Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური აქტიურობა, ძირითადად, დედაქალაქშია კონცენტრირებული


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლების გახშირებული რეგიონალური ვიზეტებითა და მედიის მიერ გაშუქებული სხვადასხვა ობიექტების პრეზენტაციებით იქმნება შთაბეჭდილება,

რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მთავრობა, წინა ხელისუფლებისაგან განსხვავებით, რეგიონებს შედარებით მეტ ყურადღებას აქცევს. ამის მაგალითს თავად პრეზიდენტი იძლევა, რომელიც პერიოდულად სტუმრობს ხოლმე სხვადასხვა კუთხეს, თუმცა რეგიონების განვითარების ზოგადი სურათი არცთუ დამაიმედებელია და ქვეყნის ფინანსების ლომის წილი მხოლოდ დედაქალაქშია კონცენტრირებული. რა მდგომარეობაშია რეგიონები და აქვს თუ არა ხელისუფლებას რეგიონალური განვითარების ერთიანი ხედვა?

საქართველოს ეკონომიკური აქტივობის უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის. თბილისი არის ქვეყნის როგორც ადმინისტრაციული, ისე კულტურულ-ფინანსური ცენტრი და ის, რაც იქმნება საქართველოში, ფაქტობრივად, იქმნება დედაქალაქში. შესაბამისად, ქვეყნის რეგიონების ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა სავალალოა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში არსებობს სპეციალური რეგიონალური სამსახური, უფრო მეტიც, საუბარია თვითმმართველობის სამინისტროს შექმნაზეც, ხელისუფლება ხშირად მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ხანდახან ახალ ობიექტებსაც ხსნის და რეგიონების საინვესტიციო მომხიბვლელობაზე საუბრობს, რეგიონებში ცხოვრების დონე, დედაქალაქთან შედარებით, ძალზე დაბალი, ხოლო სოციალური ფონი უკიდურესად გაუარესებულია, არის ტოტალური უმუშევრობა და მიგრაცია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ირაკლი ლექვინაძის, შეფასებით, სამუშაო ადგილების არარსებობის გამო, რეგიონებიდან მიგრაციის მაჩვენებელი მაღალია და მოსახლეობა დედაქალაქში ცდილობს თვითდასაქმებას:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”დღევანდელი მდგომარეობა, რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, ძალიან ცუდია, იმიტომ რომ მთელი ეკონომიკა, რაც დღეს საქართველოში არსებობს, ფინანსური ნაკადების მოძრაობა და ეკონომიკური აქტივობა, თითქმის 95% ხდება თბილისში. იმიტომ რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, ვინც რეგიონებში ვერ იშოვა სამსახური და დროთა განმავლობაში წამოვიდა იქიდან, თავისი დასაქმების ადგილი ნახა თბილისში. ანუ თვითდასაქმებულები რეგიონებიდან თითქმის ყველა თავმოყრილია თბილისში, იმის გარდა, ვინც საზღვარგარეთ წავიდა. ამიტომ თბილისში იქმნება მთლიანი შიდა პროდუქტის უდიდესი ნაწილი, მთელი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების უმრავლესობა შედის თბილისიდან.”(სტილი დაცულია)

რეგიონების მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ექსპერტები თვითმმართველობის შეზღუდვას ასახელებენ. გარდა ამისა, სახელმწიფოს დღემდე არა აქვს ცხადად ჩამოყალიბებული რეგიონალური განვითარების კონცეფცია. რეგიონალური ბიუჯეტები უბადრუკად გამოიყურება და ადგილობრივი თვითმმართველობა მხოლოდ ცენტრიდან წამოსული ტრანსფერების იმედზეა დარჩენილი. იმ მწირი ეკონომიკური აქტივობიდან, რაც აქა-იქ მაინც ფიქსირდება, რეგიონს შემოსავლის სახით არაფერი რჩება და ძირითადი გადასახადები ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილებაა.

ირაკლი ლექვინაძეს მიაჩნია, რომ, შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის სტიმულირების მიზნით, შესაძლებელია იმ კომპანიების გარკვეული საგადასახადო ”წახალისება”, რომლებიც რეგიონებში გახსნიან საწარმოებს და სამუშაო ადგილებს შექმნიან:

[ირაკლი ლექვინაძის ხმა] ”დღეს ის მდგომარეობაა, რომ რეგიონები არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და პრაქტიკულად მიბმულნი არიან თბილისს და თბილისში დასაქმებული ადამიანების შემოსავლები ნაწილდება რეგიონებზე ტრანსფერების კუთხით და იქ არ იქმნება არანაირი დამატებული ღირებულება. თუ მთავრობა რეგიონალური განვითარების პოლიტიკას შექმნის და ეს მოხდება იმ საწარმოებისათვის შეღავათების მინიჭებით, რომლებიც რეგიონებში მოახდენენ თავიანთი საწარმოების განთავსებას და შექმნიან დამატებულ ღირებულებას, შეიძლება რეგიონალური განვითარებაც მოხდეს, ანუ იქ დასაქმდეს ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მიიღოს შემოსავალი და ეს შემოსავალი დახარჯოს ადგილზე, რაც, მთლიანობაში, წინ წამოსწევს რეგიონების განვითარებას.”(სტილი დაცულია)

ექსპერტები ფიქრობენ, რომ სანამ ქვეყანაში ძალაუფლება უკიდურესად ცენტრალიზებულია, ადგილობრივ თვითმმართველობას შეზღუდული აქვს ეკონომიკური გადაწყვეტილების მიღების და რეალიზაციის უფლება, ძირითადი მოსაკრებლები ცენტრალური ბიუჯეტის კუთვნილებად რჩება, ხელისუფლება ქვეყნის არათანაბარი ეკონომიკური განვითარების პრობლემას მხოლოდ ”რეგიონალური სამთავრობო ტურებით” ვერ გადაჭრის.
XS
SM
MD
LG