Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინვალიდთა ლიგის პრობლემები


დავით პაიჭაძე, თბილისი 18 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ინვალიდთა ლიგის დამფუძნებლებმა სახალხო დამცველის ოფისთან შიმშილობა წამოიწყეს. შეზღუდული შესაძლებლობის

ადამიანები პროტესტს უცხადებენ არა სახალხო დამცველს, არამედ საქართველოს მთავრობას, რომელიც ლიგის სასარგებლოდ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს. გარდა ამისა, ლიგის თავმჯდომარე გია ძნელაძემ, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, 28 აპრილს ღიად განაცხადა, რომ ამ საქმის გამო საქართველოს იუსტიციის მინისტრიც უნდა დაიკითხოს. ყველა გარემოების გამხელა ინვალიდთა ლიგის წევრებმა არ ისურვეს. ხუთშაბათს თავიანთ პრობლემას მათ ადამიანის უფლებადაცვითი განზომილებაც შესძინეს.

ინვალიდთა ლიგის თავმჯდომარის გია ძნელაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იმის გამო, რომ ლიგამ რამდენიმე წლის წინათ ოფშორული ფირმა დააფუძნა. ინვალიდთა ლიგის სახელით ოპერაციებს ახორციელებდა ლიგის დამფუძნებელი და იურისტი, დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი, კოტე კემულარია. ამისთვის კემულარიას 5 ათასი დოლარი გამოუყვეს. დღეს პროკურატურა ამტკიცებს, თითქოს ინვალიდთა ლიგის მიერ დაფუძნებული ოფშორული ფირმა “იმპორტ ექსპორტ კონსალტინგი” ცრუმაგიერი ყოფილა. ლიგაში ირწმუნებიან, რომ ამ ეჭვებს ნათელს მოჰფენს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, რომელიც აქამდე არავის დაუკითხავს. ინვალიდთა ლიგის თავმჯდომარე გია ძნელაძე აცხადებს:

[ძნელაძის ხმა] “თუ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და გაჩნდა შეკითხვები ფირმის სიყალბესთან დაკავშირებით, უნდა ეკითხათ არა ჩემთვის, არამედ იმისთვის, ვისაც ეს საქმე ევალებოდა და ჩამოიტანა კონტრაქტები ფირმებთან. არ მინდა ისე გამიგოთ, თითქოს ინვალიდთა ლიგა კემულარიას ბრალს სდებდეს. ჩვენ ვერ დავადასტურებთ ვერაფერს, რაც გაყალბებასთან არის დაკავშირებული.”

გია ძნელაძე ამბობს, რომ ბრალდებულის სტატუსით ეცნობა საქმის მასალებს და, თუ დღეს კოტე კემულარიას ნამდვილად ვერაფერს აბრალებს, არ იცის, რა მოხდება ხვალ.

შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებს, ომბუდსმენის ეზოში რომ შიმშილობენ, ხელისუფლებასთან სხვა პრეტენზიაც აქვთ: უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფოს ინვალიდთა ლიგის თითქმის ერთი მილიონი ლარი მართებს. ფინანსთა მინისტრმა ჩეჩელაშვილმა უარი განაცხადა ამ თანხის გადახდაზე. ლიგის წევრები აცხადებენ, რომ თუ ადრე მათი ორგანიზაცია ლეგალური იმპორტით იყო დაკავებული, ახლა კომერციულ ოპერაციებს აღარ აპირებენ:

[ძნელაძის ხმა] “სამეწარმეო საქმიანობას, იმპორტს, ლიგა აღარ აპირებს. ამიტომ ვითხოვთ თანხას ინტეგრაციის პროგრამებისათვის.”

გია ძნელაძის ნათქვამი განმარტა გოგა კოხრეიძემ, ასევე ინვალიდთა ლიგის წევრმა და პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა:

[კოხრეიძის ხმა] “ყველა ფიქრობს, რომ ინვალიდს სჭირდება ჭამა, სმა და სახლში მომსახურება. ძალიან ბევრი ადამიანი მეკითხება, ამ თანხებს რა დახმარებას დაახარჯავთო? უკაცრავად, მაგრამ არავითარ დახმარებაზე ეს არ წავა. ეს წავა ინტეგრაციულ პროგრამებზე, რომლებიც მისცემს ამ ადამიანებს საშუალებას, თანაბრად გამოიყენონ სამოქალაქო უფლებები. მთავრობა, პრემიერ-მინისტრი, ყოველდღიურად უხეშად არღვევს ამ ხალხის უფლებებს. ჩვენ გვჭირდება თანაბარი უფლებები, ჩვენ არა ვართ უმწეოები და მშივრები. ჩვენ ვართ, ასე თუ ისე, ინტეგრირებული ადამიანები.”

შეზღუდული შესაძლებლობის პირებს სახალხო დამცველის ოფისის ეზოში სოლიდარობა გამოუცხადა და მოკავშირეობა აღუთქვა პარლამენტის წევრმა კობა დავითაშვილმა. დავითაშვილი აპირებს, ინვალიდთა ლიგასთან ერთად საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს და სასამართლო გადაწყვეტილებათა აღსრულების ფონდის გაუქმება მოითხოვოს:

[დავითაშვილის ხმა] “არსებობა სამმილიონიანი სააღსრულებო ფონდისა, - ხოლო სასამართლო გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალიანება არის 60 მილიონზე მეტი, - ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ მთავრობა ეუბნება ხალხს: რამდენიც უნდა მიმართოთ სასამართლოს, წერეთ და იკითხეთ თქვენი გადაწყვეტილებები, ჩვენ მათ არ შევასრულებთ.”

კობა დავითაშვილის თქმით, ფონდის გაუქმება აამოქმედებს პრინციპს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ყოველ მიზეზ გარეშე. რაც შეეხება თავად ინვალიდთა ლიგას, მისი წევრები ამბობენ, რომ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალათა გაცნობის შემდეგ დააზუსტებენ კოტე კემულარიასა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობას საქმეში და ფაქტებით გამაგრებულ პოლიტიკურ განცხადებასაც გააკეთებენ.
XS
SM
MD
LG