Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”თბილგაზის” ბედი ჯერ გაურკვეველია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი დედაქალაქის გაზგამანაწილებელი სტრუქტურის, ”თბილგაზის”, მომავალ ბედთან დაკავშირებით გაურკვევლობა გრძელდება. გასულ კვირას თბილისის საქალაქო

სასამართლომ მისი გაკოტრების საქმე წარმოებაში მიიღო და ამჟამად ”თბილგაზი” უკვე გაკოტრების რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და მას საკუთარი ქონების განკარგვის უფლება შეჩერებული აქვს. არადა, სულ რამდენიმე კვირის წინ ”თბილგაზის” ახალი ხელმძღვანელობა საწარმოს რეორგანიზაციის გეგმებს აწყობდა, რომლის მიხედვითაც, ცენტრალიზებული მოუქნელი სტრუქტურის ნაცვლად, დედაქალაქი უბნებად დაიყოფოდა და მცირე კომპანიების მეშვეობით განხორცილდებოდა დისტრიბუცია. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ ამ ფორმით ”თბილგაზის” პრივატიზების პროცესის წარმართვაც გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუმცა გასულ კვირას, რეორგანიზაციის ნაცვლად, სადისტრიბუციო ქსელის გაკოტრების პროცესის დაწყებამ მის მომავალ ბედთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაცია წარმოშვა. ერთი ვერსიით, ”თბილგაზი” კრედიტორებს გადაეცემა ვალში, მეორის თანახმად, თბილისის გაზგამანაწილებელ სტრუქტურას რუსულ ენერგოგიგანტს შესთავაზებენ. ამ ორი ვარიანტის გარდა, გასულ კვირას ყველაზე პოპულარული გახლდათ ვერსია, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ”თბილგაზის” გაკოტრების პროცესს ხელოვნურად უკეთებს პროვოცირებას და ეს მისი ”ეშმაკური” გეგმის ნაწილია.

ამგვარ ეჭვს აღვივებდა ის, რომ ნურსულთან ნაზარბაევის თბილისური ვიზიტისას კულუარებში საუბარი იყო ”თბილგაზში” ყაზახური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაზე. გაკოტრების პროცესს ინტრიგას მატებს ის, რომ თბილისის გაზგამანაწილებელი სტრუქტურის მიმართ დიდი ხანია თავისი ინტერესები აქვს რუსულ ”ენერგომონსტრ” ”გაზპრომს”. ”გაზპრომი”, ამავდროულად, ”თბილგაზის” ერთ-ერთ მსხვილ უცხოელ კრედიტორად გვევლინება და მის მიმართ დავალიანება დაახლოებით 18 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ ხელისუფლება ”თბილგაზის” გაკოტრებით, შემდგომ კი ”გაზპრომის” ყაზახური კომპანია ”ყაზროსგაზპრომით” ჩანაცვლებით არის დაინტერესებული. ამ ვერსიის ავტორთა აზრით, გეგმის ამუშავებით ხელისუფლება რამდენიმე კურდღლის დაჭერას შეეცდება – ერთი მხრივ, რუსულ ენერგოგიგანტს ”მშრალზე დატოვებს” და თბილისის სადისტრიბუციო სტრუქტურისათვის სხვა ინვესტორს მონახავს, მეორე მხრივ კი, ”გაზპრომის” დავალიანების გადახდას შეიძლება აარიდოს თავი, რადგან, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით, პირველი რიგის კრედიტორად ბიუჯეტი ითვლება, ეს ვალდებულება კი ”თბილგაზის” მთლიან აქტივებს შეიწირავს, ანუ გაკოტრებული საწარმოდან ”გაზპრომის” ვალის დასაფარად, წესით, არაფერი აღარ უნდა დარჩეს. ამასთან, თუ თბილისის გაზგამანაწილებელ ქსელს ყაზახური ”ყაზროსგაზპრომი” შეიძენს და, ამავდროულად, საქართველოსათვის ყაზახური ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხიც წარმატებით გადაწყდება, რუსულ მუქარას მომავალი წლიდან გაზის გაძვირების შესახებ ”ყავლი გაუვა” და თბილისი ყაზახურ ”ცისფერ ოქროს”, სავარაუდოდ, ამჟამად არსებული ტარიფით – 1000 კუბურ მეტრზე 60 აშშ დოლარად - მიიღებს. თუმცა ეს მხოლოდ ქართული მხარის ვარაუდია, რომლის განხორციელება მრავალ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ერთი, რომ ”გაზპრომი” ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი სტრუქტურა, რომელიც ვინმეს ასე ადვილად აპატიებს ვალებს; თანაც, საგულისხმოა, რომ ”თბილგაზის” სავარაუდო ინვესტორის ”ყაზროსგაზპრომის” ნახევარ წილს ფლობს ნურსულთან ნაზარბაევის გარემოცვა, ნახევარს კი - ისევ და ისევ რუსული ”გაზპრომი”. შესაბამისად, ამ კომპანიის მიერ თბილისის სადისტრიბუციო კომპანიის შეძენის შემთხვევაში ”რუსულ კვალს” მაინც ვერანაირად ვერ ავცდებით და, თანაც, ყაზახური მხარე ძნელი დასაჯერებელია თავიანთი პარტნიორის განაწყენებაზე დათანხმდეს.
”თბილგაზის“ მიერ კრედიტორებისთვის დავალიანების დაფარვის უუნარობას, ფაქტობრივად, ადასტურებენ თბილისის საკრებულოში, სადაც ირწმუნებიან, რომ ვალები, პირველ რიგში, უნდა გადაუხადონ თბილისის მერიას, რომლის მიმართ კომპანიის დავალიანების მოცულობა 100 მილიონი ლარია.
ხელისუფლება ოფიციალურად, რა თქმა უნდა, არ ადასტურებს ”თბილგაზში” რუსული ინტერესის ყაზახური ინვესტიციით ჩანაცვლების ”ეშმაკური” სქემის არსებობას. სახელმწიფო მინისტრი კახა ბენდუქიძე მხოლოდ ყაზახურ დელეგაციასთან ამ საკითხის შესახებ საუბარზე მიუთითებს, თუმცა ამატებს, რომ ეს მხოლოდ ინტერესის გამოხატვაა და მეტი არაფერი:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”რამდენადაც ვიცი, ყაზახებმა გარკვეული დაინტერესება გამოთქვეს, მაგრამ მარტო დაინტერესება ხომ არ არის – დაინტერესებიდან ფულის გადახდამდე გზა არის.”

ყაზახ ინვესტორებთან მოლაპარაკების ჩიხში შესვლაზე საუბრობენ ”თბილგაზიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები. ამ თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფის ლიდერი უჩა ჩილაჩავა აცხადებს, რომ ყაზახებმა, რუსი პარტნიორების ხათრით, გარიგებაზე მომავალი წლის გაზაფხულამდე უარი თქვეს:

[უჩა ჩილაჩავას ხმა] ”ყაზახური კომპანიაც ჩამოკიდებულია ”გაზპრომზე”. 50% ”გაზპრომის” წილია ”ყაზახგაზში”, ამიტომ ვერ გადაახტება მათ ყაზახური კომპანია და ამიტომ უარი თქვეს მათ გაზაფხულამდე შესყიდვაზე.”

ყოველივე აქედან გამომდინარე, ”თბილგაზის” გათავისუფლებული თანამშრომლები ვარაუდობენ, რომ, გაზგამანაწილებელი კომპანიის გაკოტრების პროცესის გამო, დედაქალაქი ზამთარში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე დგას, რადგან გაკოტრებულ საქარმოს წინასწარ გადახდის გარეშე გაზს არავინ მიჰყიდის. ”თბილგაზის” გაკოტრების მენეჯერი ამ საშიშროების არსებობას უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ საწარმო საპრივატიზებოდ მზადდება და მას კერძო მფლობელი გამოუჩნდება. გაკოტრების პროცედურის დაწყებაც ამ პროცესს უკავშირდება, რათა ”თბილგაზი” ზედმეტი ვალდებულებებისაგან გათავისუფლდეს და ახალ ინვესტორს ვალებისაგან ”შემსუბუქებული” დახვდეს. ”თბილგაზს” ამ დროისათვის 240 მილიონ ლარამდე კრედიტორული დავალიანება აქვს. მის მთავარ კრედიტორად კი სახელმწიფო, კერძოდ კი, თბილისის ბიუჯეტი ითვლება. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის ბიუჯეტის დავალიანებას საწარმოს ჩამოაწერენ, ამას ვერ მოახერხებენ რუსული კომპანიების მიმართ, რომელთა ვალი დაახლოებით 18 მილიონია. ამდენად, დედაქალაქის სადრისტრიბუციო ქსელი ყველა ვალდებულებას ასე იოლად ვერ დააღწევს თავს.

”თბილგაზზე“ ტენდერი დაახლოებით ერთ თვეში გამოცხადდება, ანუ მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლო მისი გაკოტრების საქმეს განიხილავს. სწორედ ამ დროისთვის გაირკვევა, არსებობს თუ არა ხელისუფლებაში რაიმე ”ეშმაკური გეგმა”, რომელიც ახალი ინვესტორის მოძიებას ითვალისწინებს, თუ თბილისის სადისტრიბუციო კომპანია ისევ მის ყველაზე მსხვილ უცხოელ კრედიტორს, ”გაზპრომს”, ჩაუვარდება ხელში.
XS
SM
MD
LG