Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ფიქრობს, რომ საქართველო ინვესტორებისათვის მიმზიდველი და ხელსაყრელი ქვეყანაა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს საქართველოში მთლიანი უცხოური ინვესტიციების მოცულობას კლების ტენდენცია ახასიათებს. ამას იგივე ოფიციალური

სტატისტიკა ”საუკუნის პროექტის” დამამთავრებელი ფაზით ხსნის, ხოლო დამოუკიდებელი ექსპერტები და ბიზნესწრეები არასაიმედო სამეწარმეო გარემოზეც აკეთებენ აქცენტს. საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით კი, საქართველოში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ ის უცხოელი ინვესტორებისთვის მიმზიდველ და ხელსაყრელ ქვეყნად იქცეს. ამაში აზიელი ბიზნესმენების დარწმუნებას პრეზიდენტი ცდილობდა გასული კვირის ბოლოს თბილისში, აზია-წყნარი ოკეანის სავაჭრო-სამრეწველო პალატების კომიტეტთა 70-ე შეხვედრაზე, რომელსაც თბილისი პირველად მასპინძლობდა.
”ჩვენ გვაქვს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საგადასახადო კოდექსი, ვამარტივებთ საბაჟო კოდექსსაც. ქვეყანაში მნიშვნელოვნად შემცირდა და, ფაქტობრივად, აღმოფხვრილია კორუფცია ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, ვითარდება ენერგეტიკის სექტორი, საგზაო ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო აპარატი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ბიზნესისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი იყო, შემცირდა დაახლოებით 40 პროცენტით“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კავკასიის პირველ აზიურ ბიზნესფორუმზე გამოსვლისას. პრეზიდენტის თქმით, წელს ქვეყნის ეკონომიკურმა ზრდამ დაახლოებით 7-8 პროცენტს მიაღწია:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 7,5-დან 8,5 %-მდე. ეს იმ პირობებში, როდესაც ნავთობის ფასმა ძალიან ძლიერად დაარტყა საქართველოს ეკონომიკას. რუსეთი არის ნავთობის ქვეყანა და წელს იქ ზრდა იქნება 5-5,5%. ჩვენ რომ გვქონდეს ისეთი ნავთობი და ისეთი ფასების ზრდა, როგორიც რუსეთს აქვს, ჩვენი ზრდა იქნებოდა 20 – 23%”.
იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა უფრო შთამბეჭდავი გახდეს და ადგილობრივ და უცხოელ ინვესტორებს უკეთესი სამეწარმეო გარემო შეექმნათ, სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა გეგმავს პარლამენტში ახალი კანონპროექტის წარდგენას, რომელიც მნიშვნელოვნად გააიოლებს ქვეყანაში ექსპორტ-იმპორტს.
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე შემაქვს პარლამენტში წინადადებების პაკეტი, რომელმაც სერიოზულად უნდა დააჩქაროს ჩვენი ეკონომიკური ზრდა. პირველი, ეს არის ექსპორტ-იმპორტის გაადვილება, ყველა საექსპორტო და საიმპორტო პროცედურების გამარტივება და გაადვილება. მეორე, ეს არის საბანკო სექტორის ლიბერალიზაცია.”
თბილისში ჩამოსული 14 აზიური ქვეყნის 70-მდე ბიზნესმენს პრეზიდენტმა საქართველოში ინვესტიციების განხორცილებისაკენ მოუწოდა და იმ ახალ ტექნოლოგიებზეც ისაუბრა, რომელიც ამ ინვესტიციებს მოჰყვება და რომელიც საქართველოს ეკონომიკისათვის დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. სააკაშვილმა ბიზნესფორუმზე ახალი ტექნოლოგიების ხილული სიკეთის მაგალითებიც მოიყვანა:
[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” სადაც იყო ევროპული პროგრამა გაკეთებული სკანდინავიელებთან ერთად, ჩვენი ძროხების წველადობა არის რვა ერთთან, ათი ერთთან - იქ, სადაც არის დანერგილა ტექნოლოგია და იქ, სადაც არ დანერგილა.”(სტილი დაცულია)
საქართველოს პრეზიდენტს აუცილებლად და შესაძლებლად მიაჩნია, რომ უცხოურმა კაპიტალმა მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიჩინოს საქართვლოსადმი. ”ის ყველაფერი, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, იქნება წინაპირობა იმისა, რომ საქართველო უახლოეს მომავალში ერთ-ერთ განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბდეს,“ - გვპირდება მიხეილ სააკაშვილი.
ვერ გეტყვით ქართული ბიზნესგარემოს საიმედოობაში რამდენად დაარწმუნა საქართველოს პრეზიდენტმა აზიელი ბიზნესმენები, - ამის შეფასება მოგვიანებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობით იქნება შესაძლებელიო, - მაგრამ ადგილობრივი მეწარმეები და ადგილობრივ ბაზარზე მოღვაწე უცხოელები რომ მაინცდამაინც აღფრთოვანებულნი არ არიან მოქმედი სამეწარმეო გარემოთი, ამის თქმა დღესვე შეიძლება. ამის შესახებ ისინი გასულ კვირას პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაუფარავად საუბრობდნენ.
აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ფადი ასლის განცხადებით, საქართველოში ”ბიზნესი შეშინებულია“, რაზეც საერთაშორისო საზოგადოება თვალს ხუჭავს. ფადი ასლის თქმით, საგადასახადო ინსპექცია მასზე დაკისრებულ ფუნქციას ღირსეულად არ ასრულებს და ცდილობს მეწარმეებს იმაზე მეტი გადასახადი გადაახდევინოს, ვიდრე ეს მათ ვალდებულებით აკისრიათ. ბიზნესმენებს პრეტენზიები აქვთ როგორც ერთ-ერთ ”ყველაზე ლიბერალურად” აღიარებულ საგადასახადო კოდექსთან, ისე ამ კოდექსის აღსრულებასთან, ანუ საგადასახადო ადმინისტრირებასთან. მეწარმეები არც სააპელაციო სასამართლოს ენდობიან, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან არის შექმნილი, და აცხადებენ, რომ შეუძლებელია ერთი უწყება მსაჯულიც იყოს, აღმასრულებელიც და კანონის ავტორიც. ხოლო ტრადიციული სასამართლოს მიუკერძოებლობაზე მათ უკვე საუბარიც არ სურთ.

სასამართლო სისტემის არაეფექტურობაზე, სხვათა შორის, პრეზიდენტიც აკეთებს მინიშნებას და ფიქრობს, რომ ამ სფეროში რეფორმა, ეკონომიკური ლიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტთან ერთად, რომელიც უახლოეს პერიოდში უნდა შევიდეს პარლამენტში, იქნება საქართველოში საინვესტიციო გამოცოცხლებისა და ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობა.
XS
SM
MD
LG