Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესის მიმოხილვა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირა, წინა კვირათაგან განსხვავებით, დაცლილი იყო მოვლენების ნაჭარბევი სიმძაფრით აღქმისაგან.

ალბათ იმიტომაც, რომ თვით მოვლენები არ ყოფილა ძალიან ხმაურიანი. არ გაუმართავთ აქციები, არ მომხდარა მკვლელობა, სკანდალურიც არაფერი ყოფილა. სხვაზე მეტი რეზონანსი ჰქონდა ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვას რუსეთში და ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში.

”მსოფლიო მაშინ ენდობა ქართულ ღვინოს, როცა მას ჯერ ქართველები ვენდობით”, წერდა, მაგალითად, გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. გაზეთში წაიკითხავდით, რომ ღვინის ხარისხის სერტიფიცირების სანდო სისტემა საქართველოში არ არსებობს იმიტომ, რომ ფალსიფიკაციის პირობებში ფინანსური ინტერესები მეტად სერიოზულია. ამ მოსაზრებას ეხმიანებოდა სახელმწიფო მინისტრის, კახა ბენდუქიძის სიტყვები, რომ რაც დღეს ხდება, გარკვეულწილად ქართველი მეწარმეების ბრალიც არის. მათ თავის დროზე არ იზრუნეს და სხვა ბაზრებზე ეფექტური გასვლა ვერ მოახერხეს. საქარველო ღვინოს ისევ საბჭოთა კავშირში ყიდის” (ციტატის დასასრული). აქვეა ვარაუდი, რომ რუსეთში იმპორტის უფლება, შესაძლოა, შეზღუდული რაოდენობის მარკის ღვინოებმა მოიპოვონ.

ვარდების რევოლუციიდან რაც მეტი დრო გადის, ქართულ პრესაში მით უფრო ხშირად ჩნდება წერილები ხელისუფლების შიგნით ძალთა განაწილება-დაჯგუფების შესახებ. გაზეთი ”რეზონანსი” ყურადღებას მიაპყრობდა საპარლამენტო უმრავლესობის წიაღში სხვადასხვა ბანაკის არსებობას და აღნიშნავდა: ”მაია ნადირაძე სხვა გავლენიანი ფიგურების ჩდილში მოექცა. უმრავლესობის ლიდერმა ცოტა ხნის წინ კობა ბექაური მის წინააღმდეგ კომპრომატების შეგროვებაში დაადანაშაულა. ამის გამო ნადირაძეს გაურთულდა ურთიერთობა ბექაურის თანამებრძოლებთან, მათ შორის დავით კირკიტაძესთან. სამაგიეროდ, საკმაოდ გაიმყარა პოზიციები ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა. ამბობენ, მაჭავარიანი ცალკეულ კანონპროექტებთან დაკავშირებით იღებს ყურმილს და პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდებაო. ვიცე-სპიკერი მხოლოდ სააკაშვილისგან თანხმობის მიღების შემთხვევაში აყენებს საქმის კურსში სპიკერ ბურჯანაძეს” - ასეთ ამბებს ვიგებთ ”რეზონანსიდან”.

გაზეთი ”24 საათი” კი გასულ კვირაში არკვევდა, თუ რას ეტყვის ომბუდსმენი პარლამენტს. საქმე ეხება სახალხო დამცველის მოხსენებას, რომლითაც ის წელიწადში ორჯერ უნდა წარდგეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. გაზეთი წერს, რომ ანგარიშში პატიმართა ცემა-წამების ათზე მეტი ფაქტი მოხვდა. რელიგია და ეთნიკური უმცირესობები, ჯარი და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და დეპუტატ გელაშვილის ცემის ფაქტი - ესაა საკითხები, რომლებზეც სახალხო დამცველი პარლამენტარების წინაშე ისაუბრებს. მოხსენების სიახლე იქნება ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და აქცენტები პაციენტების უფლებებზე, რაც, შესაძლოა, აქტუალური არ არის, მაგრამ ძალიან პრობლემურია”, წერდა ”24 საათი”.

გადავხედოთ შაბათის, 8 აპრილის პრესასაც. "ახალი თაობა" წერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა იმ მოთხოვნებზე, რომლებიც ახალ რექტორს, გიორგი ხუბიას წარუდგინეს: დაინერგოს აკადემიური მობილობა, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება, სტუდენტებთან შეთანხმდეს სასწავლო პროგრამები, შეიქმნას თითოეულ ფაკულტეტზე სპეციალიზებული ბიბლიოთეკა, ადეკვატურად ანაზღაურდეს აკადემიური პერსონალის საქმიანობა, გაიმართოს ღია დისკუსია რეფორმის ძირითად მიმართულებაზე, უნივერსიტეტში დაინერგოს ფინანსების გამჭვირვალე მართვა, შეიქმნას სოციალურად დაუცველ სტუდენტთა ხელშეწყობის სქემა, სტუდქალაქში ცხოვრების ნორმალური პირობები, ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი სტუდენტური თვითმმართველობა. სტუდენტები ითხოვენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვასაც.

გაზეთი ”ალია” წერს მისთვის ცოტა უჩვეულო თემაზე, სახელდობრ, სოფლის მეურნეობის პრობლემებზე: არკვევს, რატომ ღატაკდებიან მეგრელი გლეხები? სოფლის მეურნეთა მძიმე სოციალური მდგომარეობის მიზეზებად გაზეთი ასახელებს მოძველებულ, კომუნისტების დროინდელ ტექნიკას, უსახსრობას ახალი ტექნიკის შესაძენად. დაბალი მოსავლიანობა იმით აიხსნება, რომ არ ხდეება ჯიშების სელექცია და მათი გადახალისება. გლეხებს სჭირდებათ ახალ-ახალი ინფორმაცია, რა ხერხებით მიიღონ მეტი მოსავალი. ადრე ამ ფუნქციას აგრონომი ასრულებდა, ახლა - არავინ. "ალია" ცდილობს, განჭვრიტოს პოზიტიური პერსპექტივა მემცენარეობაშიც და მეცხოველეობაშიც. გაზეთი გვთავაზობს პროგნოზს, რომ გაუმჯობესებას 4-5 წელი მაინც დასჭირდება.
XS
SM
MD
LG