Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის ჯარი დიდ დანაკარგებს განიცდის ერაყში


ანდრო ეული, პრაღა მეტად მძიმე ჟამი დაუდგა ამერიკის ჯარს ერაყში. ოთხშაბათს 14 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და მათი თარჯიმანი დაიღუპნენ დასავლეთ ერაყში

გზისპირას დამონტაჟებული ყუმბარის აფეთქების შედეგად. ხოლო 2 დღით ადრე იმავე რაიონში მეამბოხეებთან მომხდარი შეტაკებისას ამერიკელ სნაიპერთა 6-წევრიანი ჯგუფის ყველა წევრი იქნა მოკლული. ამდენად, მარტო განვლილი ერთი კვირის განმავლობაში მდინარე ევფრატის მშფოთვარე ხეობაში მომხდარი ბრძოლებისას 23 ამერიკელი საზღვაო ქვეითი დაიღუპა. ხოლო 24 ივლისიდან მოყოლებული ერაყში 44 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეა მოკლული.


საზღვაო ქვეითები ამერიკის ჯარის ელიტურ შენაერთს წარმოადგენენ და უკანასკნელმა მოვლენებმა, როცა ამდენი საზღვაო ქვეითი დაიღუპა დასავლეთ ერაყში, შეშფოთება გამოიწვია ვაშინგტონში.

ქალაქი ჰადითა, სადაც ამერიკელი საზღვაო ქვეითები მოკლეს, მდებარეობს სირიის მოსაზღვრე მთავარი ავტომაგისტრალის გასწვრივ. აქ მრავლადაა პატარა დასახლებული პუნქტები, სადაც მეამბოხეებისათვის განკუთვნილი ფული და იარაღი ჩააქვთ.

ცნობილი ბრიტანელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯონათან ლინდლი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს მეამბოხეთა უკანასკნელ წარმატებას ერაყში. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, ჯონათან ლინდლიმ განაცხადა {ჯონათან ლინდლის ხმა}: "თითქმის გარდაუვალია ფართომასშტაბიან კონფლიქტში ზოგიერთი თავდასხმის წარმატება. ეს, პოლიტიკურად დამთრგუნავი და უხერხულია რაღა თქმა უნდა, თუმცა ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ამან არსებითი ზეგავლენა იქონიოს შეერთებული შტატებისა თუ ერაყის მთავრობის პოლიტიკაზე".

ამავე აზრისაა მეორე ბრიტანელი ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ჯერემი ბინი, რომელიც ამბობს, რომ მეამბოხეთა უკანასკნელი თავდასხმების მიუხედავად საერთო ვითარების შეცვლა ერაყში არაა მოსალოდნელი.

როგორც მიმომხილველები აღნიშნავენ, ქალაქ ჰადითაში ოთხშაბათს მომხდარ ინციდენტთან შედარებით, როცა ნაღმზე ავტომანქანის აფეთქების შედეგად 14 ამერიკელი საზღვაო ქვეითი და მათი ერაყელი თარჯიმანი დაიღუპა, ბევრად უფრო საგანგშოა ორშაბათს მომხდარი თავდასხმა, როცა მეამბოხეებმა 6 ამერიკელი სნაიპერი მოკლეს. სნაიპერები ორ, სამ-სამკაციან ჯგუფად მიიწევდნენ წინ, როცა მეამბოხეთა ალყაში აღმოჩნდნენ მოულოდნელადდა ვეღარ მოასწრეს თავის დაცვა. ამ თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა "ალ-სუნას არმიის" სახელწოდებით ცნობილმა მეამბოხეთა დაჯგუფებამ აიღო თავის თავზე.

"ასოშიეიტედ პრესის" სააგენტოს მონაცემებით, სულ ცოტა 1,821 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა მას შემდეგ, რაც 2003 წლის მარტში ერაყში ომი დაიწყო.
XS
SM
MD
LG