Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის აეროპორტის ტენდერი: რატომ აეჭვებთ თურქული კომპანიის გამარჯვება?


დავით პაიჭაძე, თბილისი ამა წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერი თბილისის ახალი აეროპორტის ასაშენებლად თითქოს დასრულდა. თითქოს იმიტომ,

რომ სატენდერო კომისიამ გამოაცხადა გამარჯვებული კომპანია - თურქული “ჩელები”, მაგრამ ტენდერის მეორე მონაწილე კომპანია, “ტაკომი”, არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად აპირებს სასამართლოს მიმართოს. გამარჯვებული კომპანიის შესახებ ეჭვი გამოთქვეს პარლამენტშიც და ახსნა-განმარტებისათვის ეკონომიკის მინისტრი ალექსი ალექსიშვილი მიიწვიეს. ტენდერის შედეგების გამოცხადების შემდეგ ალექსიშვილმა საჯაროდ დაუჭირა მხარი “ჩელებს”. 17 მაისს მინისტრს პოზიციის დაცვა დეპუტატების წინაშე მოუხდა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ტენდერი საქართველოში ყოველთვის ეჭვს აღძრავს. ამ შემთხვევაში “ყოველთვის” იწყება გასული წლის დეკემბრიდან, როცა გაირკვა, რომ საქართველოს საოკეანო სანაოსნო დანიელი ბიზნესმენის იან ბოდე ნილსენის ხელში აღმოჩნდებოდა. პერიპეტიების შემდეგ სანაოსნო სულ სხვა კომპანიამ იყიდა. შედეგით კმაყოფილი დარჩა სახელმწიფოც და ისინიც, ვინც ეწინააღმდეგებოდა ბოდე ნილსენის ინტერესს. ვნებათაღელვა იმთავითვე დაჰყვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოდერნიზაციისათვის გამოცხადებულ ტენდერს. მოდერნიზაცია გულისხმობს ახალი ტერმინალების აგებას, ასაფრენი ბილიკების დაგებასა და გაფართოებას, რაც თბილისის აეროპორტს საერთაშორისო სატრანზიტო გადაზიდვებისათვის ვარგის ობიექტად აქცევს.

“ჩელები”, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, ქმნის ბიზნეს კონსორციუმს ორ სხვა კომპანიასთან. ესენია ამერიკული “A & J” და ლუქსემბურგული “GTS”. მათი ფუნქციები და მონაწილეობა თბილისის აეროპორტის რეკონსტრუქციაში ეკონომიკური განვითარების მინისტრმა ალექსი ალექსიშვილმა ასე განმარტა:

[ალექსიშვილის ხმა] “ჩელები” განახორციელებდა აეროპორტის მართვას და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სერვისსაც. “ჯი-თი-ეს”-ი განახორციელებდა მშენებლობას და უზრუნველყოფდა აეროპორტს ინფრასტრუქტურით, ხოლო “ეი ენდ ჯეი”, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, საინვესტიციო ფონდი, უზრუნველყოფდა ამ პროექტს ფინანსურად. მათ მიერ წარმოდგენილი წინადადებები იყო გაცილებით ეფექტური, ვიდრე მათი კონკურენტებისა.”

შეიძლება ითქვას, ეკონომიკის მინისტრის მტკიცებათაგან საკითხის განხილვის ბოლოს თითქმის აღარაფერი დარჩა. პრეტენზიებს მინისტრს, ძირითადად, ოპოზიცია უყენებდა, ხოლო უმრავლესობის წევრები ფრთხილ კრიტიკასა და შეკითხვებს სჯერდებოდნენ. ძალიან ცოტა იყო მხარდამჭერი გამოსვლა. რესპუბლიკური პარტიის წევრმა ივლიანე ხაინდრავამ ალექსი ალექსიშვილს რამდენიმე ფაქტი და არგუმენტი წარუდგინა:

[ხაინდრავას ხმა] “ტაკომის” წინადადება არის, რომ თბილისის აეროპორტში იქნება ორი ბილიკი. ასეთ რამეს მისი კონკურენტები სატენდერო კომისიას არ სთავაზობენ. “ტაკომი” სთავაზობს 6 გასასვლელის გაკეთებას, მათგან 4 ტელესკოპურია. მისი კონკურენტები სთავაზობენ მხოლოდ 3 გასასვლელს. “ტაკომი” სთავაზობს პირველი, მეორე და მეოთხე სამიმოსვლო ბილიკის სრულ რეაბილიტაციას, ხანძარსაწინააღმდეგო კომპლექსის გაკეთებას, რასაც არც ერთი მისი კონკურენტი არ სთავაზობს.”(სტილი დაცულია)

ამ და სხვა უპირატესობათა მიუხედავად, გამარჯვება მიეკუთვნა არა “ტაკომის”, არამედ “ჩელებს”. პარლამენტში საკითხის განხილვისას თქვეს, რომ სატენდერო კომისიის ორმა წევრმა დატოვა კომისია ეკონომიკის მინისტრის ზეწოლის გამო. ალექსი ალექსიშვილს კიდევ მრავალი კონტრარგუმენტი შეაგებეს, მათ შორის ისიც, რომ “ჩელების” ფინანსურად უზრუნველმყოფელი კომპანია “ეი ენდ ჯეი” არ არის რეგისტრირებული იქ, სადაც თავად აცხადებს - ამერიკის შტატ ჯორჯიაში. ეკონომიკის მინისტრის პოზიციები 17 მაისის სხდომაზე შესამჩნევად დაასუსტეს. ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ ჯერ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, მოგვიანებით კი მომხსენებლთა ჯგუფის ფორმირებაზე დათანხმდა. ეს წინადადება გაიზიარა პარლამენტის თავმჯდომარემაც. ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ განხილვის ბოლოს მეტი კითხვა დაუგროვდა, ვიდრე მანამდე ჰქონდა. დეპუტატებმა პირობა დადეს, რომ აეროპორტის რეკონსტრუქციისათვის გამართულ ტენდერს უფრო საფუძვლიანად დაუბრუნდებიან და არ გამორიცხეს, რომ დღეს არსებული “ჩელების” სასარგებლო გადაწყვეტილება გაუქმდეს.
XS
SM
MD
LG