Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის საბჭოს სამიტი ვარშავაში


ვარშავაში დასრულდა ევროპის საბჭოს სამიტი,

რომელიც მიეძღვნა ცივი ომის შემდგომ ევროპაში ორგანიზაციის როლის ხელახლა განსაზღვრას და ევროპის სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთქმედების სტრატეგიის შემუშავებას. უმაღლეს დონეზე შეხვედრის მონაწილეებმა მოუწოდეს ევროსაბჭოს, ევროკავშირსა და ეუთოს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, თავიდან აიცილონ ძალისხმევათა დუბლირება და მეტოქეობა.

გარდა ამისა, სამიტზე, რომლის მუშაობაში საქართველოს დელეგაციაც მონაწილეობდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა ადამიანთა ტრეფიკინგი, ტერორიზმი, ორგანიზებული დამნაშავეობა და უმცირესობათა უფლებები.

46-წევრიანმა ევროპის საბჭომ სამშაბათს, სამიტის მეორე, დასკვნით დღეს, ერთხმად მიიღო დეკლარაცია და სამოქმედო გეგმა. მასში ფორმულირებულია ზემოთქმული პრობლემები: ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დამკვიდრების სფეროში თანამშრომლობის აუცილებლობა.

სამიტის მასპინძელი, პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ კვაშნევსკი, სამიტის ბოლოს დოკუმენტების მიღებას უწევდა კონტროლს:

[კვაშნევსკის ხმა] "მე მინდა გკითხოთ, შეგვიძლია თუ არა ამ ტექსტის მიღება? (ტაში). გმადლობთ, ეს კარგი პასუხია. მე ვხედავ და მესმის, რომ შეგვიძლია. დიდი მადლობა!"

ევროპის საბჭომ, რომელიც 1949 წელს დაარსდა იმისათვის, რომ თვალყური ედევნებინა ომისშემდგომი დასავლეთი ევროპის დემოკრატიზაციისთვის, ვარშავის სამიტზე მოითხოვა, რომ აუცილებელია მისი ურთიერთობების გარკვევა ევროპაში მოქმედ დანარჩენ ორ დიდ ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან და ეუთოსთან.

დღევანდელი დეკლარაცია შეიცავს მოწოდებას ევროკავშირისადმი, რომ გაკეთდეს ანგარიში ამ ორი ორგანიზაციის ურთიერთობის შესახებ.

ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარემ, ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა ჟან-კლოდ იუნკერმა აღიარა, რომ გარკვეულ სფეროებში არსებობს ძალისხმევათა დუბლირება, რაც ევროპის კავშირის სწრაფი გაფართოებითაც არის განპირობებული.

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომისარმა ბენიტა ფერერო-ვალდნერმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ორივე ორგანიზაცია საერთო საფუძვლებს ემყარება და ამიტომ მათ ძალისხმევა უნდა გააერთიანონ ახალ პრობლემებთან გასამკლავებლად.

[ფერერო-ვალდნერის ხმა] "ევროპის საბჭომ - პირველმა ორგანიზაციამ, რომელიც იბრძოდა ფუნდამენტურ ღირებულებებზე დამყარებული ევროპის შესაქმნელად, - მართლაც სასიცოცხლო როლი უნდა ითამაშოს 21-ე საუკუნეში ჩვენი საერთო პრობლემების დაძლევაში. როცა ჩვენ ყველა, ევროპის კავშირი და ევროსაბჭო, ამ პრობლემების წინაშე ვდგავართ, დარწმუნებული ვართ, რომ უნდა გავაერთიანოთ ძალები და უკეთ ვითანამშრომლოთ და ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ, ევროპის კავშირი, მზად ვართ მთლიანად ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა."

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არც თუ იშვიათად ახდენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის სფეროში ევროსაბჭოს ძალისხმევათა დუბლირებას. სამშაბათს დილით ამ ორმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ორმხრივ დეკლარაციას, რომელიც ემსახურება მათ შორის თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი მიესალმა ზემოხსენებულ ინიციატივებს:

[დევისის ხმა] "ჩვენ უნდა მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ჩვენს დობილ ორგანიზაციებთან და ამიტომ მივესალმები დღეს ხელმოწერილ დოკუმენტს ევროპის საბჭოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის გაფართოების შესახებ და ევროსაბჭოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ძირითადი პრინციპების მიღებას... ისინი საფუძველს ქმნის ახალი პროექტებისა და ერთობლივი მოქმედებისთვის."

სამიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ევროპის საბჭოს, როგორც ორგანიზაციის, როლის ხელახლა განსაზღვრა. ჩვენ ვარშავაში ტელეფონით დავუკავშირდით საქართველოს დელეგაციის წევრს, სახელმწიფო მინისტრს ევროინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძეს.

[ბარამიძის ხმა] იხ. აუდიოვერსია.

სამიტზე მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცა ევროპის ქვეყნების დემოკრატიზაციის საკითხს. ყურადღების ცენტრში მოექცა ბელორუსია - ევროპის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც არ არის ევროსაბჭოს წევრი. რიგ გამომსვლელთან ერთად ამ თემაზე ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილს სააკავშილმაც, რომელმაც ბელორუსიის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდა.

რაც შეეხება სააკაშვილს, მან სამიტზე რუსეთის მისამართითაც გამოთქვა კრიტიკა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებში მისი უარყოფითი როლის გამო.

ვარშავის სამიტზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს სასამართლო ორგანოს, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს საკითხი. ამჟამად ეს სასამართლო, რომელსაც სტრასბურგში უდევს ბინა, ცდილობს თავი გაართვას 79 ათას სარჩელს. სამიტის მონაწილეები გამოვიდნენ მოწოდებით, რომ გამარტივდეს ნაკლებ მნიშვნელოვან სარჩელთა განხილვა და რომ დასაქმებულ იყვნენ მეტი მოსამართლეები.

გარდა ამისა, სამიტზე ხელი მოეწერა ევროპის საბჭოს სამ კონვენციას: ტერორიზმის, ტრეფიკინგის და ფულის გათეთრების თაობაზე. ეს კონვენციები შემდეგ ყოველმა წევრმა ქვეყანამ ცალ-ცალკე უნდა დაამტკიცოს.

XS
SM
MD
LG