Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეების აქცია ფართოვდება


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი პარლამენტის შენობის წინ სამედიცინო უნივერსიტეტის კოლეჯის მოსწავლეთა აქცია არ წყდება. პარლამენტში მათ საკითხზე კენჭისყრის ჩავარდნის მიუხედავად, კოლეჯის მოსწავლეები და მათი მშობლები

უკან დახევას არ აპირებენ და მთავრობას კეთილგონიერებისკენ მოუწოდებენ. პარასკევს, მას შემდეგ, რაც მათ სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტები შემოუერთდნენ, აქციის მასშტაბი შესამჩნევად გაიზარდა. მათი მხარდამჭერი მცირერიცხოვანი აქცია ქუთაისის ცენტრშიც გაიმართა. თავის მხრივ, პარლამენტის წევრები აქციის მონაწილეთა მშობლებს მოუწოდებენ გაუფრთხილდნენ შვილების ჯანმრთელობას და ცივ ამინდში საათობით დგომა გადააფიქრებინონ, აქციას კი უშედეგოს უწოდებენ.

[მანქანის საყვირის ხმა, “კოლეჯი, კოლეჯი! სიმართლე, სიმართლე!”]

ასეთი შეძახილებით შემოუერთდნენ სამედიცინო და ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტები პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ სამედიცინო კოლეჯის მოსწავლეებს. მათ საბურთალოდან რუსთაველის გამზირამდე გზა ფეხით გამოიარეს, რამდენიმე აქტივისტს მოჰქონდა უზარმაზარი, შავ ნაჭერზე დაწერილი პლაკატი: “ბატონო მიშა, ნუ წაგვართმევთ მომავალს”. სტუდენტები უმცროს მეგობრებს სოლიდარობას უცხადებენ და აპროტესტებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც კოლეჯის მოსწავლეებს, ადრე გაფორმებული ხელშეკრულების მიუხედავად, მისაღები გამოცდების ჩაბარება მოუწევთ:

[სტუდენტების ხმები] “ჩვენ, მთელი გეპეი, მხარს ვუჭერთ კოლეჯს და მომხრეეები ვართ იმისა, რომ ამ ხალხს ჩაბარებული აქვს გამოცდები და აღარ ჩააბარებინონ.” მეორე ბიჭი - “მე მგონი, მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ამ ბავშვების გულისტკივილი და უნდა დაუდგეს გვერდში. იმიტომ რომ, როცა დრო იყო, მთავრობას ჩვენ ვედექით გვერდში, ახალგაზრდობა. პატარები არიან გამოსულები და, მე მგონი, როცა 14-15 წლის ბავშვს რაღაც აწუხებს, მართლა აწუხებს და მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ეს.”

აქციის მონაწილეთა მშობლებს იმედი აქვთ, რომ ხელისუფლებას გული მოულბება და, ბოლოს და ბოლოს, გაითვალისწინებს მათ პოზიციას:

[მშობლის ხმა] “ეს რომ ორი წლის წინ მომხდარიყო, ხომ პირველი გამოვიდოდნენ ზოგ-ზოგიერთები და დაიწყებდნენ, რომ ბავშვები ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში არიან, ბავშვები ამდენი ხანი ქუჩაში დაყარეს. ახლა რატომ არავინ იბერტყავს ყურს, ბოლოს და ბოლოს, ვართ თუ არა ჩვენ ამ საქართველოს შვილები და არიან თუ არა ჩვენი შვილები საქართველოს მომავალი თაობა.” (სტილი დაცულია)

რაც შეეხება პარლამენტს, მისი წევრები ახალგაზრდების საპროტესტო შეკრებას პერიოდულად ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალყურს. პოზიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ბავშვების ჯანმრთელობაზე წუხდნენ და აცხადებდნენ, რომ აქციას არავითარი შედეგი არ ექნება.

[ელენე თევდორაძის ხმა] “მე ვფიქრობ, რომ იმის მაგივრად, რომ წავიდნენ, დაჯდნენ, მართლა დღე და ღამე იმეცადინონ. ამდენი დღის დაკარგვა აქ ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ცოტა გაუგებარია.”(სტილი დაცულია)

დეპუტატი ელენე თევდორაძე აქციის მონაწილეთა მშობლებს ურჩევს გაუფრთხილდნენ საკუთარი შვილების ჯანმრთელობას და ცივ, ქარიან ამინდში დგომა გადააფიქრებინონ. თავად ბავშვები, გაჯიუტებულნი და ასობით მხარდამჭერის შემოერთებით შეგულიანებულნი, დაშლას არ აპირებენ. ისინი ხელისუფლებაზე ზეწოლის მიზნით შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავენ.
XS
SM
MD
LG