Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ტოვებს ღაზის სექტორს


ანდრო ეული, პრაღა დაიწყო ისრაელის წასვლა ღაზის სექტორიდან. ისრაელის ჯარმა კვირას, ოკუპირებულ ტეორიტორიებზე არსებულ ებრაულ დასახლებებში ყველა მისასავლელი გზა გადაკეტა,

ხოლო ამის შემდეგ იქ 8500-მა მოსახლემ ევაკუაციის შესახებ ოფიციალური წერილობითი შეტყობინება მიიღო. სამშაბათს ღამით იწურება ვადა, როცა ებრაელმა მოსახლეებმა საკუთარის ნებით უნდა დატოვონ ღაზის სექტორი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათს ევაკუაციას სამხედროები განახორციელებენ.

ისრაელის ჯარმა კვირას ალყაში მოაქცია ყველა, 21-ვე ებრაული დასახლება ღაზის სექტორში და იქ მყოფთ წერილობითი შეტყობინება გადასცა ევაკუაციის შესახებ. ასეთივე ოპერაცია განხორციელდა მდინარე ორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე 120-დან 4 ებრაულ დასახლებაშიც.

პალესტინელები იმთავითვე მოითხოვდნენ, რომ ორივე ტერიტორია, ანუ ღაზის სექტორი და იორდანეს დასავლეთი ნაპირი, რაც 1967 წლიდანა აქვს ოკუპირებული ისრაელს, მათ დაუბრუნდეს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის გეგმის თანახმად, ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მცხოვრებმა ებრაელებმა 17 აგვისტომდე უნდა გადაკვეთონ ისრაელის საზღვარი, წინააღმდეგ შემთხვევაში მათს ევაკუაციას ჯარი განახორციელებს.

ღაზის სექტორში დასახლებულმა ასობით ებრაელმა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას მთავრობასთან კომპენსაციის შესახებ, რითაც ივალდებულა საკუთარის ნებით დატოვოს თავისი სახლი. თუმცა 5000-დე სხვა ეწინააღმდეგება მთავრობის გადაწყვეტილებას და არ აპირებს ისრაელში დაბრუნებას.

ორშაბათს იერუსალიმში ასობით ადამიანი საპროტესტო მიტინგზე შეიკრიბა არიელ შარონის რეზიდენციასთან. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა {ერთ-ერთი დემონსტრანტის ხმა}: "აქ ვარ, რათა გამოვხატო ჩემი განწყობა - ჩემი საზარელი განწყობა ისრაელისა და საერთაშორისო კანონების, მორალის, ეთიკის, ყველაფრის, ნებისმიერი ადამიანური მიდგომის ასეთნაირი დარღვევისთვის".

ორშაბათს დილით დემონსტრანტთა რიცხვი არ იყო დიდი, თუმცა ორგანიზატორები იმედოვნებდნენ, რომ დღის განმავლობაში მათი რიცხვი ათასებს მიაღწევდა. ადგილობრივი მიმომხილველები მთავრობის გადაწყვეტილებას ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მოვლენად მიიჩნევენ ისრაელის ისტორიაში. ხოლო იერუსალიმის ლიბერალული გაზეთის "ჰაარეცის" საინერნეტო გვერდზე ეს დღეები ისრაელის ყოველი მკვიდრისთვის "გლოვის დღეებადაა" მოხსენიებული.

ისრაელის განსახლებისა და მშენებლობის მინისტრმა იცხაკ ჰერცოგმა, რომელიც მხარს უჭერს არიელ შარონის გადაწყვეტილებას, ორშაბათს იერუსალიმში განაცხადა, რომ თანაუგრძნობს ღაზის სექტორსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მყოფ ებრაელ მოსახლეებს {იცხაკ ჰერცოგის ხმა}: "ესაა ყველაზე მტკივნეული დღე ისრაელში მთელი თაობისთვის. დღეს ჩვენ ვასრულებთ მტკივნეულ, მეტად მტკივნეულ ოპერაციას, როცა ისრაელი მოქალაქენი თავიანთი სახლებიდან უნდა გამოვაძევოთ", - განაცხადა იცხაკ ჰერცოგმა.

ღაზის სექტორის უდიდეს დასახლება ნევე დეკალიმში, სადაც ერთადერთი ებრაული სასაფლაოა მთელს ამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კვირას ასობით ებრაელმა მოსახლემ მოიყარა თავი.

მას შემდეგ, რაც ებრაელი მოსახლეები დატოვებენ ნევე დეკალიმს, იქ დაკრძალული 50 ებრაელის ნეშტებს სხვაგან გადაასვენებენ.

ორშაბათს, საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა ნევე დეკალიმში გადაკეტეს მთავარი შესასვლელი და არ მისცეს ისრაელის უშიშროების ძალებს შესაძლებლობა - ევაკუაციის შესახებ მთავრობის ოფიციალური წერილობითი შეტყობინება დაერიგებინათ.
XS
SM
MD
LG