Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შალვა ნათელაშვილმა ამერიკა აღმოაჩინა


დავით პაიჭაძე, თბილისი ვინც ქართულ პოლიტიკაში (და არა მხოლოდ ხელისუფლებაში) ყურადღებით აკვირდება ფიგურათა გადაადგილებას,

მას არ გამორჩებოდა ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის ქვეყანაში არყოფნა. სამი კვირის მანძილზე ნათელაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. 27 დეკემბერს მან ისურვა, საზოგადოებისათვის საჯაროდ გაეცნო ვიზიტის შედეგები.

შალვა ნათელაშვილის ვიზიტის შედეგი რამდენიმე სიტყვით რომ შევაფასოთ, შეიძლება ითქვას: ლეიბორისტთა ლიდერმა დაგლიჯა რკინის ფარდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში. ეს მან თავად ბრძანა:

[ნათელაშვილის ხმა] “მთავრდება სააკაშვილის მონოპოლია ვაშინტონზე. რკინის ფარდა, რომელიც ჩამოაფარა ამ ცრუ პრეზიდენტმა ამერიკას და საქართველოს შორის, ამერიკულ და ქართულ საზოგადოებას შორის, ამერიკელ და ქართველ პოლიტიკოსებს შორის - დაგლეჯილია! ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი შედეგი.”

ლეიბორისტთა ლიდერმა, მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში წაიღო და გაავრცელა პარტიის მიმართვა ამერიკელ მეგობრებს, რომელსაც მანამდე ბროშურის სახე მისცა. მიმართვა 18 ნაწილად არის დაყოფილი და მასში ნათელაშვილი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: საქართველოს მთავრობის კლანურ-მაფიოზურ-კორუმპირებული სახე, ერთპარტიული დიქტატურა, თვითმმართველობის არარსებობა, ადამიანის უფლებების შელახვა, მმართველი ელიტის მენტალურ-ფსიქოლოგიური ორიენტაცია და ანტიამერიკანიზმი სახელმწიფო პოლიტიკაში. უკანასკნელი თემის გაშლისას ნათელაშვილმა აჩვენა უმაღლესი პილოტაჟი სადაზვერვო საქმიანობაში:

[ნათელაშვილის ხმა] “ერთი რამ გავარკვიე საბოლოოდ და უკანასკნელად (ვერ დაგისახელებთ წყაროებს და ვინაობას), თუ საიდან მოვიდა სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე. ეს მოხდა რუსეთის დაზვერვის ერთ-ერთი ლიდერის, ევგენი პრიმაკოვის, ხელმძღვანელობით, რომლის მოწაფეა სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია. ამ დაჯგუფებაში ჩათრეული იყო უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი; რუსებმა სააკაშვილი შეუგდეს ამერიკელებს. “ვარდების რევოლუციამდე” 2 წლით ადრე დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართა შეხვედრა რუსეთისა და ამერიკის დაზვერვის წარმომადგენელთა შორის, სადაც პრიმაკოვმა შეუგდო სააკაშვილის კანდიდატურა ამერიკელებს.”

მაგრამ შალვა ნათელაშვილი ამერიკაში ამ ამბისთვის არ წასულა. ნათელაშვილმა, თუ ვერწმუნებით, იქ თვალები აუხილა პოლიტიკოსებსაც, მკველვრებსაც და ექსპერტებსაც. სავარაუდოდ, ლეიბორისტთა ლიდერს ამძიმებს თავისი რევოლუციური წარსული - სწორედ “ვარდების რევოლუციისთვის” ზურგის შექცევამ გარიყა ნათელაშვილი აქტიური პოლიტიკიდან. ამ მდინარეში მეორედ შესვლა მას, ჩანს, ისევ რევოლუციის გზით წარმოუდგენია. საქართველოში მოსახდენ სწორედ ახალ რევოლუციას შესთხოვდა ამერიკელებს პოლიტიკოსი ნათელაშვილი:

[ნათელაშვილის ხმა] “მთავარი თხოვნა და მოთხოვნა, რომელიც ჩვენ დავსვით აშშ-ის ხელისუფლებისა და პოლიტიკური ელიტის წინაშე, ეს გახლავთ საქართველოში ხელისუფლების ვადამდელი და, რაც შეიძლება, ნაჩქარევი შეცვლა, დემოკრატიული საარჩევნო წესით. მე შემიძლია გითხრათ, რომ რეალურად ინფორმაცია აქვს 4-5 კაცს. ეს ხალხი მუშაობს საქართველოზე, აკეთებს დასკვნებს და ხშირად, სამწუხაროდ, ეს დასკვნები ხდება ამერიკის ოფიციალური პოლიტიკის საფუძველი. აი, ეს 4-5 კაცი გახლავთ ჟვანია-სააკაშვილთან შეკრული კატეგორია. და დღეს ისინიც უკვე სხვა ჰანგზე უკრავენ.”

პარტიის ოფისში მოუბარ შალვა ნათელაშვილს თანდათან ეცლებოდნენ მსმენელები. როცა მე ლეიბორისტების შტაბბინას ვტოვებდი, ლიდერი მხოლოდ პარტიის წევრების ამარა რჩებოდა. ამ დროს შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობდა, როგორ გაძარცვეს ვიქტორ იუშჩენკომ და ვიქტორ იანუკოვიჩმა უკრაინელი ხალხი, როგორ იშოვეს მილიარდები და რა თანაბრად კორუმპირებულები არიან ისინი.
XS
SM
MD
LG