Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით კეზერაშვილი პარლამენტში ისევ ვნებათაღელვის საბაბი გახდა


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი როგორც მოსალოდნელი იყო, ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის, დავით კეზერაშვილის, სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გამო დანიშნული სამთავრობო

საათი ოპოზიციისა და უმრავლესობის მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. მართალია, კეზერაშვილის ჩანაწერებთან დაკავშირებით მომხსენებელი ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი იყო, მაგრამ, ძირითადად, სიტყვიერ შეხლა-შემოხლაში რესპუბლიკელები და ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

[დავით ბერძენიშვილის ხმა] “გადით ერთი ნებისმიერი და იყარეთ კენჭი სადმე. იყარეთ კენჭი და მიიღეთ თქვენი ხმები, თქვენი პარტიის ლოკომოტივის გარეშე. ამიტომ, როდესაც აი, ეს ხელისუფლება მოიყვანა სააკაშვილმა, მე მაქვს, უპირველეს ყოვლისა, მის მიმართ პრეტენზია და შემდეგ მაქვს ბატონ ჩეჩელაშვილის მიმართ და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამბობს, მერე რა მოხდაო. იცით რა, ვისაც გელაპარაკებოდნენ დედის გინებით, იმათ შეირგეთ ეს დედის გინება თავის დროზე. ნუ მალაპარაკებთ ყველაფერს. ნუ გამოჩნდებით ახლა ძალიან ვაჟკაცებად.” (სტილი დაცულია)

დეპუტატი დავით ბერძენიშვილი ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის დავით კეზერაშვილის დასაცავად უმრავლესობის წევრების მიერ წარმოთქმულმა სიტყვებმა გააცხარა. ვაჟკაც ბიჭად მოხსენიებულ, სკანდალური სატელეფონო ჩანაწერების გმირ კეზერაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის უმრავლესობა ექომაგებოდა და მის გმირულ რევოლუციურ წარსულს იხსენებდა, ბევრს კი კეზერაშვილის დასაცავად საბიუჯეტო შემოსავლების ზრდის არგუმენტი მოჰყავდა. ამიტომაც დავით ბერძენიშვილის გამოსვლამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა გაღიზიანება გამოიწვია. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მოპაექრე დავით კირკიტაძე იყო:

[დავით კირკიტაძის ხმა] “თქვენ არც ბოდიშის მოხდა შეგიძლიათ და არც ვაჟკაცობა გყოფნით აღიაროთ ის ფაქტები, რაც იყო. უბრალოდ, გგონიათ, რომ მარტო ზურაბ ჟვანიასთან ხართ, მაგიტო ზიხართ პარლამენტში. არ გვინდა ფაქტების დამახინჯება. იყარეთ კენჭი ბათუმში და ვნახავთ, რა შედეგსაც მიიღებთ და რა რეიტინგს მიიღებთ და რა ინტელექტის ბრძანდებით” (სტილი დაცულია).

კამათში მონაწილეობდა მანამდე უცნობი ახალგაზრდა დეპუტატი რატი სამყურაშვილიც. იგი რესპუბლიკელებისაგან და კონკრეტულად დავით ბერძენიშვილისაგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდა:

[რატი სამყურაშვილის ხმა] “მე მინდა ვთხოვო, რომ თავად მან მოიხადოს ბოდიში იმ განცხადებებისთვის, რომლითაც შეურაცხყოფილი დაგვტოვა ბევრი ჩვენი კოლეგა.”

ყველაზე ნაკლებს დებატების დროს სამთავრობო საათზე საგანგებოდ მიწვეული ფინანსთა მინისტრი ვალერი ჩეჩელაშვილი საუბრობდა. მისი თქმით, დავით კეზერაშვილის უწყება კარგად მუშაობს, ამიტომაც პირადად მას ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელთან პრობლემები არა აქვს. მინისტრის ამ პოზიციამ რესპუბლიკელთა ერთ-ერთი ლიდერი, ივლიანე ხაინდრავა, ვალერი ჩეჩელაშვილისადმი თანაგრძნობით განაწყო:

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “კეზერაშვილებს და მისნაირებს უფრო აქვთ შესაძლებლობა დაგნიშნონ ან გაგათავისუფლონ თანამდებობიდან, რაც, სამწუხაროდ, ასე არის. ამაში თანაგიგრძნობთ კიდეც. იმას ვიტყვი მხოლოდ, რომ რიგითი მოქალაქისათვის სულ ერთი არის, მამალაძის ბანდა ითარეშებს ამ ქვეყანაში თუ კეზერაშვილის ბანდა.”

ემოციური განხილვის შემდეგ საათნახევრიანი სამთავრობო საათი შუადღის შესვენებით დასრულდა. დებატებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს პარლამენტში ხელისუფლებას რაოდენობრივად მცირერიცხოვანი, მაგრამ ინტელექტუალურად საკმაოდ სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს.
XS
SM
MD
LG