Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს “ბიბლიოთეკაში” ვისაუბრებთ არა ერთ წიგნზე, არამედ წიგნებზე. შეიტყობთ, რა


დავით პაიჭაძე, თბილისი დღეს “ბიბლიოთეკაში” ვისაუბრებთ არა ერთ წიგნზე, არამედ წიგნებზე. შეიტყობთ, რა სიახლეს უნდა ველოდეთ სამი ქართული გამომცემლობისგან. ახალი წიგნების შესახებ

ინფორმაციის გარდა, თავად გამომცემლებსაც წარმოგიდგენთ.

რატომღაც მიჩნეულია, რომ ზაფხული გამომცემელთა უმეტესობისთვის მკვდარი სეზონია. წიგნიც არ იყიდება ისე ხშირად, როგორც სხვა დროს. მაგრამ საკმარისი იყო, თავად გამომცემლებს გავსაუბრებოდი, რომ სტერეოტიპები გაქრა. ლაშა ბერაია, გამომცემლობა “ლოგოს-პრესის” დამფუძნებელი, მეუბნება, რომ რამდენიმე გამოცემის შენელება თუ სულაც შეჩერება მოუწია, იმდენად ბევრი მუშაობა უწევს სასკოლო სახელმძღვანელოთა მომზადებაზე. ამ სფეროში კი ერთი სიახლეა: ლაშა ბერაიას თქმით, განათლების სამინისტრო აპირებს 5-6 წელიწადში ყველა სახელმძღვანელო გამოცვალოს:

[ბერაიას ხმა] “როგორც იქნა, განათლების სამინისტროში დღეს არის ხალხი, ვინც იცის, რომ აქცენტი უნდა გააკეთოს ბიზნესზე. იცის, რომ მისი პარტნიორი გამომცემლობაა და არა ავტორი, როგორც ეს იყო წინა ხელისუფლების დროს, რაც შეცდომა გახლდათ.”

“ლოგოს-პრესი” სახელმძღვანელოებს არ გამოსცემდა. მისი გრიფი, როგორც წესი, სერიოზულ წიგნებს ატყვია: პოლიტიკურ იდეოლოგიებს, სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონს, ნაშრომებს ეთიკასა და ფილოსოფიაში… ახლა კი გამომცემლობა, ძირითადად, სახელმძღვანელოებზეა მომართული:

[ბერაიას ხმა] “დღეს შეჭიდებული ვართ 7 სასკოლო სახელმძღვანელოს. ეს არის წიგნები ისტორიაში, გეოგრაფიაში, საბუნებისმეტყველო საგნებში - ანუ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია - და ხელოვნებაში. პირველად - უკანასკნელი წლების მანძილზე - შეიქმნა ვითარება, როცა გამომცემელს შეუძლია, თავად იპოვოს ავტორი. ჩვენ გვაქვს შანსი, კარგი წიგნები გავაკეთოთ. თითქმის ყველა ავტორი მოიძია გამომცემლობამ. ესენი ადრე არ წერდნენ სახელმძღვანელოებს. ჩვენ შევთავაზეთ და დავაინტერესეთ.”

თუმცა ლაშამ ძველ პრიორიტეტებსაც ბოლომდე არ უგანა და თავად გეტყვით, რა წიგნებსაც გამოსცემს უახლოეს მომავალში:

[ბერაიას ხმა] “მალე გამოვა რობერტ პატნემის წიგნი “როგორ ვამუშაოთ დემოკრატია”. ეს წიგნი ეხება თვითმმართველობის განვითარებას იტალიაში, მოყოლებული 70-ანი წლებიდან. ყველა ის სირთულე, რაც იტალიამ ამ გზაზე გამოიარა, ნაჩვენებია ცხრილებით, გრაფიკებით, ინტერვიუებით. მე მგონი, ძალიან სასარგებლო იქნება ჩვენთვის. თარგმნა თბილისის მერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. გარდა ამისა, ვაპირებთ გამოვცეთ არისტოფანეს კომედიების მესამე ტომი და, ვფიქრობ, შემოდგომაზე გამოვა. მოგეხსენებათ, მთარგმნელია ლევან ბერძენიშვილი.”

ეს, რაც შეეხებოდა ლაშა ბერაიასა და “ლოგოს-პრესს”. ის კიდევ ერთ წიგნს შემოგთავაზებთ - ესაა გენეალოგიური კვლევა, უხვად ილუსტრირებული ნაშრომი “ალექსანდრე ჭავჭავაძის შთამომავლები”.

[მუსიკა]

ნუგზარ წიკლაური გამომცემლობა “ლიტერას” დამფუძნებელია. “ლიტერამ” იმთავითვე გეზი აიღო მისაწვდომ ფასად საბავშვო წიგნების გამოცემაზე, თუმცა მოგვიანებით ძვირად ღირებული წიგნებიც დასტამბა. ამასთან, “ლიტერა” დღესაც ამჯობინებს წიგნები ამა თუ იმ სერიით გამოსცეს. პირველ სერიას ცივილიზაციათა დიალოგი ერქვა. ერთი ახლანდელი სერია ყველაზე ჭკვიანი ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. ცხადია, მათი ყიდვა ყველას შეუძლია, უბრალოდ, სერიას ჰქვია ასე.

[წიკლაურის ხმა] “ეს სერია, “ყველაზე ჭკვიანი ბავშვებისთვის”, მოიცავს სხვადასხვა ხალხის მითებსა და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებს, ადაპტირებული სახით. ახლა უნდა გამოვიდეს სამურაების ისტორიები, არგონავტები, ამირანი. ქართულ თემატიკას დიდი ადგილი დაეთმობა ამ სერიაში. ვიწყებთ კიდევ ერთ სერიას, “პატრიოტს”. ეს იქნება პოპულარულ ენაზე დაწერილი ამბები საქართველოს ისტორიიდან. ავტორთა ძალიან ფართო სპექტრი მოვიწვიეთ ამ სერიაზე სამუშაოდ.”

ამ სერიის პირველი წიგნი თეიმურაზ პირველს ეძღვნება და მისი ავტორია კრიტიკოსი თამაზ ნატროშვილი. მეორე წიგნი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მეფეზე, გიორგი მე-11-ზე, იქნება. საშემოდგომოდ, ვარაუდობს ნუგზარ წიკლაური, “პატრიოტის” სერიის 5-6 წიგნი იქნება დასტამბული.

ადაპტირებულ გამოცემებში ყოველთვის ვერ ამოიცნობთ საქვეყნოდ ცნობილ ავტორსა თუ ტექსტს. ვთქვათ, “ალექსანდრე მაკედონელის” გვერდით დევს კუხულაინი ან “ოკასენ და ნიკოლეტა”. მკითხველი ხშირად პირველს არჩევს. მე ვეკითხები ნუგზარ წიკლაურს, როგორ შეიძლება განაწყო პოტენციური მკითხველი, შედარებით უცნობი ავტორი ან ტექსტი შეიძინოს?

[წიკლაურის ხმა] “თვეში რამდენიმე დღე მაინც, 2 ან 3 საათი, რომელიმე წიგნის მაღაზიაში ვჩერდები და ველოდები მკითხველებს. თუ ვინმე იჩენს დაინტერესებას ჩვენი წიგნებით, ყოველთვის ველაპარაკები და ვუხსნი, რა სერიაა და ა.შ.”.

“ლიტერას”, “ლოგოს-პრესისა” არ იყოს, არც სერიოზული ლიტერატურა ეთმობა. ოღონდ ამ სეგმენტში ყველაზე უმადურ საქმეს - პოეზიის, თანაც თარგმნილი პოეზიის, გამოცემას ეჭიდება. გამოცდილ გამომცემლებს არაერთხელ უთქვამთ, რომ პოეზია საქართველოში ცუდად იყიდება და ამიტომაც იშვიათად ბეჭდავენ. “ლიტერამ” კი უკვე გამოსცა შექსპირის პოემა “ვენერა და ადონისი”, ტომას ელიოტი და ახლა გამოსცემს ირლანდიელ პოეტს უილიამ ბატლერ იეიტსს. ნუგზარ წიკლაური ამბობს, რომ ეს გამოცემები კომერციულად წამგებიანია;

[წიკლაურის ხმა] “მაგრამ, მიუხედავად ამისა, რაღაც მიმართულებიდან შემოსულ თანხას ჩვენ აუცილებლად მივმართავთ ისეთი ლიტერატურისაკენ, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს პოპულარული, მაგრამ არსებობს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ელოდება ასეთ ლიტერატურას. ამიტომ ამ მიმართულებით არავითარ შემთხვევაში არ შევწყვეტთ მოძრაობას.”

[მუსიკა]

ისე მოხდა, რომ ვისზეც დღეს გესაუბრეთ, პროდუქციის ნაწილს ბავშვებისთვის უშვებს. აი, გია ქარჩხაძე კი მხოლოდ საბავშვო ლიტერატურას ბეჭდავს და მხოლოდ ინგლისურიდან გადმოქართულებულ საბავშვო წიგნებს. მიზეზს, ჩემი აზრით, საგულისხმოდ განმარტავს:

[გია ქარჩხაძის ხმა] “ერთი ასეთი მითიც დაიმსხვრა ჩემთვის, თითქოს ქართველებს მოსწონთ რაღაც სხვანაირად, ხოლო ინგლისელებს, ფრანგებს და გერმანელებს - სხვანაირად. თუ იმათ პროდუქციას შემოიტან აქ, არ გაამართლებს. ეს ეხება ტექსტისა და ილუსტრაციების ტიპს. მაღაზიებს რომ დაეკითხო, ყველა გეტყვის, რომ ქართველებს მოსწონთ ე.წ. ლამაზი ილუსტრაციები. ლამაზში იგულისხმება ტრადიციული ილუსტრაციები, ცოტა ზიზილ-პიპილებიანი, უხვად მოჩუქურთმებული და ა.შ. ტექსტიც, რომ ჰკითხო, მოსწონთ ცოტა გადაპრანჭული, მოკლედ, არა სადა. აი, მე გამოვეცი ზღაპრების სერია, რომლის ილუსტრაციებსაც ეჭვის თვალით უყურებდნენ. ეს არის თანამედროვე ილუსტრაციები, სტილიზებული, სასაცილო. ტექსტიც არის ძალიან სადა. აწყვია მაღაზიაში გვერდიგვერდ ჩემი და ტრადიციული, “ლამაზი” წიგნები, რომლებიც ჩემსაზე უფრო იაფია. ყიდულობენ ჩემს წიგნებს, იმიტომ რომ მათ ბავშვი ირჩევს.”

არ მქონდა საფუძველი, გია ქარჩხაძის მტკიცებაში ეჭვი შემეტანა: მას წიგნის ერთ-ერთ მაღაზიაში შევხვდი, სადაც გაყიდული წიგნების საფასური აეღო და ფრიად კმაყოფილი ჩანდა. ისიც მითხრა, რას გამოსცემს სულ ახლო მომავალში:

[ქარჩხაძის ხმა] “ახლა იბეჭდება და ცოტა ხანში ჰონკონგიდან გემით გამოუყვება მსოფლიოს მითოლოგია. ეს არის ბრიტანული გამომცემლობა “კინგ ფიშერის” წიგნი, რომელიც ითარგმნა და იბეჭდება ქართულად. ასევე იბეჭდება ოქსფორდის დიდი სამეცნიერო ილუსტრირებული ენციკლოპედია ბავშვებისათვის. - ჰონკონგში რატომ? - იმიტომ რომ ჰონკონგში არის ბევრად იაფი და ხარისხიანი, ვიდრე არათუ საქართველოსა და თბილისში, არამედ ჩვენს სამეზობლოში: თურქეთსა და ყოფილ საბჭოთა ტერიტორიაზე.”

დღეს ამ, ალბათ, სასარგებლო მინიშნებით დავასრულოთ ჩვენი გადაცემა. თვალი გეჭიროთ ახალ გამოცემებზე. რა თქმა უნდა, არამხოლოდ დღეს ჩამოთვლილ გამომცემლობათა წიგნებზე.
XS
SM
MD
LG