Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასაწყისში, წესისამებრ, გასული კვირის რამდენიმე თემა, რომელიც ცოტა დაიჩრდილა სხვა


დავით პაიჭაძე, თბილისი დასაწყისში, წესისამებრ, გასული კვირის რამდენიმე თემა, რომელიც ცოტა დაიჩრდილა სხვა საკითხების ფონზე. მაგალითად, რა შეიძლება მოხდეს, თუ საქართველო შეუერთდება თამბაქოს საწინააღმდეგო კონვენციას?

ამ კითხვის პასუხს გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს: პირველ რიგში, სრულად აიკრძალება თამბაქოს რეკლამა და თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების მიერ სპონსორობის გაწევა. ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შეზღუდავენ თამბაქოს მოხმარებას, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პოლიკლინიკებსა და ბავშვთა საავადმყოფოებში საერთოდ აკრძალავენ. არამწეველს, თუ მისი უფლებები დაირღვა, შეეძლება სასამართლოში იჩივლოს. გამაფრთხილებელი წარწერის ზომა თამბაქოს კოლოფზე, სულ ცოტა, 6-ჯერ გაიზრდება. მოწევა აიკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში – ამ მხრივ უფრო მძღოლები გამოირჩევიან. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა 90%-ზე მეტი მწეველია. დარღვევის შემთხვევაში, დაჯარიმდება მძღოლიც და მისი დამქირავებელი კომპანიაც. ცხადია, ეს ყველაფერი ჯერ ქაღალდზეა. კონვენციის რატიფიცირება წელსვე მოხდება.

შევარდნაძის ხელისუფლების დროს რამდენიმე ჟურნალისტმა გამოაქვეყნა ხელისუფლებასა და ბიზნესში არსებული ნათესაურ-კლანური ურთიერთობების ამსახველი სქემები. კლანებს არა, მაგრამ ნათესაურ კავშირებს ხელისუფლების შიგნით გასულ კვირაში გაზეთი “ალია” აღწერდა. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი ნათლიასა და მეჯვარეს ნათესავად არ ცნობს, აღწერის ამ ნაწილს გამოვტოვებთ (მაგალითად, იმას, რომ ვიცე-სპიკერი მაჭავარიანი დეპუტატ ბექაურის ბავშვის ნათლიაა) და მხოლოდ სისხლისმიერ კავშირებზე შევჩერდებით: რუსეთში საქართველოს ელჩის ირაკლი ჩუბინიშვილის ძმა, ნიკოლოზი, პარლამენტის წევრია. როლანდ ახალაია სამეგრელოს სამხარეო პროკურორია, მისი ერთი ვაჟი, დათა, - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი, მეორე ვაჟი, ბაჩო ახალაია კი, – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის გია ხევიაშვილის ცოლისძმა, მამუკა ჩიქოვანი, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეა, ხოლო დეიდაშვილი, დათო მაღრაძე, – გარდაბნის რაიონის გამგებელი. ძმათაგან “ალია” აღნიშნავს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ქავთარაძეს და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კოტე ქავთარაძეს, იუსტიციის მინისტრს კოტე კემულარიასა და პარლამენტის წევრს როლანდ კემულარიას, აგრეთვე დეპუტატ ლაშა დარასელიას, რომელსაც კემულარიები ბიძად ეკუთვნიან. აქვე არიან ძმები გრიგალაშვილები და ძმები ბეჟუაშვილები. აქვე აღვნიშნავთ, რომ “ალიას” სტატიიდან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი გაგაცანით.

გადავიდეთ შაბათის, 26 ნოემბრის, პრესაზე. გაზეთი “ხვალინდელი დღე” აქვეყნებს წერილს საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შესახებ. ეს დოკუმენტი განსაზღვრავს საქართველოს შეიარაღებული ძალების ძირითად პრინციპებს, პრიორიტეტებს, სამომავლო გეგმებსა და საფრთხეებს. გაწერილია გეგმა, რომელიც 2010 წლამდე უნდა შესრულდეს. 2006 წელს თავდაცვის რეფორმა ფოკუსირებული იქნება ნატოში ინტეგრაციაზე, სტრატეგია აყალიბებს საბიუჯეტო წყაროების, მათი განკარგვის, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობებისა და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის საფუძვლებს.

“24 საათი” წერს თვითმართველობის ახალი კანონის შესახებ, რომელიც წინადღით პარლამენტმა მიიღო. საქართველოში თვითმმართველობა მხოლოდ ერთ - რაიონის - დონეზე მოეწყობა. რაიონებში შემავალ სოფლებსა და ქალაქებში თვითმმართველობის ერთეულები გაუქმდება და ერთი ადმინისტრაციული ცენტრი შეიქმნება. ქვეყანაში სულ 65 თვითმმართველი ერთეული ჩამოყალიბდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მხოლოდ იმ ქალაქს მიენიჭება, რომელიც რაიონის შემადგნელობაში არ შედის. ქალაქის მერს საკრებულო აირჩევს და ის საკრებულოს თავმჯდომარის ფუნქციასაც შეითავსებს. გაზეთი აქვეყნებს პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენელთა მოსაზრებებსაც. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ თვითმმარველობის ერთეულები მოსახლეობას უფრო დაშორდება და იქცევა პოლიტიკურ ორგანოდ, როცა თვითმმართველობა მომსახურე ორგანო უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG