Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფში: ''თუ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ, ცხადია, განზე დგომას არ ვაპირებთ''


მურატ ტემიროვი, პრაღა რადიო "თავისუფლების" ჩრდილოკავკასიურმა სამსახურმა 15 თებერვალს ინტერვიუ ჩამოართვა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშს.

ინტერვიუს ჩაწერის მომენტში საქართველოს პარლამენტს რუსი მშვიდობისდამცველების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ ჰქონდა მიღებული. გთავაზობთ ინტერვიუს ჩანაწერს:

პირველი შეკითხვა ეხებოდა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პარლამენტში სერგეი ბაღაფშის გამოსვლას, რომელშიც სოხუმის ხელისუფლების ლიდერმა განაცხადა, რომ აფხაზეთი გააგრძელებს რუსეთში ინტეგრაციას. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ბაღაფშს ჰკითხა, მოჰყვება თუ არა რუსეთში ინტეგრირების პროცესს ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა. სერგეი ბაღაფშის პასუხი ასეთი იყო:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] "არა, ეს რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ ნიშნავს. ეს ნიშნავს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტეგრაციას რუსეთის ეკონომიკაში, და რუსეთის ფედერაციის ინტეგრაციას აფხაზეთის ეკონომიკაში. ეს, უწინარესად, ყველა სფეროში ინვესტიციების ჩადებას, და აფხაზეთში რუსეთის, და არა მარტო რუსეთის, კაპიტალის მოსვლას ნიშნავს. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვადასტურებ, რომ აფხაზეთი ევროპის ყველა ქვეყნისთვის ღიაა. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი ეკონომიკური პროექტი განვიხილოთ, თუ ეს რესპუბლიკის ინტერესებისთვის სასარგებლოა, განურჩევლად იმისა, რომელი ქვეყნიდან მოდის ეს პროექტი. სამწუხაროდ, ომის შემდგომი 13 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის გარდა, ამ კუთხით ჩვენთან მუშაობა არავის სურს. მთავარი საკითხი უცვლელია – და ეს დღესაც გავიმეორეთ - 1999 წელს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ხალხმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკას ".

სერგეი ბაღაფშისადმი რადიო "თავისუფლების" შემდეგი შეკითხვა ეხებოდა სამხრეთი ოსეთის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე პროცესებს, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას რეგიონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანის თაობაზე, და იმ შედეგებს, რომლებიც ამ გადაწყვეტილებას ქართულ-აფხაზურ კონფლიქტთან მიმართებით შეიძლება მოჰყვეს:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] "ვფიქრობ, რომ თუ საქართველოს პარლამენტი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ძირეულად შეცვლის სიტუაციას როგორც ქართულ-ოსური, ისე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონებში. იმიტომ, რომ მშვიდობისდამცველები არიან ის ერთადერთი ძალა, რომელიც ომების შემდგომ ვითარებაში მშვიდობას ინარჩუნებს. ამიტომ მშვიდობისდამცველების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან დასაწყისია სერიოზული კონფლიქტისა საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს, და საქართველოსა და აფხაზეთს შორის".

ამის შემდეგ, რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა სერგეი ბაღაფშს ჰკითხა, ეთანხმება თუ არა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების ინიციატივას, კონფლიქტის ზონებში რუსი მშვიდობისდამცველები სხვა ქვეყნების სამშვიდობო ძალებმა შეცვალონ:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] "ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით, რადგან როცა ომი ახალი დამთავრებული იყო და ურთულესი ვითარება იყო შექმნილი... ეს რუსეთის მშვიდობისდამცველები არ არიან, ისინი დსთ-ის ძალებს წარმოადგენენ. თუმცა რუსეთის გარდა, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მშვიდობისდამცველები დსთ-ის წევრ არცერთ ქვეყანას არ გამოუგზავნია. უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც ისინი აქ იმყოფებიან. ამ ხნის მანძილზე კონფლიქტის ზონაში მათ ასამდე ადამიანი მოუკლეს – რადგან ქართული მხარე უწინაც აწყობდა და ახლაც განაგრძობს პროვოკაციებს მშვიდობისდამცველებთან, და მშვიდობიან მოსახლეობასთან მიმართებით. ამიტომ აფხაზეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აქ რაიმე სხვა ძალის შემოყვანას".

ბოლო შეკითხვა, რომლითაც სერგეი ბაღაფშს რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა მიმართა, ეხებოდა ორ თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს - შორის 15 თებერვალს რატიფიცირებულ შეთანხმებას მეგობრობისა და თანამშრობლობის თაობაზე. კერძოდ, გულისხმობს თუ არა ეს შეთანხმება, რომ თუ ცხინვალის რეგიონში სიტუაცია დაიძაბა და საქმე შეიარაღებულ კონფლიქტამდე მივიდა, ამას აფხაზეთის მხრიდან რაიმე მოქმედება მოყვება. პასუხი ასეთი იყო:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] "დღეს რატიფიცირებული შეთანხმება ერთმნიშვნელოვნად მშვიდობიანია. საუბარია იმაზე, რომ ჩვენს შორის მოხდება შემოქმედებითი კოლექტივების, სპორტული გუნდების გაცვლა; რომ ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით ეკონომიკურ განვითარებაში, გვექნება სტუდენტების გაცვლა, ისინი ჩვენთან ჩამოვლენ დასასვენებლად, ჩვენ - მათთან ჩავალთ; რომ ის ძმური ურთიერთობები, რომლებიც ყოველთვის არსებობდა სამხრეთელ ოსებთან, ოსებთან და ჩრდილოეთი კავკასიის რესპუბლიკებთან, მომავალშიც გაგრძელდება. მაგრამ თუ სამხრეთ ოსეთში კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ, ცხადია, განზე დგომას არ ვაპირებთ".
XS
SM
MD
LG