Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალმა ანტიკორუფციულმა სტრატეგიამ პარლამენტში ვნებათაღელვა გამოიწვია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს მთავრობაში შემუშავებულმა ”ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმამ” საკანონმდებლო ხელისუფლებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და მმართველი პარტიის შიგნით არსებულმა გარკვეულმა დაძაბულობამ ამ დოკუმენტს დამატებითი ინტრიგა შესძინა. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა ინტერესთა კონფლიქტსა და სპეციალური მონიტორინგის დაწესებაზე საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა მინიშნება. რას ითვალისწინებს ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და როგორ ხვდებიან მას თავად მონიტორინგის ობიექტები?

”საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმამ”, რომელიც გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ წარადგინა, საკანონმდებლო ხელისუფლებაში ახალი ვნებათაღელვა გამოიწვია. იმის გამო, რომ მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესებზე და ამ მხრივ სპეციალური მონიტორინგის განხორციელებაზე უმრავლესობასთან შეხვედრისას თავად პრეზიდენტი ალაპარაკდა, მმართველი პარტიის წარმომადგენლები ღიად ახალ ინიციატივას იწონებენ, თუმცა, თუ მათი ბიზნესინტერესების შესახებ კულუარულ ინფორმაციებს გავითვალისწინებთ, ძნელი წარმოსადგენია, ახალი ანტიკორუფციული ჯგუფების გადამეტებული ყურადღება მათთვის მაინცდამაინც სასიამოვნო იყოს.

”საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის” მიხედვით, გამკაცრდება სახელმწიფო მოხელეთა საქმიანობის მონიტორინგი, შეიცვლება ქონებრივი დეკლარაციის შევსების წესი. ეს დეკლარაციები ამჟამად თითქმის ფორმალურ ხასიათს ატარებს. ამ პროექტის კოორდინატორი კახა ბენდუქიძე ფიქრობს, რომ ამჟამად არსებული ქონებრივი და ფინანსური დეკლარაციით თავად დეკლარაციის მფლობელსაც უჭირს საკუთარი ქონების შეფასება.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”ქონებრივი დეკლარაცია უნდა იყოს უფრო შინაარსიანი და მართლა უნდა ასახავდეს ქონებას. ამაზე ბევრჯერ ვთქვი, რომ მაგალაითად, მე ჩემი ქონებრივი დეკლარაცით ჩემს ქონებას ვერ დავადგენ და სხვამ როგორ უნდა დაადგინოს.”

”ხალხის რჩეულთა” განსაკუთრებულ ინტერესს ანტიკორუფციული გეგმის ის ნაწილი იწვევს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში იმ სპეციალური ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, რომელთაც ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში კორუფციას უნდა გაუწიოს კონტროლი. ოპოზიცია პროექტს სკეპტიკურად უყურებს და იხსენებს ახლო წარსულის ანალოგიურ ინიციატივებს, მაგალითად, ცნობილ ”შვიდკაცას” და ”თორმეტკაცას”, რომელთაც პრაქტიკული შედეგი არ გამოუღიათ. ”ბენდუქიძის გეგმას” განსაკუთრებულ ოპონირებას უწევს ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეები”, რომლის ლიდერი დავით გამყრელიძე ფიქრობს, რომ ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიით კონსტიტუცია ირღვევა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”თვით თურქმენეთსა და ჩრდილოეთ კორეაში არ ხდება, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება და პრეზიდენტი უნიშნავდნენ, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების შემადგენლობით, მაკონტროლებელ სტრუქტურას პარლამენტს. ამით, მე მგონი, წერტილი დაესვა საქართველოში პარლამენტარიზმს.”

ამ პროტესტის მიუხედავად, ახალი სტრატეგია 16 სექტემბერს ევროსაბჭოშიც გადაიგზავნება შესაფასებლად. თავად პროექტის ავტორი ბენდუქიძე ფიქრობს, რომ მონიტორინგის ქვეშ თანამდებობის პირთა გარკვეული წრე, მათ შორის, პრეზიდენტიც მოხვდება. ერთადერთი, ვისაც ეს პროექტი არ უნდა შეეხოს, ჟურნალისტებია, –იუმორით შენიშნავს ბენდუქიძე:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”პრეზიდენტით უნდა დავიწყოთ აუცილებლად, პრემიერ-მინისტრსაც უნდა შეეხოს, მეც უნდა შემეხოს და თქვენ არ უნდა შეგეხოთ.”

ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა რამდენიმე ნაწილისაგან შედგება და, გარდა სპეციალური მონიტორინგის ჯგუფის ჩამოყალიბებისა, სასამართლო სისტემის რეორგანიზაციასაც გულისხმობს. თუ ამ პროექტის მიმართ პარლამენტართა არცთუ გულგრილ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ იგი საშემოდგომო სესიის ერთ-ერთ სკანდალურ თემად იქცევა.
XS
SM
MD
LG