Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რეაქციები სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესზე


19 ოქტომბერს სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი დაწყებიდან ოთხი საათის შემდეგ გადაიდო.

დაცვას დამატებით 40 დღე მიეცა საქმისთვის მოსამზადებლად. მაგრამ ამ სასამართლო პროცესის თაობაზე უკვე არის რეაქციები, ხალხს უკვე მოეპოვება აზრი იმის თაობაზე, თუ რამდენად ობიექტურად გაასამართლებენ ერაყის ყოფილ დიქტატორს.

პროცესის პირველ დღეს ბევრი არაფერი მომხდარა გარდა იმისა, რომ სადამ ჰუსეინმა სასამართლოს მიმართ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა.

მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა ერაყში ცხარე დისკუსიის წამოსაწყებად ყოფილი დიქტატორის ბედის თაობაზე.

[არბილის მცხოვრების ხმა] "მადლობა უფალს. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ ამ სამართლიანი პროცესის გამო. ის უმაღლეს სასჯელს იმსახურებს."

ეს გახლდათ ქალაქ არბილის მცხოვრები, რომელსაც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი ესაუბრა ხუთშაბათს.

ჰუსეინსა და ბაათის პარტიის კიდევ შვიდ მაღალი რანგის პირს ბრალად ედება 143 ადამიანის სიკვდილით დასჯა სოფელ დუჯაილში. სოფლის მცხოვრები მამაკაცები და ბიჭები სადამ ჰუსეინზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ დასაჯეს სიკვდილით 1982 წელს.

მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ ჰუსეინსა და მის თანამოაზრეებს ობიექტურად არ გაასამარლებენ. აი, რა უთხრა ერთმა ბაღდადელმა ტაქსის მძღოლმა ჩვენს რადიოს:

[ტაქსის მძღოლის ხმა] "სადამის სასამართლო ბანქოს ქაღალდივითაა. საოკუპაციო ჯარები თავის სასაგრებლოდ გამოიყენებენ მას. რატომ მოვიდნენ ისინი ერაყში? რატომ შემოვიდნენ ერაყში? სადამ ჰუსეინის ჩამოგდება უნდოდათ ვინაიდან იგი დიქტატორი იყო? მაშინ გაასამართლონ ის და დატოვონ ქვეყანა."

ერაყში ჰუსეინის მიმართ სიძულვილს ყველაზე მეტად ბაათის რეჟიმის მიერ ჩაგრული ქურთები და შიიტები გამოხატავენ. რაც შეეხება სუნიტებს, რომელთა მხარდაჭერასაც ემყარებოდა ძირითადად ჰუსეინის რეჟიმი, მოსახლეობის ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ დაკარგა პრივილეგიები და სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდთან შედარებით უარეს მდგომარეობაში იმყოფება.

სადამ ჰუსეინის პროცესის მიმართ ინტერესი მხოლოდ ერაყით არ შემოიფარგლება. მოუსმინეთ ქაიროს ალ არამის პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ნაბილ აბდელ ფათას.

[ფათას ხმა] "თუკი ისლამურ მიმართულებაზე ვსაუბრობთ, აქ მიაჩნიათ, რომ შეზღუდულია მოსამართლეთა დამოუკიდებლობა და ბრალდებულთა დაცვის უფლებები. ისლამისტები სასამართლო პროცესს მიიჩნევენ ნაწილად საოკუპაციო ოპერაციისა, რომელსაც ერაყში ყოფილი ბაათის რეჟიმის დამხობა მოჰყვა. მაგრამ ლიბერალური მიმართულების შიგნით ფიქრობენ, რომ პროცესს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევაა, როცა სასამართლოს წინაშე წარდგებიან მთლიანად რეჟიმი, მისი ლიდერები და ექს-დიქტატორი - პირველად ამ რეგიონის ისტორიაში."

მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა გამოთქვა აზრი, რომ სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესის ობიექტურად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერაყისთვის, თუკი ქვეყანა ჰუსეინის მმართველობის პერიოდში მოსახლეობის სახვადასხვა ჯგუფებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირებების გადალახვას აპირებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა ოთხშაბათს ერაყის სასამართლო სისტემას მოუწოდა, საერთაშორისო სტანდარტები დაიცვას ჰუსეინის პროცესის მსვლელობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანანის თქმით, მრავალი ეჭვი გაჩნდება.

ოთხშაბათს სასამართლოს წინაშე გამოსულმა სადამ ჰუსეინმა და სხვა ბრალდებულებმა უარყვეს მათთვის წაყენებული ბრალდებები. გარდა ამისა, ჰუსეინმა განაცხადა, რომ იგი ჯერაც ერაყის პრეზიდენტია და უარი თქვა სასამართლოს უფლებამოსილების აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG