Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის პრესას ამჯერად ცოტა განსხვავებულად მიმოვიხილავთ. თუ აქამდე ვცდილობდით


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის პრესას ამჯერად ცოტა განსხვავებულად მიმოვიხილავთ. თუ აქამდე ვცდილობდით, თემატური მრავალფეროვნება წარმოგვეჩინა ან, პირიქით,

მოგვენიშნა, რა იყო კვირის მთავარი თემა ქართულ გაზეთებში, დღეს აღვნიშნავთ კვირის ძირითად ტენდენციას პრესაში და ზოგიერთ პუბლიკაციას, რომელშიც ამ ტენდენციამ იჩინა თავი.

ძირითადი ტენდენციის აღსანიშნავად კი ტერმინს სამხედრო სფეროდან გამოვიხმობთ: ეს იყო მასირებული შეტევა ხელისუფლების წინააღმდეგ. არ დარჩა გაზეთი, - ყოველდღიური, ყოველკვირეული თუ კვირაში 3-4 დღეს გამომავალი, - რომელიც ამ შეტევაში არ ჩაბმულა. კონტექსტი უთქმელადაც გასაგებია: სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და შემდგომი ფაქტები პლუს სალარო აპარატების საკითხი. დასარწმუნებლად რამდენიმე სტატიის ჯერ მხოლოდ სათაურს შეგახსენებთ: ”ჯორზე შემჯდარი ხელისუფლება. ეს ყველაფერი, ალბათ, ისევე დამთავრდება, როგორც დაიწყო - რევოლუციით,” - წერდა კვირის დასაწყისში გაზეთი ”ახალი ვერსია”. ”უნდა დაიწყოს 1992 წლიდან მოქმედი დანაშაულებრივი და მანკიერი სისტემის დემონტაჟი. საზოგადოებრივ აზრს ხელისუფლება ნაწილ-ნაწილ უთმობს,” - აღნიშნავდა გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. ”ნუ გვაიძულებს სააკაშვილი, მისი გადადგომა მოვითხოვოთ,” - ეს უკვე ”ახალი თაობიდან” გახლავთ, რომლის ჟურნალისტიც ვანო მერაბიშვილს ”მკვლელების მინისტრს” უწოდებს. ”ოპოზიცია ასიათასიან აქციას გეგმავს. არ დაიღალოთ! არ შედრკეთ! არ გაიყიდოთ და გამარჯვება ჩვენი იქნება!” - აუწყებდა მკითხველს ”რეზონანსის” პირველი გვერდი. “მოვაჭრეებს - სალარო აპარატები, დეპუტატებს - ახალი მანქანები. პარლამენტი საკუთარი კომფორტისათვის ნახევარ მილიონ ლარს დახარჯავს. გა-და-დე-ქი!!!” - ამას ”ალიაში” ამოიკითხავდით. ”მინისტრი სამარცხვინო ბოძზე. კანონი კრძალავს, მაგრამ კანონი ხელისუფლებას ფეხებზე ჰკიდია,” - სხვა გაზეთებს ხმას უერთებდა ”ახალი 7 დღე”. წლების მანძილზე ნებისმიერი ხელისუფლებისადმი ყველაზე ლოიალური გაზეთი, ”საქართველოს რესპუბლიკაც” კი, ღაღადებდა: ”ამ დღეებში ზურაბ ნოღაიდელს, ვანო მერაბიშვილსა და გელა ბეჟუაშვილს გადააყენებენ. სიცოცხლის სიგნალი საქართველოში”.

ცხადია, ისეც არ არის საქმე, რომ პრესას გასულ კვირაში სხვა არაფერი ახსოვდა, ხელისუფლებაზე მიტანილი იერიშის გარდა. იგივე ”რეზონანსი”, მაგალითად, ცდილობდა გაერკვია, იქცევა თუ არა საქართველო გაზის ექსპორტიორ ქვეყნად. გაზეთი წერს, რომ რუსთავთან ახლოს, კუმისის საბადოში, წლის ბოლომდე ბურღვითი სამუშაოები დაიწყება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, აქვს თუ არა საქართველოს შანსი, ისარგებლოს საკუთარი გაზით. სამუშაოებს კომპანია ”კანარგო” განახორციელებს. გაბედულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის პროგნოზი. ნიკა გილაურის თქმით, პირველ წელს საქართველო ამ საბადოდან, სავარაუდოდ, 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს, მეორე წელს კი - 2,5 მილიარდს. საქართველოში გაზის წლიური მოხმარება 2,2 მილიარდი კუბური მეტრია. პირველ წელს 1000 კუბური მეტრი აირი 55 დოლარი ეღირება, შემდეგ ფასი ნელ-ნელა გაიზრდება, - განაცხადა ნიკა გილაურმა.

დარჩენილ დროში შევეხოთ შაბათის, 18 მარტის, ქართულ გაზეთებსაც. ”24 საათი” წერს რესტიტუციის კანონზე, რომლის შესახებ წლების მანძილზე ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსები და არასამთავრობო აქტივისტები. გაზეთი ირწმუნება, რომ რესტიტუცია პრაქტიკულად ხორციელდება, ანუ უახლოეს მომავალში მოხდება ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში შეიარაღებული კონფლიქტისას დაზარალებულთა ქონებრივი და საკუთრების უფლებების აღდგენა. გარდა ამისა, სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას, დაზარალებულებს მორალური ზიანიც აუნაზღაუროს. სახელმწიფო მათ, ეროვნების მიუხედავად, დარღვეულ უფლებებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღუდგენს, ვკითხულობთ “24 საათში”.

18 მარტის ”ხვალინდელი დღის” ერთი პუბლიკაციაც ეროვნული უმცირესობისადმი - ამჯერად აზერბაიჯანელებისადმი - საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკას ეხება. სტატია გამოხატავს აზერბაიჯანელთა ნაციონალური ასამბლეის პოზიციას. ეს ორგანიზცია საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული უმცირესობებისადმი აგრესიული პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს. ასამბლეის თავმჯდომარე დაშტინ გიულმამედოვი აცხადებს, რომ საქართველოს არაქართველი მოსახლეობისათვის საქართველოში - საკუთარ სამშობლოში - ცხოვრება აუტანელი გახდა. მიზეზად მოჰყავს ის, რომ ქვეყნის ძალოვანი სამსახურები უკანონოდ აპატიმრებენ, აშინებენ და დევნიან ეთნიკურ აზერბაიჯანელებს. სახელმწიფომ დახურა ათობით აზერბაიჯანული სკოლა. მიწები გაუნაწილეს მხოლოდ ქართველებს. “ხვალინდელი დღის” ეს სტატია მხოლოდ ერთ, ხსენებული ასამბლეის, შეფასებას წარუდგენს მკითხველს.
XS
SM
MD
LG