Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ არის რთული ყოფილი დიქტატორების გასამართლება?


სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო პროცესი თითქმის ოთხი წელი გრძელდება. ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის სასამართლო პროცესი

რამდენჯერმე გადაიდო და ბევრი შიშობს, რომ ისიც გაიწელება დროში.

როგორც გამოცდილება აჩვენებს, სახელმწიფოს მეთაურთა გასამართლება მართლაც არ არის იოლი საქმე. ხანგრძლივი სასამართლო პროცედურების გარდა საქმე ხშირად ეხება უხერხულ დიპლომატიურ საკითხებს და პოლიტიკურ ნებას.

მართალია, ასეთი სასამართლო პროცესების წარმართვა ძნელია, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულში თავად სასამართლო პროცესთა რიცხვმა იმატა და ეს უკვე კარგი ნიშანია.

ყველაზე სწრაფი იყო რუანდის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ჟან კამბანდას სასამართლო პროცესი. იგი 1997 წელს დააპატიმრეს და გაეროს მიერ დანიშნულმა სასამართლომ 2000 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა გენოციდის ბრალდებით.

მაგრამ სხვა ვითარებაა სხვა პროცესებში. იუგოსლავიის ყოფილი ლიდერის, სლობოდან მილოშევიჩის სასამართლო ოთხი წელია გრძელდება.

მის პროცესში საქმეს ართულებს ის გარემოება, რომ იგი თავად იცავს თავს. ამავე დროს ის ფაქტიც, რომ პროცესზე სამი ბრალდება ერთადაა წარმოდგენილი. ეს პროცესის ძალზე გახანგრძლივებას უწყობს ხელს.

ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის სასამართლო კვირას უნდა განახლებულიყო, მაგრამ კვლავ გადაიდო რამდენიმე დღით. ეს პროცესი საერთოდ დიდი დაბრკოლებებით მიმდინარეობს.

ერთ-ერთი დიდი პრობლემაა მტკიცებულების არქონა, ვინაიდან სადამ ჰუსეინის მიერ გაცემული ბრძანებები ხშირ შემთხვევაში დოკუმენტირებული არ არის.

ხელისშემშლელი ფაქტორია ის, რომ თავად სასამართლოს ლეგიტიმურობის საკითხი არ არის მთლად ნათელი და სადამი და მისი ვექილები ამას კარგად იყენებენ.

"ჰუმან რაიტს უოჩის" საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა რიდ ბროდიმ ამასთან დაკავშირებით ჩვენს რადიოს უთხრა:

[ბროდის ხმა] "დანაშაულები, რომელთა ჩადენაშიც ედება ბრალი სადამ ჰუსეინს, ძალიან, ძალიან სერიოზულია. მის წინააღმდეგ მოიპოვება ძალიან, ძალიან ძლიერი საბუთები. სასამართლო პროცესი არაჩვეულებრივი საშუალებაა საიმისოდ, რომ მსოფლიოს წარმოუდგინოს მისი რეჟიმის დროინდელი ბოროტმოქმედებები. ამის ნაცვლად, უხერხული ვითარებაა იმის გამო, თუ როგორ შეიქმნა ეს სასამართლო, და იმის გამო, რომ იგი არ მიიჩნევა მთლად დამოუკიდებლად. სადამ ჰუსეინი ყოველივე ამას თავის სასარგებლოდ იყენებს."

გარდა ამისა, სადამის პროცესში სირთულეს ქმნის სასამართლო პროცედურის პრობლემები. სადამის დაცვიდან სულ ცოტა ორი ადამიანი იქნა მოკლული. კიდევ ერთს, ამერიკელ რამსეი კლარკს, დეკემბერში არ მიეცა სასამართლოს წინაშე ნორმალურად გამოსვლის საშუალება არაბულის არცოდნის გამო.

კლარკმა სასამართლოზე დაიჩივლა, რომ სანამ დაცვის უსაფრთხოება გარანტირებული არ არის, შეუძლებელია პროცესის ობიექტურად წარმართვა.

დღეს მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნის ყოფილი ლიდერების გასამართლებას ცდილობენ, მაგრამ შესაძლოა ისინიც გაჭიანურდეს სხვადასხვა მიზეზით. მათ შორის არიან ჩილეს ყოფილი დიქტატორი აუგუსტო პინოჩეტი, პერუს ყოფილი პრეზიდენტი ალბერტო ფუხიმორი, ლიბერიის ექს-დიქტატორი ჩარლზ ტეილორი და ჩადის ყოფილი ლიდერი ჰისენ ჰაბრე.
XS
SM
MD
LG