Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”სუუამი იმათი გაერთიანებაა, ვის წინააღმდეგაც მოსკოვი გამოდის”


გიორგი კაკაბაძე, თბილისი კონფლიქტები საქართველოში, კიშინიოვის სამიტი და მოლაპარაკებები რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ - ამ საკითხებზე ვისაუბრებთ რუსეთის

ბოლოდროინდელი პრესის დღევანდელ მიმოხილვაში.

21 აპრილის გაზეთი ”ზავტრა” არ გამორიცხავს საქართველოში არსებული კონფლიქტების სამხედრო გზით გადაწყვეტისა და რუსეთისთვის მოვლენების არასასურველი გზით განვითარების შესაძლებლობას.

გაზეთის აზრით: ”სამხედრო მარცხი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უძლიერეს დარტყმას მიაყენებს პუტინის ავტორიტეტს, რომელიც ბოლო დროს ისედაც სწრაფად მიექანება დაბლა. მაგრამ არ ჩანს, რომ მოსკოვი ანგარიშს აძლევდეს თავის თავს იმაში, თუ რაოდენ სერიოზულია მომავალი სამხედრო კონფლიქტი. ეტყობა, კრემლი იმდენადაა დაკავებული რუსეთის შიდა პრობლემებით, რომ ვერ ხედავს, როგორ იღრუბლება ცა მის ზურგს უკან.”

23 აპრილის ”როსიისკაია გაზეტას” თქმით, ”ილუზიების აგება საჭირო არ არის: სუუამის მეთაურები კიშინიოვში შეთქმულებისთვის იკრიბებიან - შეთქმულებისთვის, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არის მიმართული. ისინი, რასაკვირველია, შემკვეთებად არ გამოდიან, მაგრამ სხვისი ნების შემსრულებლები კი არიან. თუმცა ეს ჩვენ შვებას არ მოგვიტანს.”

გაზეთი წერს: ”დიპლომატიური თვალსაზრისით, შეიძლებოდა ამ მოვლენის იგნორირება, რადგან ის რუსეთს არ ეხება. მაგრამ ამ შემთხვევაში გულგრილად დარჩენა ნამდვილად არ შეიძლება. ნარინჯისფერი პროცესები არ წარმოადგენს სახელისუფლებო ჯგუფების შეცვლის სპონტანურ და განცალკევებულ მოვლენებს რამდენიმე სუსტად განვითარებულ და პერიფერიულ ”არშემდგარ” სახელმწიფოში. ეს არის მოქმედებათა და ღონისძიებათა დაგეგმილი, მოფიქრებული, ორგანიზებული და მართვადი სისტემა. და ამას პასუხი უნდა გაეცეს. მაგრამ როგორ? - ამის განხილვა ღირს არასაგაზეთო პუბლიკაციებში.”

ყოველკვირეული ”მოსკოვსკიე ნოვოსტის” აზრით კი, ”სუუამი არ არის ანტირუსული კავშირი.”

გაზეთის თქმით, ”ეს უფრო იმათი გაერთიანებაა, ვის წინააღმდეგაც მოსკოვი გამოდის. შეიძლება ითქვას, რომ ახალი სუუამი - თუ მაინც სუმი? - აღადგინეს რუსეთის პოლიტიკოსებმა, პოლიტტექნოლოგებმა და ჟურნალისტებმა, რომლებიც აქტიურად აყალიბებდნენ თავიანთი თანამემამულეებისა და საკუთარ ცნობიერებაშიც მითებს მტრებისა და მეგობრების შესახებ. ამჯერად დადგა დრო ახალი მითისთვის - ანტირუსული სუუამის შესახებ.”

25 აპრილის სააგენტო ”როსბალტის” ცნობით, რუსეთი მზადაა, რომ საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანა მიმდინარე წელს დაიწყოს. რუსეთის საგარეო უწყების მეთაურმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის მსვლელობაში ”მათ შეათანხმეს, რომ ბაზების გაყვანა ეტაპობრივად განხორციელდება და შეიძლება მიმდინარე წელს დაიწყოს.”

სააგენტო წერს, რომ, ”გარდა ამისა, კვირის განმავლობაში მხარეები ექსპერტების დონეზე გამართავენ კონსულტაციებს საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოპოვებული ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ის ბათუმში შეიქმნას.
ლავროვმა ჟურნალისტებს აცნობა აგრეთვე, რომ ქართველ კოლეგასთან ერთად განიხილეს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების გზები. მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოწესრიგების მომხრეა.”
XS
SM
MD
LG