Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”დიდი ოთხეულის” წევრი ”პრაისუოტერჰაუსკუპერსი“ ქართული ბაზრით ინტერესდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქართული ბაზრით უმსხვილესი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია ”პრაისუოტერჰაუსკუპერსი“ ინტერესდება. აღნიშნული კომპანია მსოფლიოს აუდიტორული

კომპანიების ”დიდ ოთხეულში” შედის და მისი ქართულ ბაზარზე დამკვიდრება, ექსპერტების შეფასებით, უმნიშვნელო ფაქტორი არ ახლავთ. ”პრაისუოტერჰაუსკუპერსის“ ”ქართული ინტერესის” შესახებ მინდა გესაუბროთ.

მსოფლიო აუდიტორული კომპანიების ”დიდი ოთხეულის” წევრი ”პრაისუოტერჰაუსკუპერსი“ საქართველოში თავისი საქმიანობის არეალის გაფართოებას გეგმავს. ამ მიზნით კომპანიის წარმომადგენლები თბილისს სტუმრობენ და მსხვილ ქართულ ბიზნესსტრუქტურებსა და სახელმწიფო დაწესებულებებთან შეხვედრებს მართავენ.

აუდიტორთა ”დიდი ოთხეულის” წევრები არიან ”დელოიტ ენდ ტუში”, ”კეიპიემჯი”, ”ერნსტ ენდ იანგი” და ”პრაისუოტერჰაუსკუპერსი“, რომელმაც თავის დროზე, ორი მსხვილი აუდიტორული კომპანიის ”პრაისუოტერჰაუსის” და ”კუპერსის” გაერთიანების შემდეგ, ”დიდი ოთხეულის” წევრ აუდიტორებს შორის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა და დღეს მის მიერ ჩატარებულ აუდიტს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ლამის შეურყეველი ავტორიტეტი აქვს. შესაბამისად, ”პრაისუოტერჰაუსკუპერსის“ ქართული ბაზრით დაინტერესება აქაური ბიზნესსტრუქტურებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აუდიტს და უცხოელი პარტნიორებისა თუ ინვესტორების მხრიდან მეტ ნდობას ნიშნავს.
”პრაისუოტერჰაუსკუპერსის“ წარმომადგენლები ქართული საბანკო სისტემის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ. მათ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ რომან გოცირიძესთანაც გამართეს შეხვედრა და ამ მზარდი ინტერესის შესახებ ესაუბრნენ.
”პრაისუოტერჰაუსკუპერსს” თავისი რეგიონალური ორგანიზაციები აქვს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა აქამდე ისინი საქართველოში ოფიციალურად არ ყოფილან წარმოდგენილნი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ”პრაისუოტერჰაუსკუპერსის“ მზარდი ინტერესის დადასტურებად მიიჩნევს იმას, რომ კომპანია უახლოეს ხანში გეგმავს თბილისში მუდმივი წარმომადგენლობის გახსნას. ”პრაისუოტერჰაუსკუპერსს“ შეუძლია ქმედითი როლი შეასრულოს ისეთ მნიშვნელოვან საქმეში, როგორიცაა საერთაშორისო საფინანსო და თანამედროვე კორპორაციული მართვის სტანდარტებზე გადასვლა, საერთაშორისო სააუდიტორო სტანდარტების დანერგვა და ამ სფეროებში უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება”, - აცხადებს რომან გოცირიძე.
”პრაისუოტერჰაუსკუპერსის“ მხრიდან ადგილობრივი ორგანიზაციებით დაინტერესება, ექსპერტების შეფასებით, საქართველოს ბაზრის საინვესტიციო მიმზიდველობას და გამჭვირვალობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
XS
SM
MD
LG