Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი სტუდენტური ალტერნატივა განათლების სამინისტროს ისევ უპირისპირდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი უნივერსიტეტის კიბეებთან საპროტესტო აქციის დასრულებისა და ახალი რექტორისათვის ვარდების მირთმევის შემდეგ ახალი სტუდენტური ალტერნატივა

განათლების სამინისტროს ისევ უპირისპირდება. ამჯერად ალტერნატივის წევრები სამაჩაბლოდან ჩამოყვანილ და სხვადასხვა უნივერსიტეტებში განაწილებულ სტუდენტებს ექომაგებიან. საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განათლების სამინისტრო, დაპირების მიუხედავად,სამაჩაბლოელი სტუდენტებისათვის სწავლების საფასურის გადაუხდელობაში დაადანაშაულეს. განათლების სამინისტროში ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ.





[ლაშა ბლიაძის ხმა] “ეს სტუდენტები, რომლებიც სამაჩაბლოდან ჩამოვიდნენ თბილისში, რამდენიმე თვეში გამოყარეს უნივერსიტეტებიდან. ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს პრეზიდენტისაგან, გაერკვეს ამ საკითხში და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეების უფლებები დაარღვიეს, სტუდენტების უფლებები დაარღვიეს.”

ეს ახალი სტუდენტური ალტერნატივის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ბლიაძე გახლავთ. მისი მონაცემებით, განათლების სამინისტროს უპასუხისმგებლობისა და უყურადღებობის მსხვერპლი ცხინვალის რეგიონიდან ჩამოსული ოცდაათამდე სტუდენტი გახდა. ამ სტუდენტების ჩამოყვანის ინიციატორი კი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული მიხეილ ქარელი იყვნენ. დღევანდელი პრესკონფერენციის თანაორგანიზატორი, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი ლევან პაჭკორია დამნაშავეთა დასჯას კატეგორიულად მოითხოვდა:

[ლევან პაჭკორიას ხმა] “უნდა აღიარონ, რომ ჩაიდინეს დანაშაული ამ ხალხის წინაშე. და ამ ხალხის უფლება ისედაც დარღვეულია - კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ. დღეს თბილისში, სადაც კონფლიქტი არ არის, არაფერი არ ხდება, უბრალოდ, მშვიდობიანობაა, - უბრალოდ, მათ არ მისცეს საშუალება ესწავლათ უნივერსიტეტებში.” (სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ დღევანდელ პრესკონფერენციას არც ერთი დაზარალებული სტუდენტი არ დასწრებია. ამას ახალი სტუდენტური ალტერნატივის წევრები იმით ხსნიან, რომ ხელისუფლებამ ცხინვალიდან ჩამოსული ახალგაზრდები დააშინა. რაც შეეხება განათლების სამინისტროს - ამ უწყების წარმომადგენელი ლევან გახელაძე სტუდენტების ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ სამინისტრომ ნაკისრი ვალდებულება უკვე შეასრულა.

[ლევან გახელაძის ხმა] “მანდ იყო, გენაცვალე, პრობლემები ხაზინასთან დაკავშირებით და თანხა დღეს გადაირიცხა. კი ბატონო, გააკეთონ პრესკონფერენცია, ქვეყანა თავისუფალია და ყველას შეუძლია თავისი აზრის გამოთქმა. შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ, ივლისიდან მოყოლებული, პრაქტიკულად კვირა არ გასულა, რომ იქ, ცხინვალის რეგიონში, არ ვყოფილიყავით და ეგ ადამიანები მე იქ რაღაც არ მახსოვს. არ შემხვედრიან. არც ქალბატონი ნანა კაკაბაძე არ შემხვედრია და არც ახალი სტუდენტური ალტერნატივის ჯეელები. “(სტილი დაცულია)

ნანა კაკაბაძე განათლების სამინიტროს წარმომადგენლის რისხვის ობიექტად იმის გამო იქცა, რომ ახალი სტუდენტური ალტერნატივის წევრებმა პრესკონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” ოფისში ჩაატარეს. რაც შეეხება სტუდენტური ორგანიზაციისა და განათლების სამინისტროს დაპირისპირებას, ახალი სტუდენტური ალტერნატივის წევრები აცხადებენ, რომ თუ ცხინვალის რეგიონიდან ჩამოყვანილი ახალგაზრდების უფლებათა დამრღვევები არ დაისჯებიან, ისინი მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.
XS
SM
MD
LG