Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-უკრაინის ”გაზის ომმა” საქართველოს მთავრობის არაკომპეტენტურობა წარმოაჩინა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი გასულ კვირას რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტარიფთან დაკავშირებით მიღწეულმა შეთანხმებამ საქართველოსათვის რუსული ბუნებრივი აირის გაძვირების თემა კვლავ აქტუალური გახადა.

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ”გაზის ომმა” ასევე ნათლად წარმოაჩინა კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის დაბალი დონე, რითაც, ჩვენდა სამწუხაროდ, გამოირჩევა საქართველოს მთავრობა, თუნდაც იმავე უკრაინელი კოლეგებისაგან.

მიუხედავად იმისა, რომ სასტარტო პირობები საქართველოს, უკრაინასთან შედარებით, უკეთესი ჰქონდა და ის ტარიფიც, რაც ”გაზპრომმა” თბილისს შესთავაზა, უკრაინისათვის მისაწოდებელ გაზის ფასზე ორჯერ უფრო იაფი იყო, საბოლოოდ, კიევს 2006 წლიდან ბუნებრივი აირი საქართველოზე იაფი დაუჯდება. გასულ კვირას ამ თემას რესპუბლიკური პარტია გამოეხმაურა მწვავედ.

რესპუბლიკელები საქართველოს ხელისუფლებას "გაზპრომთან" მოლაპარაკებისას მის ხელთ არსებული მექანიზმების არასწორად გამოყენებაში ადანაშაულებენ. "გაზპრომთან" მოლაპარაკება უნდა დაწყებულიყო გაცილებით ადრე - მაშინ, როდესაც რუსეთიდან თავისი ენერგეტიკული პოლიტიკის ცვლილების თაობაზე პირველი სიგნალები წამოვიდა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მოატყუა ხალხი, როცა საქართველოში ყაზახური გაზის ალტერნატიულობაზე საუბრობდა, რადგან ყაზახეთსა და "გაზპრომს" შორის გაცილებით ადრე იყო დადებული ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, - მიაჩნია რესპუბლიკელ თინათინ ხიდაშელს:


[თინა ხიდაშელის ხმა] ”ჩვენი მთავრობა ეხუმრებოდა “გაზპრომს”, ნერვებს უშლიდა რუსეთს და შედეგად მივიღეთ ის, რომ ჩვენ გვაქვს მაღალი ტარიფი და უკრაინას, რომელმაც პირველი დღიდან დაიწყო მოლაპარაკება და საკუთარი ინტერესების ლობირება როგორც ევროკავშირში, რომელიც ასევე დაინტერესებული იყო ამ მოლაპარაკების შედეგებით, ასევე რუსეთთან, მათ მიიღეს გაცილებით უფრო უკეთესი პირობები.”(სტილი დაცულია)


რესპუბლიკელებისათვის ასევე მიუღებელია სუბსიდირების ის სქემა, რომელსაც ხელისუფლება გაზის გაზრდილი საფასურის დასაფარად სთავაზობს საზოგადოებას. 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ამ მიზნისათვის 35 მლნ.ლარს ითვალისწინებს, ანუ 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედ ტარიფსა და გაძვირებულ ფასს შორის სხვაობას ბიუჯეტი ყველასათვის თანაბრად დაფარავს. "ყველასათვის გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა საჭირო არ არის, ეს ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ფენებისათვის უნდა კეთდებოდეს, ისევე როგორც ელექტროენერგიის საფასურის გადახდაზე ხდებოდა," - აღნიშნავს თინა ხიდაშელი. მართლაც, რამდენიმე უცხოურ ორგანიზაციას საქართველოში უკვე მრავალი წელია აპრობირებული აქვს სქემა, რომლის მიხედვითაც ყველაზე გაჭირვებულ ფენას მიზნობრივად ეხმარება და რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ, შესაბამისი სურვილის არსებობის შემთხვევაში, თავისუფლად შეიძლებოდა ამ აპრობირებული ფორმულის გამოყენება, რაც კომპენსაციას გაცილებით რეალურს, გრძელვადიანსა და ეფექტურს გახდიდა.


ამასთან, ხელისუფლების დაპირება, რომ ამ სუბსიდიის წყალობით გაზის ტარიფის გაძვირებას მოსახლეობა ზამთრის სეზონზე ვერანაირად ვერ იგრძნობს, თვალებში ნაცრის შეყრაა, რადგან გაზი, როგორც სტრატეგიული პროდუქტი, გავლენას ახდენს სამომხმარებლო ფასებზე - შესაბამისად, მისი გაძვირება, შეუძლებელია, ისედაც ”დამძიმებული” სამომხმარებლო კალათის ფასების ზრდაზე არ აისახოს. ექსპერტი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის კომუნალურ გადასახადში ფასთა სხვაობას გარკვეული ვადით სახელმწიფო თავის თავზე აიღებს, იმასვე ვერ გააკეთებს და არც უნდა გააკეთოს სხვადასხვა დაწესებულებებისა და კომერციული ორგანიზაციებისათვის, რომლებიც გაზრდილ ტარიფს, ბუნებრივია, თავისი მომსახურებისა და პროდუქციის ფასში ჩადებენ:


[გია ხუხაშვილის ხმა] ”სუბსიდირება, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ჯერ ერთი, იმიტომ რომ ეს მხოლოდ დროის მოკლე პერიოდში გასტანს და, გარდა ამისა, ეს ვერანაირად ვერ შეაჩერებს ინფლაციურ პროცესს - ცხოვრება თავისთავად გაძვირდება. ის, რომ მოსახლეობა 2 თუ 3 თვის განმავლობაში არ გადაიხდის მეტს, ეს სრულიად არ ნიშნავს, რომ მას არ გაუძვირდება ცხოვრება, ანუ ის სხვაობა, რომელსაც ის არ გადაიხდის პირდაპირ გაზში, განსხვავების გადახდა მოუწევს თუნდაც პირველადი მოხმარების საგნებში. აქედან გამომდინარე, ეფექტი სუბსიდირების არ არის ის, რაზეც ჩვენ გვესაუბრებიან ამ შემთხვევაში.” (სტილი დაცულია)


გასულ კვირას რუსეთ-უკრაინას შორის დასრულებულმა ”გაზის ომმა”, მართლაც, ბევრი რამ გახადა ცხადი. მაგალითად, ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენს მთავრობას არ აღმოაჩნდა არც პოლიტიკური გამჭრიახობა და არც პროფესიონალიზმის სათანადო დონე ”გაზპრომთან” მოლაპარაკებისას; გამოჩნდა, რომ ხალხისათვის თვალებში ნაცრის შეყრას და ყაზახური იაფი გაზის თაობაზე მითებს მხოლოდ მცირეხნიანი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს; ასევე ცხადი გახდა, რომ რუსულ პოლიტიკურ ელიტასთან შეზრდილ სახელმწიფო კომპანიასთან ურთიერთობისას მხოლოდ შიდა პიარზე ორიენტირება და უაზრო აგრესია, საბოლოოდ, წაგებისათვის განწირული თამაშია.
XS
SM
MD
LG