Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცხადდება თუ არა საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზები უკანონოდ?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს პოლიტიკური ელიტა მკაცრ განცხადებებს აკეთებს საქართველოში რუსეთის სამხედრო ბაზების მომავალთან დაკავშირებით.

რამდენიმე დღის წინ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოში მომსახურე რუს სამხედროებს აუტანელი პირობების შექმნის პირობა მისცა. ვენაში მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ბაზების გაყვანის პროცედურის გაჭიანურების შემთხვევაში, საქართველო თავის ტერიტორიაზე განლაგებულ რუსეთის სამხედრო ბაზებს უკანონოდ გამოაცხადებს.

საქართველოს ხელისუფლება სულ უფრო მკაცრ განცხადებებს აკეთებს ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით - კვირის დასაწყისში, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ხელისუფლება არ განსაზღვრავს ბაზების გაყვანის ვადას - პარლამენტარის აზრით, ეს 2006 წელი უნდა იყოს - საქართველოს ხელისუფლება დააყენებს ე..წ "რენაუნსმენტის" ანუ ბაზების ბლოკირების საკითხს.

ბაზების გაყვანის ვადის განსაზღვრის გაჭიანურების შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამ ბაზების უკანონოდ გამოცხადებას გეგმავს - როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ამის თაობაზე მან საქმის კურსში ჩააყენა თავისი რუსი კოლეგა, რუსეთის დუმის თავმჯდომარე ბორის გრიზლოვი.

შეგახსენებთ - თებერვლის დასაწყისში, რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულებაზე მომუშავე ჯგუფმა შეთანხმებას ვერ მიაღწია საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის ვადებთან დაკავშირები. ამჯერად რუსები ბათუმსა და ახალქალაქში განლაგებული ბაზების გასაყვანად 8 წელს ითხოვენ. ქართული მხარის აზრით, 3 000 სამხედროსა და ტექნიკის გასაყვანად 8 წელი საჭირო ნამდვილად არ არის.

რას ნიშნავს საქართველოში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების კანონგარეშედ გამოცხადება? სამხედრო ექსპრეტის კახა კაციტაძის თქმით, ეს ბაზები ისედაც უკანონოდ იმყოფება საქართველოში:

[კახა კაციტაძის ხმა] „ ორმხრივი ან მრავალმხრივი სახელმწიფო ხელშეკრულებით, მათი ყოფნა არსად არ არის გაფორმებული კანონიერად. განსხვავებით ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტიდან, რომლის არსებობაზეც არსებობს ხელშეკრულებები - სხვა საკითხია, ეს ხელშეკრულებები რამდენად გამართლებული იყო, როცა დაიდო და მათი დენონსაცია არის თუ არა საჭირო. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ამ ე.წ. სამშვიდობოების ყოფნა რაღაც იურიდიული ბაზიღ მაინც რეგულირდება. ეს ორი ბაზა - ბათუმის და ახალქალაქის - ისედაც არ არის მოწესრიგებული. როგორც ვხვდები, მათ უკანონო ყოფნას ესმევა ხაზი, თორემ, იურიდიული საფუძველი ისედაც არა აქვს.“

26 თებერვალს ქართული მხარის განცხადებებს რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით რუსული მხარეც გამოეხმაურა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "მუქარითა და შანტაჟით" პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია და რომ მხარეთა შეთანხმებით, ორმხრივი კომისია 2 თვის ვადაში ეცდება შეთამხმების მიღწევას.

თუმცა, ამ 2 თვესთან დაკავშირებით ქართული მხარე პესიმისტურად არის განწყობილი და თავისი პოზიციიის სერიოზულობის დემონსტრირებას ახდენს. ამას ადასტურებს ამ ორი დღის წინ ბათუმში რუსეთის სამხედრო ბაზის წინ მოწყობილი საპროტესტო აქცია, როცა აქციის მონაწილეებმა ბაზის არსებობასთან დაკავშირებული პროტესტი საქართველოს ჰიმნის სიმღერით გამოხატეს.
XS
SM
MD
LG