Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტები შიშობენ, რომ ირანული გაზის იმპორტით საქართველო ”ცეცხლს ეთამაშება”


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საქართველოს ხელისუფლება ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად ალტერნატიულ წყაროებს ეძებს.

ერთ-ერთ ასეთ ალტერნატივად გასული კვირის ბოლოს 2 მილიონი კუბური მეტრი ირანული გაზის მიღების შესაძლებლობა დასახელდა. ამის შესახებ ირანთან მემორანდუმიც გაფორმდა. ენერგეტიკის მინისტრის ნიკოლოზ გილაურის ინფორმაციით, ირანიდან გაზის მიღების ტექნიკური პროცედურა შემდეგნაირი იქნება: 2 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ირანი აზერბაიჯანს მიაწვდის, თავის მხრივ, აზერბაიჯანი საქართველოსთვის, ამჟამად გამოყოფილი 2,5 მილიონი კუბური მეტრის გარდა, დამატებით 2 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გამოყოფს.

ამ შეთანხმებას საქართველოს ხელისუფლება გამოეხმაურა და ირანული გაზის იმპორტის შესაძლებლობა რუსული ბუნებრივი აირის ერთ-ერთ ალტერნატივად დასახელდა.

ხელისუფლების ამ განცხადებებმა ანალიტიკოსებს აფიქრებინა, რომ საქმე მხოლოდ ენერგეტიკულ პრობლემასთან არ უნდა გვქონდეს და, ირანთან თუნდაც ამ სფეროში თანამშრომლობის მზადყოფნით, საქართველო აშკარად გარკვეულ პოლიტიკურ მინიშნებებს უნდა აკეთებდეს. 2 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იმდენად მცირე ოდენობაა, რომ ის ენერგოდეფიციტს ვერ აღმოფხვრის, ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების გაღიზიანება კი შეიძლება გამოიწვიოს. ბევრი ანალიტიკოსი ამას მეტად სახიფათო თამაშად აღიქვამს, ნაწილი კი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამით ცდილობს თავისი სტრატეგიული პარტნიორები აიძულოს, ვთქვათ, უფრო აგრესიულად ჩაერიონ გაყინული კონფლიქტების დარეგულირებაში. ამას კი პოლიტიკურ ენაზე, უბრალოდ, შანტაჟი ჰქვია, რაც მაინცდამაინც მორალურ ჟესტად არ არის მიჩნეული. ექსპერტი გია ხუხაშვილი კი შიშობს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ეშმაკური ჩანაფიქრის ნაცვლად, შესაძლოა, რუსულ პოლიტიკურ ხაფანგთან გვქონდეს საქმე:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”მე ვშიშობ კიდევ ერთ რამეს: ის პროცესები, რაც დღეს ვითარდება ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში, ხომ არ არის კარგად დადგმული სცენარი, გათამაშებული რუსეთისა და ირანის მიერ, ანუ რუსეთი ჩვენ შეგნებულად ხომ არ გვიბიძგებს ირანის მიმართულებით, იმისათვის რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს ამ ბლოკმა. დასამალი არ არის, რომ იმავე ენერგეტიკულ სექტორში და თუნდაც ინფრასტრუქტურულ ენერგომატარებლების ტრანსპორტირების პროექტებში რუსეთი და ირანი ძალიან კარგად თანამშრომლობენ. აქედან გამომდინარე, აქ შეიძლება იყოს ძალიან ღრმა თამაში, რომელიც ჩვენ შეგვიქმნის გარკვეულ პრობლემებს, თუნდაც ჩვენი მომავალი განვითარების ვექტორის მიმართულებით.”

საინტერესოა, რომ 2 მილიონი კუბური მეტრი გაზი საქართველოს ენერგომომარაგებისათვის ვერანაირად ვერ ჩაითვლება ”გაზპრომის” ბუნებრივი აირის სრულფასოვან ალტერნატივად და ჩვენ, გვინდა თუ არა, ჯერჯერობით რუსულ მომწოდებელზე ვართ დამოკიდებული. ამ სიტუაციაში ხელისუფლების პირველი პირების მიერ არადიპლომატიური ლექსიკის გამოყენებით გაკეთებული გადამეტებულად მძაფრი კომენტარები, მიუხედავად იმისა, რომ გაზისა და ელექტროენერგიის მოწოდებაში შექმნილ სიტუაციაზე პასუხისმგებელი, უდავოდ, რუსული მხარეა და დიპლომატიური პრინციპულობა მის მიმართ დიახაც უნდა დაფიქსირებულიყო, გია ხუხაშვილის აზრით, რეალურად ”პიარ-ესკალაციას” უფრო ჰგავდა, ვიდრე მდგომარეობის სწრაფად გამოსწორებისათვის გადადგმულ პრაგმატულ ნაბიჯს:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”სამწუხაროდ, ჩვენთან როდესაც ხდება პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, პრაგმატული მიზანშეწონილობა არ არის ყოველთვის მთავარი მოტივაცია ამა თუ იმ გადაწყვეტილებაში. ხშირ შემთხვევაში გარკვეული პიარ-კამპანიის ჩატარების წყურვილი აჭარბებს ქვეყნის რეალურ მოთხოვნილებებს. მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზუსტად ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და შეიძლება ამაში იყოს სხვა პოლიტიკური მოტივიც, გარკვეული პოლიტიკური ძალების მოტივაცია, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღეს მტრის ხატის შექმნა რუსეთისგან გარკვეულ შიდა პრობლემებს გადაიყვანს უკანა პლანზე და ამიტომ ეს ”პიარ-ესკალაცია” ადამიანებს დაავიწყებს პრობლემებს.”(სტილი დაცულია)

თუმცა ვერანაირმა ”პიარ-ესკალაციამ” ვერ შენიღბა ის პრობლემები, რომლებიც გასულ კვირას კლიმატურმა პირობებმა, ”ჩრდილოელი მეზობლის” არცთუ მეზობლურმა ჟესტმა და ფორსმაჟორულ სიტუაციაში ხელისუფლების საკმაოდ დაბნეულმა მოქმედებამ გათოშილი და ჩაბნელებული ქვეყნის წინაშე დააყენა.
XS
SM
MD
LG