Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთი ფაქტი


დავით პაიჭაძე, თბილისი უკვე მეათე დღეა, სამი ძმა ცათიაშვილი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ნეიტრალურ ზონაში იმყოფება. ძმები რუსეთის მოქალაქეები არიან, წარმოშობით ქისტები.

7 მარტს ისინი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ლტოლვილის სტატუსის მიღებას ითხოვდნენ. ამავე სამინისტროში ძმებს პოლიცია დახვდა, წაიყვანა დაკითხვაზე და დაკითხვის შემდეგ გადაიყვანა სახელმწიფო საზღვრის ნეიტრალურ ზონაში. 17 მარტს ეს ფაქტი საზოგადოებას გააცნო საქართველოს სახალხო დამცველმა, მას შემდეგ, რაც ცათიაშვილების უფლებათა დაცვის მცდელობა მარცხით დასრულდა. გაგაცნობთ ამ საქმის რამდენიმე ასპექტს.

როგორ გადმოლახეს საქართველოს საზღვარი შენგელი, სულეიმან და სოსლან ცათიაშვილებმა, დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. სახალხო დამცველის ოფისის თავისუფლებისა და თანასწორობის მიმართულების კოორდინატორმა ბექა მინდიაშვილმა ორჯერ ინახულა ძმები და აღნიშნავს, რომ უფროსმა ძმამ, საქართველოში 15 დეკემბერს შემოსულმა შენგელი ცათიაშვილმა, უკვე 18 დეკემბერს მიიღო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გაცემული, ლტოლვილის სტატუსის მაძიებლის ცნობა.

[მინდიაშვილის ხმა] “6 მარტს დანარჩენი ორი ძმაც შემოვიდა საქართველოში იმავე გზით, აზერბაიჯანის გავლით, არალეგალურად, თუმცა, საერთაშორისო კონვენციების თანახმად, ადამიანი, რომელიც ამჟღავნებს თავის თავს და ითხოვს ლტოლვილის სტატუსს, არ ისჯება და ენიჭება ასეთი სტატუსი, ქვეყანა კი მის დეპორტირებას არ ახდენს.”

ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ ცათიაშვილების დაკავებითა და დეპორტირებით სახელმწიფომ ლტოლვილთა შესახებ საერთაშორისო კონვენცია დაარღვია. ამასთან, დაკავებაცა და ნეიტრალურ სასაზღვრო ზონაში დეპორტირებაც ისე მოხდა, რომ არც ერთი ეს ქმედება ოფიციალურად ფიქსირებული არ არის. უმცროსი ძმა არასრულწლოვანია. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ფაქტს ასეთ კომენტარს უკეთებს:

[სუბარის ხმა] “ჩვეულებრივ, სახელმწიფოს აქვს უფლება, ადამიანი, ვისზეც რაიმე ეჭვი არსებობს, არ შემოუშვას საზღვარზე ან მოახდინოს მისი დეპორტაცია. ჩვენ ერთ რამეს ვამბობთ: ეს ყველაფერი კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. არ შეიძლება, ვიღაც სადღაც დაიჭირონ და ისე გაუშვან ქვეყნიდან, რომ არსად დააფიქსირონ.”

რამდენადაც სახალხო დამცველის სიტყვებით გახდა ცნობილი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პოზიცია ასეთია: ძმები ცათიაშვილების შესახებ არსებობს გარკვეული ეჭვი ჩეჩენ მებრძოლებთან მათი კავშირის შესახებ. ძმებს საქართველოს საზღვარი ოფიციალურად არც გადმოუკვეთიათ და არც დაუტოვებიათ. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მესაზღვრეებს სწორედ ამას ედავებიან: მათ ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე გადაიყვანეს ძმები საქართველოს საზღვარზე, ამდენად ეს უკანონო ქმედებაა და არა დეპორტაცია თუ გაძევება. მე შევეცადე უფრო ვრცელი კომენტარი მიმეღო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის შტაბის უფროსის კორნელი სალიასაგან. მან არჩია, პასუხი პრეს-მდივნის პირით შემოეთვალა:

[პრეს-მდივნის ხმა] “არ გავაკეთებო კომენტარს, არ მიმაჩნიაო ეს მიზანშეწონილად.”

ჯერჯერობით სახელმწიფოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ლტოლვილობის მთხოვნელი ადამიანები თავიდან მოიშოროს. როგორც საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნავს:

[სუბარის ხმა] “იქნებ მართლა ტერორისტები არიან? ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ამ შემთხვევაშიც მათი დეპორტაცია კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს. დღეს კი სრულიად გაურკვეველი ვითარებაა: არიან საზღვარსა და საზღვარს შორის გაჩხერილები, არავინ ამბობს, როგორ გააძევეს ისინი და, შესაბამისად, ვერანაირ დახმარებას ლეგალურად ვერ აღმოუჩენენ.”

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეზე სახალხო დამცველის აპარატთან არ თანამშრომლობს. უმოქმედოდ არის ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროც. სახალხო დამცველის აზრით კი, ცათიაშვილების უფლებათა დაცვა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება:

[სუბარის ხმა] “სახელმწიფომ კეთილი უნდა ინებოს და ეს ადამიანები შემოუშვას საქართველოში.”
XS
SM
MD
LG