Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მოსაზრება “ბაღაფში - სააკაშვილის მეგობარია” - უმაღლესი დონის აბსურდია”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი გაგაცნობთ რუსეთის ბოლოდრონდელი პრესის ორიოდე პუბლიკაციას, რომლებიც ეხება მოსაზრებებს თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის

საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ და ვარაუდებს აშშ-ის პოლიტიკის თაობაზე პოსტსაბჭოთა სივრცეში.

აფხაზეთში არჩევნების თემას ეძღვნება საინფორმაციო სააგენტო “რეგნუმის” 9 იანვრის მიმოხილვითი ხასიათის წერილი. სააგენტოს თქმით, “ოფიციალურ პირთაგან ვერც ერთმა ვერ გასცა დამაჯერებელი პასუხი კითხვას, თუ რატომ მოხდა, რომ ორი, პრორუსული პოზიციის მქონე, კანდიდატიდან რუსეთის მხარემ ხაჯიმბას გაყვანა მოისურვა, ბაღაფშის წინააღმდეგ კი მძფრად გაილაშქრა.”
წერილში ნათქვამია:

“მთავარი მიზეზი, თითქოსდა ისაა, რომ ბაღაფში სააკაშვილის კაცია. თუმცა, სინამდვილეში, ყოველივე ეს სხვა არაფერი იყო, თუ არა მორიგი პროპაგანდისტული ცდა ოპოზიციის კანდიდატის დისკრედიტაციისა. მიჩნეულია, რომ ამ სვლის იდეა ეკუთვნით რუსეთის ანონიმურ პოლიტტექნოლოგებს, რომლებმაც აქცენტების მკაფიოდ დასმა გადაწყვიტეს. მაგრამ, მიმდინარე მოვლენათა შესახებ ადგილიდან მიღებული რეპორტაჟებით თუ ვიმსჯელებთ, სოხუმელები დაუფარავად დასცინოდნენ ამგვარ ვარაუდებს. საქმე ის არის, რომ ბაღაფშს მხარს უჭერს აფხაზეთის ომის (საქართველოსთან ომის) ვეტერანთა მოძრაობა - “ამცახარა”. ხოლო როდესაც ხაჯიმბამ და ბაღაფშმა, რუსეთის ზეწოლით, სამშვიდობო მოლაპარაკებას მოაწერეს ხელი, მოსაზრება “ბაღაფში -სააკაშვილის მეგობარია” უმაღლესი დონის აბსურდში გადაიზარდა.”

7 იანვრის ინტერნეტგაზეთი “ნოვოე ვრემია” აქვეყნებს წერილს, რომელიც ეძღვნება აშშ-ის პოლიტიკას პოსტსაბჭოთა სივრცეში. “რევოლუციური განწყობილება, რომელმაც დსთ-ის ქვეყნები მოიცვა, აზერბაიჯანის საზღვრებს უახლოვდება”, - ირწმუნება რუსეთის ანალიტიკური ცენტრი “ნამაკომი”, რომელიც რუსეთის საგარეო დაზვერვის გადამდგარმა თანამშრომლებმა დააფუძნეს.
გაზეთი გვამცნობს, რომ, ამ სტრუქტურის მონაცემებით:

“დასავლეთის პოლიტოლოგები და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ დროა უკვე ვაშინგტონმა ხელი მოჰკიდოს “შავი ზღვის დიდ რეგიონს”, რომელშიც შედიან: აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. მითითებულია, რომ დასავლეთს არ აკმაყოფილებს ამ ქვეყნების პოსტსაბჭოთა ლიდერები. თუმცა, ანალიტიკოსთა აზრით, საქართველოსა და უკრაინის გამოცდილებამ აჩვენა, რომ რეგიონში გამოჩნდნენ პროგრესული ლიდერები, რომლებსაც შეიძლება დაეყრდნო რეგიონის ათვისების პროცესში.”

როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, - წერს გაზეთი, - ვაშინგტონი მიღწეულს არ დასჯერდება: ახლა მის გაღიზიანებას იწვევს ბაქო და ერევანი. “ნოვოე ვრემიას” თქმით, “დასავლეთს არაერთხელ გაუკრიტიკებია უმცროსი ალიევიც და რობერტ ქოჩარიანიც - არც ერთი მათგანი არ უპასუხებს აშშ-ის დღევანდელ მოთხოვნებს. ამიტომ საჭიროა მათი შეცვლა და იქნებ - “ვადამდელი” სცენარითაც კი”.
გაზეთი წერს:

“თბილისისა და კიევის რევოლუციების შემდეგ ვაშინგტონი აპირებს ძალისხმევის გააქტიურებას აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, მთიანი ყარაბახისა და დნესტრისპირეთის საკითხების გადასაწყვეტად. ამის პარალელურად კი წავა მზადება აზერბაიჯანისა და სომხეთის საპარლამენტო და, შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც. ამის შემდეგ მოხდება ხელისუფლების ცვლა მოლდოვაში. რუსეთის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ყველა ამ, ასე ვთქვათ, “სახალხო” რევოლუციების სცენარების ჩატარებაში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრებათ აშშ-ის ელჩებს ამ ქვეყნებში; საბოლოოდ კი, ისინი წინასწარმეტყველებენ ამ ქვეყნების შემდგომ რეფორმირებას იუგოსლავიურ-ქართულ-უკრაინული ნიმუშის მიხედვით.”
XS
SM
MD
LG