Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

''ჰიუმან რაიტს უოჩის'' წლიური ანგარიში


ადამიანის უფლებების დამცველმა ცნობილმა ამერიკულმა ორგანიზაციამ, "ჰიუმან რაიტს უოჩმა" 18 იანვარს გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ.



ანგარიშში განსაკუთრებული ყურაღდება ექცევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე მდგომარეობის გაუარესებას თავად შეერთებულ შტატებში. ასევე გაკრიტიკებულია ევროპის ქვეყნები, რომლებიც წაუყრუებენ ადამიანის უფლებების დარღვევებს რუსეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

რამდენადაც პარადოქსულად უნდა მოეჩვენოს ზოგს, საუბარს დავიწყებთ შეერთებული შტატებით, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიული ფასეულობების ერთ-ერთ მთავარ დამცველად ითვლება.

"ჰიუმან რაიტს უოჩი" უკვე მეხუთე წელია მწვავედ აკრიტიკებს შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში გამოყენებული მეთოდებისთვის. ანგარიშის ყურადღების ცენტრშია ავღანეთში პატიმართა მიმარ მოპყრობა, ერაყი, გუანტანამოს საპრყობილე და საიდუმლო სატუსაღოები.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" თანახმად, შეერთებული შტატები შეგნებულად მიმართავს ტერორიზმში ეჭვმიტანილთა მიმართ აკრძალულ მეთოდებს.

ორგანიზაციის დირექტორის, კენეთ როთის აზრით, ეს ძირს უთხრის ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

[როთის ხმა] "შეერთებული შტატების მიერ ადამიანის უფლებების უგულებელყოფა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით უკიდურესად კონტრპროდუქტიულია თავად ტერორიზმის დასამარცხებლადაც. მან შეერთებულ შტატებს მაღალი მორალური პოზიცია დააკარგვინა. მან დათესა უკმაყოფილება, რაც იდეალურ პირობებს ქმნის ტერორისტების მომრავლებისთვის."

თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკლელანმა ოთხშაბათს უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სხვებზე ბევრად მეტს აკეთებს ადამიანის უფლებების სფეროში.

"ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში გაკრიტიკებულია ევროპის სახელმწიფოებიც. კენეთ როთმა ჩვენს რადიოსთან საუბარში განმარტა, რომ ევროპის კავშირის ქვეყნები ადამიანის უფლებებს ჩრდილში აყენებენ ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობაში, როგორებიცაა რუსეთი, ჩინეთი და საუდის არაბეთი.

რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევა საგანგებოდ არის წარმოდგენილი "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშში. განსაკუთრებით გამოყოფილია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობაში სულ უფრო მეტად მზარდი ავტორიტარიზმი.

მწავავედ არის გაკრიტიკებული უზბეკეთი. ავტორი ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას "კატასტროფულს" უწოდებს და შენიშნავს, რომ გასულ წელს ანდიჟანში მომხდარი მოვლენების შემდეგ იგი კიდევ უფრო გაუარესდა. სხვათა შორის, უზბეკეთთან მიმართებაში მკაცრი პოზიციის დაკავებისთვის შექებულია ევროპის კავშირი, მაგრამ ეს ქება კრიტიკასაც შეიცავს: ავტორი შენიშნავს, რომ ევროპის კავშირის მხრიდან ეს პირველი ასეთი რეაქციაა.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა, ჩამოთვლილია აგრეთვე სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო, ყაზახეთი, სერბია და ჩერნოგორია, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უკრაინა.

საქართველოზე უფრო დაწვრილებით შევჩერდებით. "ჰიუმან რაიტს უოჩის" ანგარიშის თანახმად, 2005 წელს საქართველოს მთავრობა თავის ამბიციურ რეფორმებს ხშირად ატარებდა ფართო და ღია კონსულტაციების გარეშე, მოუმზადებლად. ამის შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევები მრავალ სფეროში გამოუვლენელი დარჩა, რაც აგრძელებს წინა მთავრობის დროინდელ მოდელებს.

ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რელიგიური და პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს. მედიის თაობაზე ნათქვამია, რომ იგი შედარებით თავისუფალია, მაგრამ გასულ წელს ნაკლებ კრიტიკული გახდა. არის მასზე მთავრობის გავლენის გაზრდის ნიშნები. "ჰიუმან რაიტს უოჩის" თანახმად, მიუხედავად მთელი რიგი გაუმჯობესებებისა, კვლავაც ყურადღების ცენტრშია წამება.

მიუხედავად ამ კრიტიკული შენიშვნებისა, ანგარიშით უკმაყოფილოა ადამიანის უფლებათა დამცველი, ნანა კაკაბაძე, რომლის აზრით, ანგარიშში ერთობ შერბილებულად არის წარმოდგენილი საქართველოში არსებული ვითარება.

იხ. აუდიოვერსია.

ეს გახლდათ ნანა კაკაბაძე, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას, "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამინის უფლებებისთვის."
XS
SM
MD
LG