბრობთ, ეს პოზიცია არ მოდის წინააღმდეგობაში პოლიტიკურ აქტივობასთან, მათ შორის პარტიის ხელმძღვანელობასთან. მე ვრჩები 'ერთიანი რუსეთის' ხელმძღვანელად" - უთხრა მედვედევმა ტელეარხ "რასია 1"-ს 19 იანვარს, როგორც ამას სააგენტო "ტასი" ავრცელებს.

მოსკოვში აქციით გაიხსენეს ადვოკატის და ჟურნალისტის მკვლელობები

მოსკოვში ასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა სანქცირებულ აქციაში, რომლითაც აღნიშნეს უფლებადამცველის, 34 წლის სტანისლავ მარკელოვის და ჟურნალისტის, 25 წლის ანასტასია ბაბუროვას მკვლელობების მე-11-ე წლისთავი. მარკელოვი და ბაბუროვა ქალაქში, დღისით მოკლეს, 2009 წელს.

აქციის მონაწილეთა ნაწილს მოკლულთა ფოტოები ეჭირა ხელში. დემონსტრანტთა ნაკადს თვალს ადევნებდა პოლიცია. დემონსტრანტებს წინ მიუძღვებოდნენ აქტივისტები, რომლებსაც ხელში რუსეთის კონსტიტუციის ასლები და სამგლოვიარო გვირგვინები ეჭირათ.

მარკელოვი და ბაბუროვა იცავდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც ულტრამემარჯვენე ნაციონალისტების მსხვერპლნი იყვნენ.

მოსკოვის საბჭოს ლიბერალმა წევრმა, იულია გალიამინამ, აქციის მონაწილეებს მოუწოდა 19 იანვრის აქცია ასევე გამოეყენებინათ თავიანთი წინააღმდეგობის გამოსახატად იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ, რომელთა შესახებ გასულ კვირაში ილაპარაკა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. ამ ინიციატივას ბევრი მიიჩნევს გზად საიმისოდ, რომ პუტინმა ძალაუფლება პრეზიდენტობის მეოთხე ვადის გასვლის შემდეგაც შეინარჩუნოს.

მარკელოვის და ბაბუროვას მკვლელობებმა დამატებითი ბიძგი მისცა ბრალდებებს, რომ კრემლი არ აკეთებს საკმარისს აქტივისტებზე და ჟურნალისტებზე თავდამსხმელთა გამოსავლენად.

"ანას ბაღის" დამცველებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

ვარკეთილში, „ანას ბაღში“ გაიშალა კარავი, რომელშიც მშენებლობის შეჩერებისა და კორპუსის ადგილმონაცვლეობის მოთხოვნით პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. როგორც აქციის ორგანიზატორები განმარტავენ, საჭიროა 10 000 ხელმოწერის შეგროვება, რათა თბილისის საკრებულომ საკითხი სავალდებულო წესით განიხილოს.

აქციის მონაწილეების ხელმოწერების შეგროვებას „ანას ბაღის“ გარდა, თბილისში, მეტროსადგურებთან და სხვა ხალხმრავალ ადგილებშიც აპირებენ.

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში, „ანას ბაღის“ მიმდებარედ, ათსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას სამი წელია აპროტესტებენ. შენობას შპს „ევროპული სამშენებლო ჰოლდინგი“ აშენებს.

ეპისკოპოსი მელქისედეკი ეკლესიის რეიტინგის კლებას მოსახლეობის ქვეყნიდან გასვლასაც უკავშირებს

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი საზოგადოებრივი კვლევის ბოლო შედეგებით ეკლესიის მიმართ ნდობის მაჩვენებლის შემცირებას სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს და ამბობს, რომ მასზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს - მათ შორის, საპატრიარქოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. ეკლესიის რეიტინგის კლების ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად ეპისკოპოსი ქვეყნის მოსახლეობის ნაწილის უცხოეთში გასვლას ასახელებს:

„სამწუხარო ფაქტია, ალბათ ყველაფერი მოქმედებს. როგორც ხედავთ, ფაქტია, რომ მოქმედებს ყველაფერი... მე არ გამოვრიცხავ კიდევ ერთ რამეს - ძალიან ბევრი გადის ქვეყნიდან. მოსახლეობა ფაქტობრივად გადის და მომხრეებიც შეიძლება გასულები არიან“, - უთხრა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა ჟურნალისტებს.

მართლმადიდებლური ეკლესიის რეიტინგი 25%-ით შემცირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხოლო ბოლო თვეებში კლებამ 14% შეადგინა. ასეთია NDI-ის დაკვეთით (CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული) ახალი კვლევის შედეგები.

ბრიტანეთი, საფრანგეთი "გრძელვადიანი ჩარჩოს" საჭიროებაზე ლაპარაკობენ ირანთან მიმართებით

19 იანვარს ირანის პარლამენტის გავლენიანმა სპიკერმა, ალი ლარიჯანიმ - რომელიც უწინ თეირანის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ბირთვულ მოლაპარაკებებზე - გააკეთა განცხადება, რომ, თუკი ევროპის ქვეყნები „ნებისმიერი მიზეზით ... უსამართლო“ მიდგომას გამოავლენენ იმ განხილვის მექანიზმის მიმართ, რომელიც საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებაში ამუშავდა 2018 წელს ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ, თეირანი „სერიოზულად გადასინჯავს“ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA). მის ამ განცხადებას სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.

გერმანიამ, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა გასულ კვირაში გამოაცხადეს, რომ აამუშავეს განხილვის მექანიზმი ერთიან და ყოვლისმომცველ სამოქმედო გეგმაში (JCPOA), ანუ ხელშეკრულებაში, რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა შეზღუდა, საერთაშორისო ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

„ის, რაც ევროპის სამმა ქვეყანამ გააკეთა ირანის ატომურ საკითხთან მიმართებით.... დასანანია" - თქვა ლარიჯანიმ და დასძინა: „მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ, თუ ევროპა, ნებისმიერი მიზეზით, უსამართლოდ გამოიყენებს ატომური ხელშეკრულების 37-ე მუხლს, მაშინ ირანი სერიოზულ გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ სააგენტოსთან თანამშრომლობის შესახებ“. ლარიჯანის ამ სიტყვებს სააგენტო „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

სამმა ევროპულმა ქვეყანამ, რომლებიც - ჩინეთთან, რუსეთთან, ევროკავშირთან და წარსულში აშშ-სთან ერთად - ირანთან ხელშეკრულების ხელმომწერები არიან, განაცხადა, რომ, მართალია, მექანიზმმა შესაძლოა გამოიწვიოს გაეროს მიერ ირანისთვის სანქციების დაწესება, ისინი არ უერთდებიან აშშ-ის ერთწლიანი, „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს თეირანის ქცევის შეცვლას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 19 იანვარს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ხელშეკრულების ერთგულნი რჩებიან და, ბერლინში, ლიბიის კონფლიქტის საკითხზე მიმდინარე სამიტზე შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ გრძელვადიანი ჩარჩოს შემუშავებაა საჭირო - სააგენტო როიტერსის თანახმად, ამას ბრიტანეთის პრემიერის ოფისი იუწყება.

"ირანთან მიმართებით, ლიდერებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ JCPOA-ს უერთგულებენ და ასევე აღიარეს საჭიროება შემუშავდეს გრძელვადიანი ჩარჩო, რომელიც ირანს საშუალებას არ მისცემს მოიპოვოს ბირთვული იარაღი" - აცხადებს ბრიტანეთის პრემიერის პრესმდივანი და განაგრძობს: "ისინი შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დეესკალაცია და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა შექმნილი დაძაბულობიდან დიპლომატიური გამოსავლის მოსაძებნად".

მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებიდან აშშ გავიდა, ირანმა დაარღვია დოკუმენტით გათვალისწინებული მთავარი შეზღუდვები და გადააჭარბა ურანის მარაგის, გამდიდრების დონის და ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების ტიპსა და რაოდენობაზე დადგენილ საზღვრებს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG