Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია ხუხაშვილი - გაზის გაძვირება ინფლაციურ პროცესებს გამოიწვევს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გაზპრომი” თავის დაპირებას ასრულებს და მომავალი წლიდან საქართველოსათვის მოწოდებულ ბუნებრივ აირს აძვირებს. ამის გამო ხელისუფლებას მომავალი წლის სახელმწიფო

”ბიუჯეტის ხარჯებში დამატებით მინიმუმ 20 მილიონი ლარის გათვალისწინება მოუწევს. ეს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ზამთრის სეზონზე გაზმომარაგების სუბსიდირებას მოახდენს და მოსახლეობისათვის ტარიფს გაზაფხულამდე უცვლელს დატოვებს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაზის გაძვირება ირიბად მასზე არ იმოქმედებს. ამასთან, გაურკვეველია, უცვლელი დარჩება თუ არა ელექტროენერგიის ფასი, რადგან ენერგოგენერაციის ნაწილი ისევ და ისევ ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. რა თანხა დაუჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს რუსული გაზის გაძვირება და რამდენად ეფექტურად მიმდინარეობდა მოლაპარაკება რუსულ ენერგოგიგანტთან?

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული ენერგოგიგანტი ”გაზპრომი” 2006 წლის 1 იანვრიდან საქართველოსათვის მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასურს ზრდის. მიუხედავად იმისა, რომ ”გაზპრომის” ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რჩება შთაბეჭდილება, რომ მთავრობა ახალ სატარიფო პოლიტიკას მოუმზადებელი ხვდება. მოსახლეობისათვის გაზის გაძვირებით გამოწვეული ”სატარიფო შოკის” შესარბილებლად ენერგეტიკის მინისტრი ბოლო დღეებში სეზონურ სუბსიდირებაზე ალაპარაკდა. ნიკა გილაურის განცხადებით, ზამთრის სეზონის განმავლობაში, როდესაც ბუნებრივი აირის მოხმარება მაღალია, ღირებულების სხვაობას სახელმწიფო ბიუჯეტი დააფინანსებს. მინისტრის ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტს ეს პროცედურა დაახლოებით 20 მილიონი ლარი დაუჯდება. თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რის სუბსიდირებას აპირებს სახელმწიფო - გაზგანმანაწილებელი სტრუქტურების გარდა, დაფინანსდება თუ არა კერძო კომპანიები, რომლებიც გაზის რეალიზაციას ახდენენ, დაიფარება თუ არა სამრეწველო ობიექტებისათვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასთა სხვაობა და ა.შ. ექსპერტი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მოკლევადიანი სუბსიდირება პრობლემას არანაირად არ მოხსნის და გაზის გაძვირება ბუნებრივად გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”სუბსიდირება, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ დროის მოკლე პერიოდში გასტანს და, გარდა ამისა, ეს ვერანაირად ვერ შეაჩერებს ინფლაციურ პროცესს - ცხოვრება თავისთავად გაძვირდება. ის, რომ მოსახლეობა 2 თუ 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდის მეტს, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მას არ გაუძვირდება ცხოვრება, ანუ ის სხვაობა, რომელსაც ის არ გადაიხდის პირდაპირ გაზში, განსხვავების გადახდა მოუწევს თუნდაც პირველადი მოხმარების საგნებში. აქედან გამომდინარე, ეფექტი სუბსიდირების არ არის ის, რაზეც ჩვენ გვესაუბრებიან ამ შემთხვევაში.”

ენერგეტიკის მინისტრის დაპირება, რომ მოსახლეობა ”გაზპრომის” მიერ გაძვირებულ აირის სიმძიმეს გაზაფხულამდე ვერ იგრძნობს, ექსპერტებს არასერიოზულად მიაჩნიათ. თუმცა ამ სოციალურ პრობლემაზე მეტად გია ხუხაშვილს მთავრობის კომპეტენციის პრობლემა აღელვებს. რამდენიმე თვის წინ ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ, პოლიტიკურად ანგაჟირებული ”გაზპრომის” სანაცვლოდ, გაზის მოწოდების ალტერნატიული წყაროები გამონახა, კერძოდ, საუბარი იყო ყაზახურ ბუნებრივ აირზე, თუმცა მთავრობა ნაკლებად ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ იგივე ყაზახური გაზი საქართველოში ”გაზპრომის” მეშვეობით უნდა შემოსულიყო. შესაბამისად, ყაზახური ”ცისფერი ოქროს” იმპორტის პირობა ჯერჯერობით ”ცისფერ ოცნებად” დარჩა. სამაგიეროდ, დაიძაბა სიტუაცია ”გაზპრომთან” და დაიკარგა დრო კონსტრუქციული მოლაპარაკებისათვის.

[გია ხუხაშვილის ხმა] ”საბოლოო ჯამში, დაიკარგა ძალიან დიდი დრო და ამ პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ ამ შემთხვევაში ”გაზპრომი” პოლიტიკურად საკმაოდ მოტივირებულია, სერიოზული კონსულტაციის გამართვის პირობებში შესაძლებელი იყო უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე დღეს მივიღეთ.”

გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ მთავრობას ჰქონდა რუსულ ენერგოგიგანტთან მომზადებული და კომპეტენტური დიალოგის რესურსი. მოლაპარაკებისას შესაძლებელი იყო უფრო ეფექტურად გამოეყენებინათ სომხეთში ტრანზიტის თემა, ასევე შეიძლებოდა რეალურად დაწყებულიყო მოლაპარაკება ”გაზპრომთან” გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რითაც დაინტერესებულია რუსული მხარე. ამის სანაცვლოდ, მთავრობა ამჟამად ულტიმატუმის ფორმით საუბრობს რუსეთიდან სომხეთისათვის მიწოდებული გაზის ტრანზიტის გაძვირებაზე და, რაც მთავარია, აქტიურად დაიწყეს მაგისტრალური გაზსადენის ”გაზპრომთან” ერთობლივი ექსპლუატაციისა და ერთობლივი საწარმოს შექმნის პერსპექტივის განხილვა, რასაც პრინციპულად ეწინააღმდეგება აშშ-ის ადმინისტრაცია და რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხს ეჭვქვეშ აყენებს. მოკლედ, ექსპერტების აზრით, ”გაზპრომთან” მოლაპარაკების რესურსი და დრო არსებობდა, მაგრამ იგი ვერ ან არ გამოვიყენეთ.
XS
SM
MD
LG