Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეიძენს თუ არა გაერთიანება ¨სუუამი¨ რეალურ ფუნქციას და გავლენას?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და მოლდავეთი - რეგიონული გაერთიანება „სუამის“ წევრი სახელმწიფოები დემოკრატიის, განვითარებისა და სტაბილურობის გეგმებს ათანხმებენ

და ერთმანეთს პრობლემების მოგვარებაში მხარდაჭერას უცხადებენ. 1997 წლის შექმნილი რეგიონული ორგანიზაცია, რომლის დაფუძნების მიზნად აქამდე ეკონომიკური თანამშრომლობის გაქტიურება სახელდებოდა, დღეს პოლიტიკური ფუნქციის შესრულებას ცდილობს. შეიძენს თუ არა გაერთიანება "სუუამი" რეალურ ფუნქციასა და გავლენას?

1997 წელს დაფუძნებული რეგიონული ორგანიზაცია სუუამი, რომლის მიმართ შექმნის დღიდან ეჭვს დასავლეთი ოპტიმიზმს გამოთქვამდა, რუსეთი კი - ეჭვს - ახალი „სუნთქვის გახსნას“ ცდილობს. რეგიონული კონფლიქტების მოგვარება, მოლდოვიდან და საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა, დემოკრატიის განვითარება და ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა - ასე ჟღერს ის მიზნები, რომელთა განხორცილებაც საქართველოს, უკრაინისა, აზერბაიჯანისა და მოლდავეთის პრეზიდენტების განცხადებით, ამ ქვეყნების გლობალურ სტრატეგიას გამოხატავს.

"სუუამი რომ არ არსებობდეს, ის დღეს უნდა მოეფიქრებინათ", ამბობს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის თანამშრომელი არჩილ გეგეშიძე, რომლის აზრითაც, დღეს სუუამის რეალური ამოქმედებისთვის კარგი სასტარტო პირობებია შექმნილი:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] „ დღეს სუუამისთვის რეალური საშუალება შეიქმნა, რომ მისი სიცოცხლისუნარიანობა გაიზარდოს და დაიტვირთოს არა მხოლოდ ეკონომიკური იდეებით და პროექტებით, არამედ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია და, შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც იყოს - პოლიტიკური და შესაძლოა უსაფრთხოების კომპონენტებითაც კი. რადგან ამ ქვეყნებს ამ საკითხშიც თანამშრომლობა სჭირდება და არა მხოლოდ ეკონომიკაში.“

აქამდე სუუამი ბევრისთვის დსთ-ის ალტერნატიულ გაერთიანებად აღიქმებოდა. რუსეთის გაღიზიანებაც სუუამის მიმართ ამ ფაქტორით იყო გამოწვეული. მაგრამ, ამჯერად, კიშინიოვში შეკრებილი სუუამის წევრი სახელმწიფოების მეთაურები ერთმანეთთან თანამშრომლობის საფუძვლად იმდენად არა რუსეთის საწინააღმდეგო ან თუნდაც რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებს ასახელებენ, არამედ დემოკრატიისადმი ერთგულებას და ევროპული სტრუქტურებისკენ სწრაფვას. ამ კონტექსტში ჯდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის კომენტარი, თუ რუსეთი დემოკრატიული ფასეულობების ერთგული გახდება, შესაძლოა, სუუამშიც კი გაწევრიანდესო.

სხვა საკითხია, რამდენად, ასე ვთქვათ, "თანაბარია" თუნდაც დემოკრატიულობის მინიმალური ნიშნებით ის სახელმწიფოები, დღეს რომ სუუამში არიან გაწევრიანებულნი. მაგალითად, ის, რომ აზერბაიჯანი საკმაოდ შორსაა დემოკრატიისაგან - ეს არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას აღუნიშნავს. დემოკრატიულია თუ არა მოლდავეთი, რომლის პრეზიდენტი ვორონინიც 22 აპრილს, სამიტის გახსნამდე, ყვავილებით ამკობს პროლეტარიატის ბელადის ლენინის ძეგლს - 22 აპრილი ლენინის დაბადების დღე გახლდათ. რომ აღარაფერი ითქვას უზბეკეთზე, რომლის პრეზიდენტიც სულ არ არის დაცული ქევყანაში „ფერადი“ რევოლუციის შესაძლებლობისგან.

შესაბამისად, კეთილი სურვილების და, თითქოსდა, საფუძლიანი ამბიციების მიუხედავად, სუუამმა უნდა დაამტკოცოს, რომ მის არსებობას აზრი აქვს.
XS
SM
MD
LG