Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ქუთაისის ”ასტანიზაციაზე” ფიქრობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობა სერიოზულად განიხილავს რიგ სახელმწიფო დაწესებულებათა ცენტრალური ოფისების ქუთაისში გადატანის საკითხს. ამ პროექტის მიზანი ქვეყნის

რეგიონების თანაბარზომიერი ეკონომიკური განვითარებაა, თუმცა ექსპერტები შიშობენ, ამგვარი გაუთვლელი და სპონტანური გადაწყვეტილებით გამოუსწორებელი შედეგი არ მივიღოთ. რა დაჯდება ქუთაისის „ასტანიზაცია“ და რამდენად ეფექტური შეიძლება გამოდგეს ეს ექსპერიმენტი?

საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება ახალი ინიციატივით გამოდის და, რეგიონების თანაბარი ეკონომიკური განვითარების სურვილით, რიგი სახელმწიფო უწყებების ქუთაისში გადატანას აპირებს. ექსპერიმენტის იდეა მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ და სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ გაახმიანეს.

[კახა ბენდუქიძის ხმა]„ჩვენ შეგვიძლია მთელი რიგი დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყებისა ეფექტურად განვათავსოთ თბილისის გარეთ. ცხადია, მარტო ეს არ არის საკმარისი. საბოლოოდ თავისუფალი მოძრაობა, მიგრაცია და თავისუფალი ბაზარი დაარეგულირებს ამას, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად შევუწყოთ ხელი და გარკვეული კატალიზატორები გავხდეთ ქვეყნის რეგიონების თანაბარი განვითარებისა.“(სტილი დაცულია)

აღნიშნული ექსპერიმენტის იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქუთაისში რამდენიმე სასწავლო დაწესებულების, საკონსტიტუციო სასამართლოს, კონტროლის პალატის, ეროვნული ბანკისა და მარეგულირებელი კომისიების გადატანის შესახებ აზრი გამოთქვეს. ერთი კვირის წინ კი გადასატანი ობიექტების სია მეტ-ნაკლებად დაკონკრეტდა და იგი ჯერჯერობით ეროვნული ბანკითა და მარეგულირებელი კომისიებით შემოიფარგლა. მთავრობის ამ აზრს ექსპერტები ქუთაისის „ასტანიზაციის“ მცდელობად და აბსურდულ ექსპერიმენტად მიიჩნევენ. საქართველოს ბანკების ასოციაციის დირექტორი გიორგი ცუცქირიძე ვერ იხსენებს შემთხვევას, ქვეყნის ცენტრალური ბანკის მოშორებას ფინანსური ცენტრიდან დადებითი შედეგი გამოეღო. ცუცქირიძის აზრით, ამ პროექტის რეალიზაცია გამოიწვევს ფინანსური ინსტიტუტების სერიოზულ ტრანსფორმირებას, რაც კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული და ტექნიკურად წარმოუდგენელიც გახლავთ:

[გიორგი ცუცქირიძის ხმა] „ როდესაც ამხელა ინფრასტრუქტურა გადაგაქვს ერთი ადგილიდან მეორეში, ეს დაკავშირებულია ძალიან დიდ ხარჯებთან და ტექნოლოგიურ პრობლემებთან. ეროვნულ ბანკზე მინდა ამ წუთში საუბარი. ცენტრალური ბანკი რამდენიმე ფუნქციის მატარებელია. ერთ-ერთია საანგარიშსწორებო ფუნქცია. ანუ არის საანგარიშსწორებო ცენტრი, რომელიც ახდენს კომერციული ბანკების მომსახურებას, გარდა ამისა, საბიუჯეტო ორგანიზაციების მომსახურებას. არის კიდევ სხვა ფუნქცია, მაგალითად, საზედამხედველო ფუნქცია, როდესაც ადგილზე ხდება ბანკების შემოწმება. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს რომ მოვწყვიტოთ და გადავიტანოთ ქუთაისში. ძალიან სერიოზული პრობლემები იქმნება იმავე ბანკებისთვის, იმავე კლიენტურისა და ინფრასტრუქტურისთვის. ეს იქნება კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული.“

ქუთაისში სახელმწიფო უწყებების გადატანა ჯერჯერობით პროექტის სახით არსებობს. ამასთან, იდეის გარდა, ჯერჯერობით არავის გაუკეთებია ამ პროექტის ხარჯთაღრიცხვა და არც იმის გამოკვლევა ჩაუტარებია, თუ რა პროცესებს გამოიწვევს და უღირს თუ არა სახელმწიფოს ამგვარი ექსპერიმენტი. თუ ქუთაისის ე.წ. ასტანიზაციის იდეას შესაბამისი შესწავლა და გათვლა არ მოჰყვა, ექსპერტები შიშობენ, რომ შეიძლება დაახლოებით ვარაზის ხევში შექმნილი „ბერმუდის სამკუთხედის“ დარი ექსპერიმენტი მივიღოთ, ოღონდ ამჯერად - მაკრო მასშტაბის.
XS
SM
MD
LG