Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მცირდება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლების მხრიდან საერთაშორისო ბიზნესწრეებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოში სოლიდურ კაპიტალდაბანდებას ჯერჯერობით არავინ ჩქარობს.

ოფიციალური სტატისტიკა კი 2005 წელს პირდაპირი ინვესტიციების მოცულობის კლებას აფიქსირებს. რით არის გამოწვეული ინვესტიციების შემცირება?

სხვადასხვა ბიზნესფორუმების, გრანდიოზული საპრივატიზებო პროექტების და ხელისუფლების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, დღეს ოფიციალური სტატისტიკაც ვეღარ მალავს, რომ 2005 წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება თუნდაც გასული წლის მონაცემებს.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობამ მიმდინარე წლის 6 თვეში 194 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე 18.3%-ით ნაკლებია.

სტატისტიკოსები ამგვარ მდგომარეობას უკავშირებენ იმ ფაქტს, რომ დასრულდა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობ¬სადე¬ნი¬ს მშენებლობა, რომლის აქტიური ფაზა სწორედ 2004 წელზე მოდიოდა. მართლაც, „საუკუნის პროექტში“, მთლიანობაში, ნახევარ მილიარდ დოლარამდე კაპიტალდაბანდება განხორციელდა და ამ პროექტის დასრულებას არ შეიძლებოდა ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებელზე არ ემოქმედა. შესაბამისად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტის დამამთავრებელი ფაზა ინვესტიციების კლების მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზია. პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდებების მოცულობის შემცირება ასევე პრივატიზაციის პროცესში არსებულ პრობლემებს უკავშირდება. ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გამოცხადებული „დიდი პრივატიზაცია“ , რომლისგანაც ხელისუფლება წლევანდელი წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 400 მილიონ ლარზე მეტის მიღებას ვარაუდობდა, პრობლემებით მიმდინარეობს და ძნელი სავარაუდოა, სახელმწიფო წლის ბოლოს დაგეგმილ პარამეტრზე გავიდეს. თუმცა „საპრივატიზებო მარათონი“ წარმატებითაც რომ დაგვირგვინებულიყო, ეს იქნებოდა მხოლოდ კაპიტალის ერთჯერადი შემოდინება, რომელიც ქვეყნის საინვესტიციო მომხიბვლელობის მთავარ პარამეტრად არ შეიძლება მივიჩნიოთ.

უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვაზე, უკეთ კი, კეთილსაიმედო საინვესტიციო გარემოზე პასუხისმგებელი ერთ-ერთი უწყების – ეკონომიკური განვითარების სამინისტროს - ხელმძღვანელი ირაკლი ჩოგოვაძე ჯერ კიდევ ამ პოსტზე ყოფნის პირველ დღეებში უცხოური კაპიტალის საქართველოში მოსაზიდად რამდენიმე პრიორიტეტს გამოყოფდა.
[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] „ეს არის მაქსიმალურად დაბალი გადასახადები, ეს არის მაქსიმალურად ლიბერალური ადმინისტრაცია და ეს არის მაქსიმალური ხელშეწყობა იმისათვის, რომ ჩამოვიდნენ, ჩადონ ფული და ამოიღონ მოგებით.“(სტილი დაცულია)
სხვათა შორის, თავად ტერმინი “ინვესტიცია” ლათინური წარმოშობისაა და მოგების მიღების მიზნით სოლიდური ოდენობის კაპიტალის დაბანდებას ნიშნავს. ანუ ნებისმიერი ინვესტორი, როგორც წესი, საკუთარ ფულს აბანდებს მოგების მიღების მიზნით და თუ ქვეყანაში - არათუ მოგების მიღების - ჯერჯერობით კაპიტალის დაცულობის პრობლემა დგას, ძნელია ინვესტიციების მოცულობის სერიოზული ზრდის იმედი გვქონდეს.
XS
SM
MD
LG