Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გამართლდა საქართველოს ახალი ხელისუფლების დაპირებები “ვარდების რევოლუციის” ერთი წლისთავზე


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გასული კვირის პრესამ გააშუქა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა გიორგობის დღესასწაულზე წმიდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნა თბილიში, ელიას მთაზე.



პრესა აქტიურად გამოეხმაურა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებულ და აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს.

რა თქმა უნდა, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენა “ვარდების რევოლუციის” წლისთავს დაუკავშირდა.
დღევანდელ მიმოხილვაში სწორედ ამ თარიღისადმი მიძღვნილ წერილებსა და, აგრეთვე, ეკონომიკური პრობლემატიკის რიგ აქტუალურ საკითხებს შევეხებით.


23 ნოემბრის გაზეთ “24 საათის” თქმით, “ხელისუფლების სათავეში ვარდებით მოსულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა უხვად გასცეს დაპირებები - იმდენად უხვად, რომ გასული წლის ნოემბრის მოვლენები “იმედის რევოლუციადაც” კი მოინათლა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რევოლუციონერები, როგორც წესი, თავიანთი დაპირებების მძევლები არიან და ცდილობენ უხვად გაცემული თამასუქები ნებისმიერ ფასად გაანაღდონ, თუნდაც ეს “ფასი” ქვეყნისთვის საზიანო იყოს.”

გაზეთი წერს: “გამართლდა თუ არა მათი დაპირებები? - ამ კითხვაზე ოპტიმისტები (და “ნაციონალები”) დადებით პასუხს იძლევიან, პესიმისტები (და ოპოზიციონერები) - უარყოფითს, შედარებით ნეიტრალურები ( საზოგადოებაში უმრავლესნი) კი ფიქრობენ, რომ დაპირებების მხოლოდ ნაწილი შესრულდა.

ვინაიდან მოლოდინი არასდროს ემთხვევა რეალობას და დაპირებები ყოველთვის სჭარბობს შესრულებას, ამიტომაც არის, რომ ყოველი რევოლუციის შემდეგ აუცილებლად დგება - თუ სრული არა - ნაწილობრივი იმედგაცრუებისა და გაწბილების ხანა. ეს გარდაუვალია. დღეს საქართველოში სწორედ ეს პერიოდი დგას.”

“24 საათის” კიდევ ერთ წერილში მიღწეულ წარმატებებთან ერთად აღნიშნულია ის, რაზე საუბარსაც, ავტორის თქმით, დღეს ხელისუფლებაში გაურბიან. მაგალითად, როგორც წერილში ვკითხულობთ, “ხალისით სულაც არ აღნიშნავენ, რომ ცხოვრება ამ ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ გაძვირდა - ეს ის ცვლილებაა, რომელიც ყველამ თავის თავზე იგრძნო, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დამოკიდებულია მისი შემოსავლები სახელმწიფოზე. ანუ ადამიანებს შევარდნაძის პერიოდში არსებული მსყიდველუნარიანობა არ გაზრდიათ. ხოლო განმარტებები იმის თაობაზე, რომ ფასების ზრდა კონტრაბანდის შეზღუდვითაა განპირობებული, დიდი ვერაფერი შეღავათია ქვეყნის მოსახლეობისთვის, რომელსაც ხელისუფლება ვერ სთავაზობს ახალ სამუშაო ადგილებს, ამოქმედებულ მრეწველობას. და, რაც მთავარია, ყველამ იცის, რომ კონტრაბანდა ისევ საკმაოდ დიდი დოზით შემოედინება საქართველოში.”

რევოლუციის წლისთავი სახელისუფლებო პარტიამ ყრილობით და დემოკრატებისა და ნაციონალების გაერთიანებით აღნიშნა. 23 ნოემბრის გაზეთ “ხვალინდელი დღის” თქმით, “ასეთი სრული ჰარმონიის პირობებშიც კი ნინო ბურჯანაძემ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” გაწევრიანებისგან თავი შეიკავა. პარლამენტის თავმჯდომარე სახელისუფლებო გუნდის წევრად რჩება, მაგრამ მანდატის გარეშე. პარტიული ბილეთი და თანამდებობა ექნება პრემიერ-მინისტრს, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 20-წევრიან პოლიტიკურ საბჭოს უხელმძღვანელებს. მართალია, პარტია “გაერთიანებული დემოკრატები” უკვე აღარ არსებობს, მაგრამ გაერთიანებულ ნაციონალ-დემოკრატების პოლიტიკას სწორედ გამქრალი პარტიის წარმომადგენელი განსაზღვრავს.”

გაზეთის თანახმად, “ოპოზიციას ეჭვი ეპარება, რომ სახელმწიფო რევოლუციის მიმდინარეობის პარალელურად შეიძლება გაძლიერდეს.”

წერილში ნათქვამია, რომ “მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების გარდა, რევოლუციის დასრულების აუცილებლობაზე დამოუკიდებელი ექსპერტებიც საუბრობენ. დავით უსუფაშვილი “ვარდების რევოლუციის” წლისთავზე ხელისუფლების წარმატებებსაც ხედავს, თუმცა იგი ამაოდ ელოდა, რომ ყრილობაზე პრეზიდენტი რევოლუციის დასრულების შესახებ ამცნობდა საკუთარ მომხრეებს.”

“ხელისუფლება კი არჩეული კურსის გატარებას ისევ რევოლუციური შემართებით აპირებს.”

ახლა კი ეკონომიკასთან დაკავშირებულ წერილებს შევეხებით.
“საგადასახადო კოდექსი - დაპირებების სამარე”. ამ სათაურით ბეჭდავს 25 ნოემბრის გაზეთი “ხვალინდელი დღე” წერილს, რომლის მიხედვით, “ახალი საგადასახადო კოდექსი, შესაძლოა, მთავრობასა და პარლამენტს შორის ახალი უთანხმოების საბაბად იქცეს. ფინანსთა სამინისტრო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან შექმნილ საკონსულტაციო საბჭოს შენიშვნების გათვალისწინებაზე უარს ეუბნება და დათმობებზე წასვლას არც მომავალში აპირებს.”

გაზეთი წერს: “თუ პარლამენტი პრინციპულობას არ გამოიჩენს, საქართველოში ახალი კოდექსის სახით საგადასახადო ავტოკრატია დამყარდება - ამგვარია ეკონომიკური ექსპერტების პროგნოზი.
თუ მეორე მოსმენაც ისევე ზედაპირულად ჩაივლის, როგორც პირველი, საგადასახადო კოდექსის პროექტში უამრავი პრინციპული საკითხი დარჩება შეუთანხმებელი. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტში პოლიტიკოსები სხედან და დიდი შანსია, კოდექსი მთავრობასთან ვაჭრობის თემად იქცეს, პროექტში დარჩება უამრავი დეტალი, პრობლემური საკითხი, რომელიც კენჭისყრამდეც ვერ მიაღწევს. შემდეგში კი ეს “წვრილმანები” სიცოცხლეს გაუმწარებენ მეწარმეებს, რომლებიც მთვარობისგან ლიბერალურ საგადასახადო რეჟიმს ელიან.”

“უქმნის თუ არა საფრთხეს ლარის გამყარება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას?” დასმულ კითხვას ვრცელი წერილით ეხმაურება დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ჩქარეული 25 ნოემბრის გაზეთ “24 საათში”. ავტორის აზრით, “დროა, განგაშის ზარებს შემოვკრათ.”
იგი წერს: “ეკონომიკის კურსებში ვალუტისა თუ აქციების ზრდის მსგავს სიტუაციებს უწოდებენ თამაშს, რომლის შედეგიც ნულის ტოლია, რამდენადაც ერთი მხარის მოგება მეორე მხარის წაგებას უდრის. ჩვენ მიერ ზემოთ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, მოკლევადიანი პერსპექტივით მოგებულნი რჩებიან იმპორტიორები და სახელმწიფო სტრუქტურები, ხოლო წაგებული - მთელი დანარჩენი ბიზნესი (შიდამწარმოებლები და ექსპორტიორები), საბანკო სექტორი და მოსახლეობა. ფაქტობრივად, ამ ჯგუფების ხარჯზე ხდება მთავრობის მიმდინარე ეკონომიკური და პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა - საგარეო ვალების გადახდა, შესყიდვები, გადასახადების აკრეფა.”

როგორც ავტორი აღნიშნავს, “ხანგრძლივი პერსპექტივით კი წაგებულნი კიდევ მეტნი არიან.” – “24 საათში” ვკითხულობთ: “სუსტდება შიდა წარმოება და ექსპორტი. იზრდება უმუშევრობა. კიდევ უფრო ძლიერდება ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე და, მაშასადამე, სხვა ქვეყნებზე, პირველ რიგში, რუსეთსა და თურქეთზე. მცდარმა სავალუტო პოლიტიკამ არაერთი ქვეყანა დაღუპა, მაგალითად, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, სადაც ეკონომიკურად გაცილებით უფრო ძლიერი ქვეყნები ეროვნული ვალუტის უგუნური მართვის შედეგად კრიზისში აღმოჩდნენ.”

კიდევ ერთი დამოუკიდებელი ექსპერტი, იურისტი მაია ნიკოლეიშვილი ხელისუფლების პოლიტიკაზე საუბრობს 26 ნოემბრის გაზეთ “ახალი თაობის” ფურცლებზე. პუბლიკაციის სათაურია - “საქართველოში არასანქცირებული მოსმენები ნორმად არის ქცეული.”

კითხვაზე - რის ეშინია დღევანდელ ხელისუფლებას? - ექსპერტმა უპასუხა: “ხელისუფლებას სერიოზულად ეშინია იმის, რომ შეიძლება გაჩნდეს საღი აზრი, რომელიც მის შეცდომებზე მიახედებს დასავლეთს. აქ მთავარი არბიტრი დასავლეთია. დასავლეთმა არ უნდა გაიგოს, თუ რა არაპროფესიონალია ხელისუფლება, რამხელა საკადრო კრიზისია ქვეყანაში. დღეს მიდის ამის დამალვა. მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ეს სამმილიონიანი საქართველო შუაზეა გაყოფილი. ინტელიგენცია შუაზეა გახლეჩილი. არიან “ჩვენები” და არიან “სხვანაირად მოაზროვნეები”. წარმოიდგინეთ შუაზე გაყოფილი საქართველო. იმ მეორე ნაწილიდან ხდება საკადრო არჩევა. აქეთა ნაწილი უფუნქციოდ არის დატოვებული. მათში თავისთავად მატულობს ხელისუფლებით უკმაყოფილება.”
XS
SM
MD
LG